თუკი დაწერილი ტექსტი ვიზუალურად მოგეწონათ, ეს ტიპოგრაფიკის დამსახურებაა. ტიპოგრაფიკის დიზაინი ტექსტის ესთეტიკაზეა პასუხისმგებელი. მისი დახმარებით აღვიქვამთ დიზაინის ელემენტის აზრს, საუბრის ტონსა და ხასიათს. სწორად შერჩეული შრიფტი დაბეჭდილ ტექსტს მკითხველისთვის სასიამოვნო საკითხავად აქცევს. ჩვენ დავინტერესდით გამოცდილ დიზაინერებს ვკითხეთ – რომელ ქართული ფონტს უნდა მოვუყაროთ თავი ჩვენს არსენალში? აკაკი რაზმაძე კომუნიკაციების დიზაინერია. მის მიერ შექმნილი შრიფტი iOS 13-ისა და Android 10.0-ის ოპერაციულ სისტემებში გამოიყენება. მანვე გააციფრულა პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნის შრიფტი და არაერთი სხვა შრიფტის ავტორია. ია დარახველიძე დიზაინ სტუდია BRID-ის დამფუძნებელი და არტ-დირექტორია. მისი ფუტურისტული ნამუშევარი ქართული კონკურსის კონკურს ქართული „ა“-ს გამარჯვებული გახდა. მარკეტერის მკითხველი კარგად იცნობს გრაფიკოს დიზაინერ ლაშა გიორგაძესაც, რომელიც არაერთი ფონტის ავტორია. აი, თითოეული მათგანის რჩეული ათი ქართული შრიფტი, რომელიც ყველა გრაფიკოს დიზაინერს უნდა ჰქონდეს.

აკაკი რაზმაძე: „იმის გამო, რომ სრულყოფილი ქართული შრიფტების დიდი არჩევანი არაა, დიზაინერებს ხშირად უწევთ არჩევანი გააკეთონ არა ვიზუალის, არამედ ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე. არის ხოლმე შემთხვევები, როცა დიზაინი რამდენიმე ენაზე კეთდება. ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ტექსტი ერთი და იმავე ხასიათითა და ჟღერადობით იყოს წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის ეძებენ შრიფს, რომელიც არაერთ დამწერლობას შეიცავს. ასევე, დიზაინის შემქნის პროცესში დგება იმ ტიპის შრიფტების საჭიროება, რომელიც შეიცავს ე.წ. განსხვავებულ წონებს (Light, Regular და Bold-ს რასაც ვეძახით). სამწუხაროდ, დიდი არჩევანი ამ მხრივაც არ არის.
ჩვენს რეალობაში შედარებით მრავალფეროვანია მხატვრული შრიფტები, რომლებიც იშვიათ შემთხვევაში, კონკრეტულ დიზაინზე შესაძლოა, გამოდგეს, თუმცა დიზაინერები მათ ვერ ბევრ სიტუაციაში ვერ იყენებენ, ამ მიმართულებას Display კატეგორიის შრიფტებს ეძახიან. შესაძლოა, მათ მრავალფეროვანი წონები და სტილი არც ქონდეთ. აქედან გამომდინარე, თანემედროვე დიზაინში მათი გამოყენება რთულად წარმოსადგენია.
რაც შეეხება იმ შრიფტებს რომელიც უფრო სადა, მარტივი და თანამედროვე ვიზუალის არიან, მათ text შრიფტებს ვეძახით. კარგ შემთხვევაში, მათ შეიძლება ჰქონდეთ ბევრი განსხვავებული სტილი, წონის, სიგანის თუ სხვა მოდიფიკაციის კუთხით. დიზაინერებს ეს ძალიან უადვილებს საქმეს. ხშირ შემთხვევაში, ამგვარი შრიფტები კარგად მორგებადი და ნებისმიერი ტიპის დიზაინზე მარტივად თავსებადია“.
FiraGo
ეს შრიფტი, ბოლო პერიოდში, ხშირად გამოიყენება სხვადასხვა დიზაინში, ამაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ ის უფასო ლიცენზიით ვრცელდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს შრიფტი შეიცავს უამრავ ვერსიას, ყველაზე თხელი შტრიხით დაწყებული, ყველაზე სქელ ვერსიებამდე. ყველა მათგანის შემთხვევაში, არსებობს უამრავი დამწერლობა და არამხოლოდ ქართული.
Noto Sans Georgian
ეს არის Google-ს პროექტი რომელზე მუშაობაც 10 წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არაა დასრულებული. შრიფტი შეიცავს ყველა დამწერლობას, რაც კი როდისმე არსებულა ან დღს არსებობს ჩვენს სამყაროში. ამ შრიფტსაც აქვს უამრავი წონა და სიგანეების მიხედვით განსხვავებული ვერსიებიც.
Noto Serif Georgian
ეს იგივე ნოტოს პროექტია, თუმცა ამ შემთხვევაში, სერიფ ფორმები გვხვდება – შედარებით კლასიკური და კონტრასტული შტრიხის ფიგურები, რომლებსაც დაბოლოებებში დეკორატიული ელემენტები ახასიათებთ.
Neue Helvetica
ჰელვეტიცა არის კლასიკა, რომელსაც ბევრი განმარტება არ სჭირდება. დიზაინ სამყარო ამ შრიფტის გარეშე, დღეს, წარმოუდგენელია და მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლიდან მისი ქართული ვერსიაც არსებობს.
Sabon
საბონი არის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი შრიფტი საქართველოში, რომელსაც კლასიკური სერიფ ფორმები ახასიათებს. ის, ასევე, შეიცავს ე.წ. ნამდვილ Italic ვერსიებს და კლასიკური ტიპის დიზაინებისთვისაა განკუთვნილი.
November
ეს არის ერთ-ერთი ნიდერლანდური კომპანიის შრიფტი და ქართულ ნაწილსაც შეიცავს. ის საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება და აქვს ბევრი განსხვავებული ვერსია. მისი გამოყენება შეიძლება, როგორც მოცულობით ტექსტებში, ასევე, სასათაურედ.
Neue Frutiger
ადრიან ფრუტიგერის ამ ცნობილი შრიფტის ქართული ვერსია კარგად ჯდება ტრადიცულ ქართულ ტიპოგრაფიაში, აქვს მარტივი, კლასიკური ფორმები და არაერთი წონა.
Venuri
ეს არის შრიფტი რომელიც 1860-იან წლებში შეიქმნა და კომპიუტერების შემოსვლამდე პრაქტიკულად შეიცვლელი შრიფტი იყო, მისი რამდენიმე კომპიუტერული ვერსიაც არის გავრცელებული, რომლის გამოყენებაც კლასიკურ დიზაინებზე შეიძება.
Dejavu Sans
ამ შრიფტის ქართული ვერსია საკმაოდ კარგად გამოიყურება და დიდიხანის განმავლობაში ძალიან პოპულარული იყო განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში, ეკრანულ გამოსახულებებზე, რადგან ძველი სისტემებიც კი კარგად ასახავდნენ ეკრანულ გამოსახულებებზე.
Kolkheti
მიუხედავად იმისა, რომ 1970-იან წლებში შექმნილი ამ შრიფტის სრულყოფილი ციფრული ვერსია დღეს არ არსებობს, მისი არაერთი ვარიანტი გამოიყენება დღეს სტამბებში, მოცულობითი ტექსტებისთვის, გამოიყურება ძლიან მარტივად და ადვილად იკითხება.

