მიზანდასახული ადამიანები ხშირად აკვირდებიან წარმატებული ადამიანების წარმატების ფორმულას. განიხილავენ მათ ისტორიებს, განვლილ გზას, აკეთებენ ანალიზს და ცდილობენ საკუთარი ფორმულის შექმნას. რამდენიმე კვირის წინ, Forward-ში ტონი შეის წარმატების ანატომიის განხილვას 2 დღე დაეთმო.
ტონი შეი ლეგენდარული Zappos-ის დამაარსებელია. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა – 3866-ვე თანამშრომელი იყოს კმაყოფილი სამუშაო პროცესით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საკმაოდ დიდი კაპიტალისა, ტონი ამჟამად ტრაილერში ცხოვრობს, რომლის საცხოვრებელი ფართი 19 კვადრატული მეტრია. სამწუხაროდ, მის ისტორიას ისე გაშლილად და იმავე ემოციით ვერ გიამბობთ, როგორიც ცოცხალი შეხვედრისას იყო შესაძლებელი, სამაგიეროდ, გთავაზობთ მის საინტერესო გამონათქვამებს:
ნუ გაეკიდები ფულს, გაეკიდე შთაგონებას.
სიტუაცია არასოდეს არის ისეთი ცუდი ან კარგი, როგორიც ჩანს.
გახსნილი, გულახდილი კომუნიკაცია ურთიერთობის საუკეთესო დასაწყისია, მაგრამ გახსოვდეს, დღის ბოლოს ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა თქვი, ან რა მოიმოქმედე, არამედ ის, როგორ აგრძნობინე თავი სხვა ადამიანებს.
კლიენტის მომსახურებისთვის მხოლოდ ერთი განყოფილება არ კმარა, ამაზე კომპანიის ყველა დეპარტამენტი უნდა ზრუნავდეს.
შექმენი სწორი კულტურა კომპანიაში და დანარჩენი ბუნებრივად დალაგდება.
სიტყვა “ლიდერთან” ძალიან ვფრთხილობ. ესაა მისცე საშუალება ადამიანებს, აკეთონ ის, რაც მოსწონთ და შთააგონებთ და სწორად მიმართო მათი მუშაობა.
გავაკეთე ჩემი ბედნიერი მომენტების სია და მივხვდი, რომ არცერთი მათგანი ფულს არ უკავშირდება. გავაანალიზე, რომ რაიმეს შექმნა და შემოქმედებითი მუშაობა მაბედნიერებს.
მოტივაციასა და შთაგონებას შორის დიდი სხვაობაა. შთააგონე ადამიანები ღირებულებებით და მოტივაცია თავის თავს თვითონ მიხედავს.
ზოგჯერ ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს $2000-ს, რომ არ იმუშავონ ჩვენთან. ვინც მაინც რჩება, არის კიდეც კომპანიის კულტურისათვის შესაფერისი ადამიანი.
იყავი მართალი საკუთარ თავთან. თუ ამ პრინციპს მიყვები, გაგიადვილდება გადაწყვეტილებების მიღება.
არასოდეს დათანხმდე სტატუს-კვოს. კომპანიები, რომლებიც პრობლემებს აწყდებიან სწორედ ის კომპანიებია, რომლებსაც არ შეუძლიათ მოქნილი ადაპტაცია სიახლეების მიმართ.
მჯერა, რომ ყველასა და ყველაფერში შეიძლება იპოვო საინტერესო, მთავარია, მიაგნო.
ვფიქრობ, რომ სოციუმმა და კულტურამ ზედმეტად გამოგვირეცხა ტვინი, რადგან მოვეშვით ფიქრს და უბრალოდ ჩავთვალეთ, რომ მეტი ფული მეტი წარმატებისა და ბედნიერების ტოლფასია. სინამდვილეში, ბედნიერება უბრალოდ სიცოცხლით ტკბობაა.