სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კანის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქრო ქართულმა გუნდმა მოიპოვა, გიორგი აბულაძისა და ლუკა მოსიაშვილის შემადგენლობით. ახლა კი, დროა, გავიგოთ, კონკრეტულად რას ეხებოდა გამარჯვებულების ვიდეორგოლი და გავეცნოთ ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელ ნამუშევრებსაც.
ოქრო – Life In a Picture (საქართველო)
გიორგიმ და ლუკამ სანაპირო საგამოფენო სივრცედ აქციეს, სადაც წყალზე თვალის დევნება ხელოვნების ნიმუშის შესწავლასთან არის გაიგივებული. ფილმის სიუჟეტი ზუსტად ამ იდეით იწყება. კადრში ჯერ წყალში მოთამაშე ბავშვი ჩნდება, კამერის უკან გადაწევით კი მის გარშემო მუზეუმის სტილის ჩარჩო და ნაპირიდან მეთვალყურე მამა ჩანს. ეს უჩვეულო ვიზუალური ენა მთელ სანაპიროზე ვრცელდება და მიზნად ისახავს, უმცირესი დეტალების შემჩნევა და სიფხიზლე თითოეული ადამიანის აქტიურ, გააზრებულ უნარად აქციოს.
კამპანიის მიღმა საკმაოდ მძიმე გლობალური გამოწვევა დგას – მსოფლიოში წყალში დახრჩობით ყოველწლიურად 300 000 ადამიანი იღუპება. ტრაგედიის მიზეზი კი ხშირად ახლობლების არყოფნა კი არა, მათი პასიური მზერაა, რადგან ბევრს უბრალო ფიზიკური სიახლოვე უსაფრთხოების მზა გარანტია ჰგონია. სტრატეგიის მთავარი მიზანი სწორედ მეთვალყურეობის რეფლექსად ქცევაა, რათა ადამიანებმა დროულად დაინახონ საფრთხე, მოიხმონ დახმარება და იმოქმედონ, რადგან ზოგიერთი რამ უბრალო გაელვებაზე ბევრად მეტს იმსახურებს – განსაკუთრებით მაშინ, როცა კადრში ადამიანის სიცოცხლეა. Cannes Lions-ის ცნობით, ეს ინიციატივა მხოლოდ ეკრანით არ შემოიფარგლება და მასშტაბურ პლატფორმად გარდაიქმნება, სადაც მუზეუმის ჩარჩოები რეალურ სანაპიროებზე, აუზებსა და საგანმანათლებლო სივრცეებში ფიზიკურ ინსტალაციებად გადაინაცვლებს.
ვერცხლი – Signs of drowning (ნორვეგია)
მთელ მსოფლიოში წყალზე არსებული უსაფრთხოების ნიშნები თითქმის იდენტურია და მათზე ყველგან ხელებაწეული ადამიანია გამოსახული, რომელიც თითქოს დახმარებას იხმობს. სინამდვილეში, ეს პროცესი სრულიად ჩუმად, ყოველგვარი დრამატული სცენებისა თუ ხმამაღალი ყვირილის გარეშე ხდება. სწორედ ამიტომ, ადამიანები ხშირად ვერც კი ამჩნევენ ტრაგედიას, რომელიც შესაძლოა მათ თვალწინ ხდებოდეს.
კამპანიის სტრატეგიაც სწორედ ამ ნაცნობი გაფრთხილების მძლავრ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად გადაქცევაა. ნაცნობი ვიზუალის სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით, ფილმი მოუწოდებს საზოგადოებას, ისწავლონ და სხვებსაც გაუზიარონ საფრთხის რეალური ნიშნები, რათა კრიტიკული მომენტი გვიანობამდე არ გამოეპაროთ. ამას გარდა, ეს ინიციატივა ადგილობრივ სამაშველო სამსახურებს, მაშველებსა და საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს მარტივ ვიზუალურ კონცეფციას, რომლის გამოყენება და დანერგვა ნებისმიერ სივრცეშია შესაძლებელი, სადაც წყლის უსაფრთხოება პრიორიტეტია.
ბრინჯაო – The Water Watcher (უნგრეთი)
ფილმის მთავარი გმირი სანაპიროზე დგას და მზერა წყლისკენ აქვს მიპყრობილი, როდესაც მის გარშემო უამრავი კომიკური თუ შემაწუხებელი მოვლენა ვითარდება: თავში პლაჟის ბურთი ხვდება, ნაყინი უდნება, ტელეფონი რეკავს, სახეში ქვიშა ეყრება და ბოლოს გაზიანი სასმელიც კი უფეთქდება. მიუხედავად ამ საოცარი ქაოსისა, ის წამითაც არ აშორებს თვალს ჰორიზონტს. მაყურებელი მხოლოდ ფინალურ კადრში, როდესაც კამერა გმირს ზურგიდან აჩვენებს, ხვდება, თუ რაზე იყო ის რეალურად ფოკუსირებული – წყლიდან მისკენ მორბენალ პატარა შვილებზე. სიუჟეტი მთავარი გზავნილით სრულდება, რომელიც მშობლებსა და ბავშვებზე პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებს, მზერა მუდმივად წყლისკენ ჰქონდეთ მიმართული.
კამპანიის სტრატეგია ეყრდნობა ინსაითს, რომ ფიზიკურად წყალთან ყოფნა ავტომატურად სიფხიზლეს არ ნიშნავს. იუმორის გამოყენებით, ფილმი აუდიტორიას აცნობს „წყლის გუშაგის“ (Water Watcher) პოზიტიურ სახეს – მშობელს, რომლის მშვიდი და მობილიზებული ყურადღებაც ტრაგედიას მანამ უშლის ხელს, სანამ გადარჩენის საჭიროება დადგება.
