ია დარახველიძე: „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი, განსხვავებული ხასიათის ფონტის ქონა, რადგან ვთვლი, რომ დიზაინერს ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარება და საშუალებას აძლევს სწორად შეარჩიოს დიზაინთან შესაფერისი შრიფტი. ესენი კი, ჩემი ფავორიტი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფონტების ჩამონათვალია. კითხვაზე, თუ რატომაა ისინი ჩემი ფავორიტი, გეტყვით, რომ ესთეთიკის ჩემეულ აღქმას და დიზაინის დღევანდელ ტენდენციებს ორგანულად ერწყმის. ვფიქრობ, ახლანდელი ვიზუალური ესთეტიკა თანამედროვე ხედვას მოითხოვს და ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია მეტი დიზაინერის ჩართულობა ფონტების შექმნაში, რათა დღევანდელ ტენდენციებზე მორგებული მეტი შრიფტი შეიქმნას.“
გიზიარებთ ია დარახველიძის რჩეულ ფონტებს:

ლაშა გიორგაძე: „ეს ათი ფონტი გარკვეული პრინციპით შევარჩიე. ვეცადე ერთმანეთისგან განსხვავებული შრიფტები შემერჩია. ყველა ეს ფონტი უფასოა, გამოყენება ავტორთან შეთანხმებითაა შესაძლებელი. ქვემოთ მოცემულიდან, პირველი ორი საკითხავი ვრცელი ტექსტებისთვისაა. მომდევნო ოთხი სათაურებისთვის, პოსტერებისა და იმ მოკლე ტექსტებისთვის, რაც დიდი ზომით იბეჭდება. ბოლო სამი – უფრო გასაფორმებელი დანიშნულებისთვისაა, მაგალითად, მოსაწვევებისთვის.“
ლაშა გიორგაძის რჩევით, ეს თქვენს არსენალში ათი ქართული შრიფტი აუცილებლად უნდა იყოს:
პირველი ფონტი Fira Go, ვფიქრობ ყველა დიზაინერმა იცის – აქვს ბევრნაირი სისქე/წონა და ვერსია (მთავრული, მხედრული…), შეიცავს ყველა სიმბოლოს, კომფორტულია დიდი ტექსტებისთვის და ტექსტის აკრეფისას პრობლემას არ ქმნის.
მეორე ფონტი არის Serif ფონტი. ინგლისურში აქტიურად გამოიყენება. ვფიქრობ, დიდი ტექსტებისთვის მისი გამოყენება შეიძლება.
ტექსტისთვის მესამე ფონტის გამოყენებაც შეიძლება, თუმცა ჩახუჭუჭებული ფორმების გამო, წიგნისთვის ნაკლებად გამოდგება.
მეოთხე ფონტი სათაურებისა და პოსტერებისთვის შედარებით განსხვავებული ალტერნატივისთვის შევქმენი. მომდევნო სამი ფონტიც ერთიმეორის მსგავსია, თუმცა სტილი მაინც განსხვავებული აქვთ.
ბოლო სამი ფონტი უფრო დეკორატიული დანიშნულებისაა. ამავდროულად, ერთმანეთისგან განსხვავდება და თემატურად შეიძლება მათი გამოყენება.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი