გუშინ Microsoft-მა ყოველწლიური Build-ის დეველოპერთა კონფერენცია დაიწყო და ეს ამბავი კიდევ 3 დღე გაგრძელდება. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ ტრიალებდა… და თუ, კონკრეტულად, რა სიახლეების შესახებ განაცხადეს, ამაზე ქვემოთ მოგიყვებით:
- მულტი-აგენტური სისტემების შექმნა ახალი ტრენდი ხდება — ორგანიზაციები მალე მულტი-აგენტური სისტემების შექმნას Copilot Studio-ში შეძლებენ, სადაც აგენტები ერთმანეთს საქმეებს გადაუნაწილებენ. ამ აგენტების შექმნა, თავის მხრივ, Microsoft 365 Agent Builder-ის, Azure AI Agents Service-ისა და Azure Fabric-ის გამოყენებით არის შესაძლებელი. Copilot Studio-ში მულტი-აგენტური სისტემების შექმნის შესაძლებლობა ახლა სატესტო რეჟიმშია ჩაშვებული.
- NLWeb ვებგვერდების აგენტურ აპლიკაციებად გარდაქმნის საშუალებას გაძლევთ — Natural Language Web (NLWeb) Microsoft-ის მიერ შემუშავებული პროექტია, რათა ვებგვერდებისთვის ბუნებრივი ენის ინტერფეისი გაამარტივოს.
- GitHub Copilot უმჯობესდება — GitHub Coding Agent (Project Padawan) ახლა უკვე Copilot Enterprise-ისა და Copilot Pro+-ის ყველა მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. აგენტი საუკეთესოდ უმკლავდება დაბალი და საშუალო სირთულის ამოცანებს კარგად გამოცდილი კოდების ბაზებში, ფუნქციების დამატებაც შეუძლია, შეცდომების გამოსწორებაც ტესტირების დროს, კოდის რეფაქტორინგი და დოკუმენტაციების გაუმჯობესებაც.
- Copilot Studio-ს ბევრი პროფესიონალური ფუნქცია ემატება დეველოპერებისთვის — Microsoft-ს სურს, Copilot Studio პროფესიონალი დეველოპერების ხელსაწყოდ აქციოს, რომელთაც ძლიერი ინსტრუმენტები სჭირდებათ მეტად კომპლექსური აგენტების შესაქმნელად. ამიტომაც, მათთვის M365 Copilot API-ების ნაკრების წარდგენაზე მუშაობს. Foundry-სა და Copilot Studio-ს შორის არსებული ხარვეზის აღმოფხვრაზეც ზრუნავს Azure Foundry-ში Bring Your Own Models from Azure-ის დამატებით.
- აგენტების შესაქმნელად MCP პროტოკოლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება — ახლახან კომპანია Model Context Protocol (MCP) Steering Committee-ის შეუერთდა, რომელიც აერთიანებს MCP მხარდაჭერას GitHub-ში, Copilot Studio-ში, Dynamics 365-ში, Azure-ში, Azure AI Foundry-ში, Semantic Kernel-ში, Foundry Agents-სა და Windows 11-ში — „შეხედეთ MCP-ს, როგორც უნივერსალურ USB-C კონექტორს ხელოვნური ინტელექტისთვის, რომელიც აპლიკაციებს, აგენტებსა და ინსტრუმენტებს სტანდარტიზებული გზით აკავშირებს“.
- Windows 11 Copilot Runtime-ს სახელი შეუცვალეს და Windows AI Foundry დაარქვეს — AI Foundry ახლა Microsoft-ის ბრენდია Azure AI Foundry-ის ლოკალური პლატფორმის ვერსიებისთვის. მოდელის შერჩევის, ოპტიმიზაციის, დახვეწისა და დანერგვისთვისაა შექმნილი. კომპანია AI Foundry-ის ლოკალური ვერსიასაც გვაცნობს მაკისთვის და მათ ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.
- Microsoft ღია კოდით ავრცელებს Windows Subsystem-ს Linux-ისთვის (WSL) — უახლოეს კვირებში კი ღია კოდით კომპანია GitHub Copilot Chat Extension-საც გახდის ხელმისაწვდომს VSCode-ისთვის.
- Microsoft აფართოებს Entra-ს, Defender for Cloud-სა და Purview-ს მათი პირდაპირ Azure AI Foundry-სა და Copilot Studio-ში ჩასმით — რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისა და აგენტების დაცვაში განვითარების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
- SQL Server 2025 საჯაროდ ხდება ხელმისაწვდომი გადახედვის რეჟიმში — აქ მაიკროსოფტი AI-ის პირდაპირ მონაცემთა ბაზების ძრავებში ინტეგრაციაზე საუბრობს, რითაც „უფრო ინტელექტუალური ძიება“ გახდება შესაძლებელი. მას ვექტორული ძიების შესაძლებლობებიც აქვს ჩაშენებული.
- OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი და xAI-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ნადელას მთავარ გამოსვლაში გამოჩნდნენ — მასკმა Microsoft-ის მიერ Grok 3-ისა და Grok 3 Mini-ს Azure Foundry-ში განთავსებაზე ისაუბრა, ხოლო ალტმანმა OpenAI-ის კოდირების ახალი AI გენერატორი გააცნო დამსწრეებს.
სულ ეს იყო და თუ Microsoft Build 2025-ის სრულად ნახვა გსურთ, აქვე ვიდეოს დაგიტოვებთ: