19
Nov
2019

ყველა დროის 5 საუკეთესო არქიტექტორი

19 Nov 2019

გიფიქრიათ, ქალაქის იერსახეს რამდენნაირი შენობა ქმნის? ან იმაზე თუ გიფიქრიათ, სხვადასხვა სტილის შენობა რომ სხვადასხვა არქიტექტორის შემოქმედების გაგრძელებაა? საუკუნეების განმავლობაში არქიტექტორობა სულ უფრო საინტერესო პროფესიად ყალიბდებოდა, რადგანაც არქიტექტორებს ნელ-ნელა ეძლეოდათ საშუალება, ინოვაციური შენობების ავტორები გამხდარიყვნენ. დღევანდელი გადასახედიდან, ძალიან ბევრი პიროვნება არსებობს, რომლებსაც საკუთარი არქიტექტურული სტილი ჩამოუყალიბებია, თუმცა, ამჯერად გადავწყვიტეთ, მათგან 5 საუკეთესოზე მოგიყვეთ..

Frank Lloyd Wright – ამერიკელი არქიტექტორი, რომელმაც 532 პროექტის ფარგლებში 1 114 სხვადასხვა სტილის შენობა ააგო. 7 ათწლეულის განმავლობაში იგი ერთ-ერთ ყველაზე ინოვატორ არქიტექტორად იწოდებოდა, რომელმაც შენების სტილის შეცვლით ადამიანების ცხოვრება შეცვალა. იგი არა მხოლოდ არქიტექტორი, არამედ ინტერიერის დიზაინერი, მწერალი და მასწავლებელიც იყო. მას სჯეროდა, იმგვარი შენობების, რომლებიც ადამიანთან და მის გარემოსთან ჰარმონიაში იქნებოდა და სწორედ ამ ხედვის ფარგლებში ჩამოაყალიბა ფილოსოფია, სახელწოდებით ორგანული არქიტექტურა.

ფრანკი სწორედ მაშინ გამოვიდა არქიტექტურულ ასპარეზზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები არქიტექტურული იდენტობის პრობლემის წინაშე იდგა. ამერიკელების მაღალ ფენას ევროპული სტილის სახლები სურდა. თუმცა, ფრანკისთვის, არქიტექტორისთვის, რომელიც თვლიდა, რომ “არქიტექტურა ყველაზე დიდი ხელოვნებაა”, ევროპული სახლები მიუღებელი იყო. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მას თავისი ქვეყანა უყვარდა, უყვარდა მისი ხალხი, ლანდშაფტი, დემოკრატიული იდეალები და თვლიდა, რომ აქაურ არქიტექტურას ამერიკული სული უნდა აერეკლა. 

მან შექმნა შენობათა ახლებური ფორმები, რათა ეს სტილი ამერიკისთვის უნიკალური გაეხადა. მისი დიზაინისა და განლაგების მეშვეობით ქალაქის მაცხოვრებლები ჰარმონიულად იყვნენ დაკავშირებულები. ფრანკი დიდ ყურადღებას აქცევდა ამერიკულ სახლებში სასადილო მაგიდებს, მუსიკის ოთახებს, ტერასებს..

Antoni Gaudí – ესპანელი არქიტექტორი, რომელსაც სწამდა, რომ არქიტექტურის არსი ბუნების წიაღში უნდა ვეძებოთ. მას ასევე სჯეროდა, რომ რაც ორიგინალურია, ისევ და ისევ პირველად, წარსულში წარმოშობილს უკავშირდება. მან უდიდესი გავლენა მოახდინა მოდერნისტი არქიტექტორების მომავალ თაობებზე. მისმა გენიამ შექმნა უნიკალური, პიროვნული და შეუდარებელი სტილი, რომელიც ეწინააღმდეგება ტიპურ კლასიფიკაციას.

ანტონი ბარსელონაში დაფუძნებული არქიტექტორი იყო, რომელმაც უდიდესი მნიშნვნელობის შენობები დაგვიტოვა. მათგან კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ “საგრადა ფამილია”, რომელიც ბარსელონაში ჩასული ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ასევე, ამ შენობების სიაშია “Casa Batllo”, რომელიც ბარსელონას ერთ-ერთ ულამაზეს შენობას წარმოადგენს.

