in

ზედმეტი პოზიტიურობა ტოქსიკურია

M2
M2

ადამიანთა უმეტესობა ცდილობს, მუდმივი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს, მაგრამ ცუდი დღეები ყველას აქვს… ბევრი ჩვენგანი ცდილობს, ეს ნეგატიური ემოციები საგულდაგულოდ დამალოს, რათა მათი არსებობაც კი ვერ შეამჩნიონ გარშემომყოფებმა. მიუხედავად იმისა, რომ საგნების პოზიტიური პერსპექტივიდან შეხედვა შესანიშნავია, უარყოფითი განცდების სრულად ჩახშობა, არასწორი და საზიანოა.

მიეცით საკუთარ თავს უფლება, გქონდეთ ცუდი დღე, თუ ეს გამართლებულია.

ყოველთვის მხოლოდ ნათელი მხრის ყურება ტოქსიკურ მოცემულობაში გადადის. როდესაც საკუთარ თავს ემოციების გადამუშავების შესაძლებლობას არ აძლევთ, ისინი არაცნობიერში ილექება და საბოლოოდ სხვა გზით ვლინდება — ხშირად ბევრად დამანგრევლითაც კი.

ტაბიტა კირკლანდის, ფსიქოლოგისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორის თქმით, „ტოქსიკური პოზიტიურობა არის საკუთარ ან სხვის ტანჯვაზე რეაგირების საშუალება, რომელიც თანაგრძნობის ნაკლებობით ვლინდება. ის უარყოფს ემოციებს იმის ნაცვლად, რომ აღიაროს და აღმოფხვრას“.

ამასთან, ოპტიმიზმსა და უარყოფას შორის აშკარა განსხვავებაა. ოპტიმიზმი სასარგებლო თვისებაა, მაგრამ თუ ის უკონტროლო გახდა, დიდი ალბათობით, რეალობის უარყოფას გამოიწვევს. მაგალითად, როცა კომპანიაში რაღაც ცუდი ხდება, თანამშრომლები ლიდერისგან მოელიან როგორც იმედისმომცემ განწყობას, ისე ვითარების გულწრფელად შეფასებას. ამიტომაც, გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორები ხელმძღვანელობენ ავთენტურობით და არა პოზიტიურობით.

„მხოლოდ ნათელ მხარეს შეხედე“

თუ ვინმე პრობლემის შესახებ გიამბობთ, მიიღეთ მისი ემოციები. შესაძლოა, თქვენგან გამოსავლის პოვნას სულაც არ ეძებდნენ და უბრალოდ გულის გადაშლა სურდეთ — „ყველაფერი კარგად იქნება“ ფრაზით კი უბრალოდ უგულებელყოფთ ავთენტურ განცდებს, რაც ძალიან საზიანოა.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელსაც შეუძლია მავნე ფრაზები სასარგებლოდ აქციოს. იმის ნაცვლად, რომ თქვათ „არა უშავს!“ ან „დადებითად შეხედე“, ეს ვერსიები სცადეთ: „ვიცი, ძნელია“ ან „ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გადატანა გიწევს“. დიახ, ასეთი მცირე ცვლილებაც კი ეფექტურად მოქმედებს.

იყო პოზიტიური ადამიანი არ ნიშნავს იმას, რომ არასოდეს განიცადო სხვადასხვა ნეგატიური ემოცია. ჯანსაღი სამუშაო გარემოც ამ განცდების მრავალფეროვან მიღებას მოიცავს. მართალია, ნეგატიურმა ემოციებმა შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს, განსაკუთრებით სამსახურში, მაგრამ თუ საკუთარ თავს ან თქვენს კოლეგებს ამის უფლებას მისცემთ, შეგიძლიათ განიკურნოთ და წინ წახვიდეთ.

გააცნობიერეთ, რომ ყველას გვაქვს ცუდი დღეები

კორპორატიული კულტურის არსებობით, რომელსაც ეს ესმის, შეგიძლიათ ადამიანებს გულწრფელობის უფლება მისცეთ. ბოლო რამდენიმე წელი რთული იყო. პანდემიის ფონზე ბევრი ადამიანი განიცდის შფოთვას, სტრესს და დეპრესიას. იმის აღიარებამ, რომ ცხოვრება რთულია, შეიძლება ადამიანებს ბრძოლის ძალა მისცეს.

ბევრს სჯერა პოზიტიურობის ძალის, მაგრამ ნეგატიური გრძნობების დამუშავებაც საჭიროა. შემდეგ ჯერზე, როცა ვიღაც თავის პრობლემაზე დაგელაპარაკებათ, ცდუნებას გაუძელით არ თქვათ „შეიძლება უარესიც მომხდარიყო!“ ამის ნაცვლად, უთხარით: „ძალიან რთულად ჟღერს. როგორ შემიძლია დაგეხმარო?“

როგორ განვითარდა სასწრაფო დახმარების მანქანები ისტორიის მანძილზე

TKT.GE-ზე მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების შეძენას შეძლებთ