16
Jan
2020

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

16 Jan 2020

World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო.

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი სარგებლისთვის, არამედ სერიოზული რისკების მოსაგვარებლად.”

მანამ, სანამ ამ რისკების ჩამოთვლაზე გადავიდოდეთ, კარგი იქნება, განვმარტოთ, გლობალური რისკი რას ნიშნავს – ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაიმე სახის ცუდი მოვლენა მსოფლიო მასშტაბით გავრცელდეს.

მსგავსი რისკების ზრდა წელს საკმაოდ მძიმედ ვიწვნიეთ, ამის კარგი მაგალითია ამაზონისა და ავსტრალიის ხანძრები, რასაც ისედაც შემცირებული ბიომრავალფეროვნების კიდევ უფრო შემცირება, ბუნებრივი რესურსების კლება, ადამიანთა საცხოვრებლების განადგურება და სხვა მრავალი პრობლემა მოჰყვა. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ეს პატარა ნაწილია იმისა, რა საფრთხის წინაშეც დედამიწა დგას. და თუ მსგავს ფაქტებს ტელევიზორის ეკრანიდან ვადევნებთ თვალს, დიდი შანსია, რომ ჩვენამდეც მოაღწიოს მან.

რისკთა სია, რომლებსაც 2020-ში და მის იქით უნდა ველოდოთ, ამგვარია:

1. ექსტრემალური ამინდი – რომელიც ზიანს მიაყენებს ქონებას, ინფრასტრუქტურასა და ადამიანის სიცოცხლეს.

2. მთავრობებისა და ბიზნესების მიერ კლიმატის ცვლილების პრობლემის შემსუბუქების შეუსრულებლობა.

3. ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები; გარემოს დანაშაული, თუნდაც, როგორიცაა ნავთობის დაღვრა და რადიოაქტიური დაბინძურება.

4. ბიომრავალფეროვნების დიდი დანაკარგი და ეკოსისტემის კოლაფსი გარემოზე შეუქცევადი შედეგებით, რის შედეგადაც მკვეთრად განადგურდება რესურსები, როგორც კაცობრიობისთვის, ისე ინდუსტრიებისათვის.

5. მნიშვნელოვანი სტიქიური უბედურებები, როგორიებიცაა მიწისძვრები, ცუნამი, ვულკანური ამოფრქვევები და ქარიშხალი.

World Economic Forum-ის მიერ ჩამოყალიბებული რისკები უკვე რეალური და ხელშესახებია. სამწუხაროა, თუმცა, მათ ნიშნებს ნამდვილად ვხედავთ დედამიწაზე. როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა განაცხადა, მართლაც საჭიროა მსოფლიო მთავრობები, ბიზნესები და ზოგადად, ინდივიდები დადგნენ ამ საფრთხეების პირისპირ და ერთად იზრუნონ მათ მოგვარებაზე.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა