in

ტოპ 5 სტარტაპი, რომელიც 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობას აგრძელებს

500 Startups-ის საქართველოში შემოსვლაზე, ჯერ კიდევ, თებერვლიდან ვსაუბრობთ. ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორი ჩვენს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოჩნდა. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტირება, დღესდღეობით კი მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება. ამოცანა თავიდანვე ნათელი იყო – პროექტის მთავარ მიზანს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება წარმოადგენდა. პირველი ნაკადის შესარჩევი ეტაპი უკვე დასრულდა. 500 Georgia-ს პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროგრამას სტარტაპების შემდეგი ტოპ 5-ეული გააგრძელებს: Phubber, Nextsale, Cargon, Cardeal, და Stack. 500 Startups აქსელერატორის მეორე ნაკადის აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო. საბოლოოდ, აქსელერაციის ორივე ნაკადიდან შერჩეული ტოპ 10-დან 2 რჩეული სტარტაპი ინვესტორებს საკუთარ პროექტს უკვე სილიკონ ველიზე წარუდგენს.

 

მოკლედ გაგაცნობთ 500 Georgia-ს ტოპ ხუთეულს.

Phubber. ესაა მობილური აპლიკაცია, სადაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი. აპლიკაციის იდეა არის ის, რომ ადამიანმა შეძლოს გაყიდოს ის სამოსი, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადა და აღარ სჭირდება, მეორე მხრივ კი, შეძლოს ასეთივე ნივთების შეძენა. Phubber ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ, სტარტაპმა, საერთო ჯამში, 1 მლნ ლარის მოცულობის კაპიტალი მიიზიდა. კომპანიას მიღებული აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გრანტი, 500 სტარტაპის აქსელერატორის ფარგლებში მიღებული ინვესტიცია, სტარტაპმა WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერისა და მეწილის ყურადღებაც მიიქცია.

გიორგი ჩუგოშვილი, Phubber-ის თანადამფუძნებელი: “500 Startup-ის შემდეგ ეტაპზე გადასვლა და ხუთეულში მოხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავდაპირველად, ასზე მეტმა კომპანიამ შემოიტანა განაცხადი აქსელერატორში და ეს ნიშნავს, რომ პირველი ნაკადის 5%-ში გავდივართ. ეს კი ნიშნავს, რომ Phubber საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, რადგან ესაა საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორი და რეგიონის სტარტაპებიც იღებენ მონაწილეობას, ერთ-ერთი ტოპ სტარტაპია და ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რადგან ამ საქმეში ჩვენმა გუნდმა ძალიან დიდი შრომა ჩადო. რა თქმა უნდა, მეორე კუთხით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტორების თვალში, Phubber-ის, როგორც სტარტაპისა და კარგი მომავლის მქონე კომპანიის პოტენციალი მნიშვნელოვნად ამაღლებულია, რაც სამომავლოდ უფრო გაგვიადვილებს ინვესტორებთან ურთიერთობას.

მეორე ნაკადის მიღება დაწყებულია და ყველა სტარტაპს აუცილებლად ვურჩევ, მიიღონ მონაწილეობა. ესაა საუკეთესო გამოცდილება, რაც შეიძლება მიიღონ, თანაც, ინვესტიციასაც ჩადებენ.”

Cardeal. ავტომობილის შეძენისას უამრავი კითხვა ჩნდება: ვის მივმართო? როგორ ავირიდო დამატებითი ხარჯვები თავიდან? როგორ მოვძებნო სანდო მომწოდებელი? როგორ დავრწმუნდე, რომ ავტომობილი ნამდვილად გამართულია? მანქანის შეძენით დაინტერესებული ადამიანები ინტერნეტში ადგილობრივ განცხადებებსაც ეცნობიან და საერთაშორისო აუქციონებზეც იძიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების ყიდვა-გაყიდვაში, დღესდღეობით, უამრავი ადამიანია ჩართული, ბევრისთვის სასურველი მანქანის შერჩევა, ჯერ კიდევ, სერიოზულ სირთულესთან და შიშთანაც კი ასოცირდება. პლატფორმა Cardeal მიზნად ისახავს, მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი სერვისი და მისცეს საშუალება შუამავლის გარეშე შეიძინოს სასურველი ტრანსპორტი. პორტალზე, მანქანასთან ერთად, მომხმარებელს საშუალება აქვს ყველა საჭირო სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს.

ბაკურიძე ზურა, Cardeal-ის დირექტორი: “აქსელერაციის პროგრამის პირველი ფაზა გულისხმობდა მენტორების მხრიდან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას; მეორე ეტაპი იყო უკვე ნასწავლის ჩვენ რეალურ პრობლემებზე აპლიკაცია; პროგრამის დაწყებიდან დღემდე რამოდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს რამდენიმე მიმართულებით, რის საფუძველზეც მოვხდით გამარჯვებულ ხუთეულში; აქსელერაციის ეს ფაზა, რომელსაც Growth Intense ჰქვია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგაც ჩვენ ვიწყებთ უკვე ზრდის და განვითარების ტემპის აჩქარებას, რაც ჩვენ სტარტაპისთვის დღეს მთავარი გამოწვევაა.”

Stack. “სთექი” ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის. კომპანიამ 2018 წლის ნოემბერში დაიწყო ოპერირება და ამ დროისთვის, აქტიური მომხმარებლები ჰყავს ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპიდან. 2019 წლის დასაწყისში, სთექმა პირველი დაფინანსება მოიპოვა GITA-ს თანადაფინანსების გრანტის სახით, რასაც მოყვა დაინტერესება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური ჟურნალისგან – TechCrunch. ჟურნალმა სთექი, 15,000 სტარტაპს შორის, წლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დამწყებ ბიზნესად დაასახელა. 2019 წლის ივლისში, ავსტრიულ-ამერიკულმა სტარტაპ აქსელერატორმა 360Lab, რომელიც ევროპის 5 საუკეთესო სტარტაპ აქსელერატორში შედის, 936 სტარტაპიდან 5 კომპანია შეარჩია, რომელთა შორის იყო Stack-იც.

გიორგი ლალიაშვილი, Stack-ის თანადამფუძნებელი: “ჩვენთვის ხუთეულში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამის ფარგლებში ვიძენთ აუცილებელ ცოდნას და ვიღებთ უდიდეს მხარდაჭერას მენტორებისგან, კომპანიის სწრაფი და სწორი განვითარებისთვის. პარალელურად, ხუთეულში მოხვედრა ჩვენთვის ნიშნავს, რომ 500სტარტაპი ხედავს ჩვენში გლობალურ მასშტაბზე წარმატების პოტენციალს, რაც გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა.”

Cargon. სახმელეთო გზით ტვირთის გადაზიდვა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. „სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებულმა კომპანია „კარგონმა” ამ საკითხის მოგვარება ინოვაციური პროექტითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით გადაწყვიტა. კარგონი წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ტვირთის გამგზავნ კომპანიებსა და გადამზიდს ერთმანეთთან, სტანდარტიზირებული და გამჭვირვალე გადაზიდვის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.

ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი: “500 სტარტაპის ხუთეულში მოხვედრა მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის. პირველ რიგში, “კარგონს” ეძლევა შანსი, მოხვდეს იმ 2 კომპანიას შორის, რომელიც სილიკონ ველიზე გაემგზავრება. ასევე, გვეძლევა შანსი, ჩვენი სერვისი კიდევ უფრო განვითარდეს და დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ, საერთაშორისო ბაზრებისთვის.”

Nextsale. ინტერნეტში ელექტრონული კომერციის მიმართულებით მილიონობით ვებგვერდს ნახავთ. ეს პლატფორმები ყოველდღიურად ახლდება. მსხვილი ვებგვერდები, დღის მანძილზე, ათასობით პროდუქტს ყიდიან. თუმცა, ახალი პლატფორმებისთვის ეს არც ისე მარტივი ამოცანაა. Nextsale კომპლექსური გადაწყვეტილებაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ნახონ, რამდენად დატვირთულია თქვენი ვებგვერდი და მათ ბოლოს გაკეთებული შენაძენების შესახებ ინფორმაციას ანონიმურად აჩვენებს. ამას გარდა, ის უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტს, რათა კატალოგი სწრაფად განახლდეს.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ანიმატორთან“ ერთად, ანიმაციური ვიდეორგოლი – „საქართველო – მუზეუმი“ შექმნა

“საქმეზე დილის ხუთზე გავდიოდით და Mao-ს კურიერებიც ჩვენ ვიყავით…”