Ludwig Mies van der Rohe – 1920-იანი წლების ინოვატორი არქიტექტორი, რომელიც “ბაუჰაუსის” – მოდერნისტული არქიტექტურის სკოლის ბოლო დირექტორი იყო. მოდერნიზმთან მებრძოლმა ნაციზმმა ბაუჰაუსის სკოლა დაკეტა. ლუდვიგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის არქიტექტურული სკოლის დირექტორად დაიწყო მუშაობა. იგი ცდილობდა, ახალი არქიტექტურული სტილი ჩამოეყალიბებინა, რომელიც თანამედროვე პერიოდის სულს აირეკლავდა, როგორც მაგალითად კლასიკურმა და გოთიკურმა სტილმა აირეკლეს შესაბამის პერიოდებში.

მან შექმნა ოცდამეერთე საუკუნისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი, რომლისთვისაც მაქსიმალური უბრალოება იყო დამახასიათებელი. ამისთვის მან გამოიყენა თანამედროვე მასალები, მაგალითად: ინდუსტრიული ფოლადი და მინის ფირფიტები. ამგვარად მინიმალური მიდგომებით მას სურდა, უფრო მეტი სივრცე გამოჩენილიყო მის შენობებში, რაც მისი აზრით თავისუფლების გამომხატველი იყო. ლუდვიგის ყველაზე ხშირად გამოყენებული გამონათქვამებია: “ნაკლები უფრო მეტია”, “ღმერთი დეტალებშია.”

Philip Johnson – არქიტექტორი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MOMA) არქიტექტურული დეპარტამენტის დირექტორი იყო და 1935 წლიდან ახლებური არქიტექტურული ტრენდების დამკვიდრებას შეუწყო ხელი. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც პრიცკერის პრემია (ერთ-ერთი პრესტიჟული არქიტექტურული პრიზი) მოიპოვა.

მისი ადრინდელი, თანამედროვე ნამუშევრებიდან დაწყებული, პოსტმოდერნულ შენობებამდე, ჯონსონმა განსაზღვრა მრავალი არქიტექტურული ტრენდი და ჩაუყარა საფუძველი არქიტექტურულ მოძრაობებს.

პროფესიით ფილოსოფოსი არქიტექტორის რეპუტაცია გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან საკუთარი სახლი დააპროექტა. მინის სახლი, ასე ეწოდება ფილიპ ჯონსონის სახლს, რომელიც 1949 წელს აშენდა. ესაა სახლი, რომელიც გამორჩეულია მისი მკაცრად მართკუთხა სტრუქტურისა და დიდი შუშის კედლების გამო. ასევე, ამ სახლში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი ზუსტ, მინიმალისტურ ესთეტიკასაც. ფილიპ ჯონსონი სწორედ აქედან გახდა პოპულარული და მას მერე მრავალი, მისთვის დამახასიათებელი სტილის შენობა შექმნა.

Ricardo Bofill – ესპანელი არქიტექტორი, რომელმაც პირველი არქიტექტურული პროექტი 17 წლის ასაკში შექმნა, ხოლო 23 წლისამ თავისი არქიტექტურული კომპანია დააარსა, საიდანაც მან 50 ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა. რიკარდო ბოფილი ცნობილია, როგორც პოსტმოდერნისტი არქიტექტორი.

მისი ფუტურისტული შენობები ორიგინალური ვიზუალით ხასიათდება. ყველაზე ხშირად მის ნაგებობებში ერთგვაროვან ფერებსა და კვადრატულ და მართკუთხა ფორმის მიშენებებს წააწყდებით – სწორედ ასე მიხვდებით, რომ კონკრეტული შენობა რიკარდო ბოფილისაა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რიკარდო ბოფილის ნამუშევრებში შედის პროექტის “მწვანე ქალაქი ლისზე” ერთ-ერთი შენობა, რაც ლოგიკურია, რომ საკმაოდ სასიხარულო ამბავია.

რუბრიკა “გარემოს” წარმდგენია “მწვანე ქალაქი ლისზე”.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა