თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ ქართველ პიანისტად აღიარებული ლექსო თორაძის მუსიკალური მოღვაწეობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაა ცნობილი. თავის დროზე პიანისტმა მოცარტის, ჩაიკოვსკის, ლისტის და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით გაითქვა სახელი, წლების განმავლობაში კი აშშ-ში საშემსრულებლო და პედაგოგიური საქმიანობით მოღვაწეობდა.
„თორაძის საერთაშორისო ფესტივალი“ სწორედ ლეგენდარული მუსიკოსის, ლექსო თორაძის სახელს უკავშირდება, რომელიც საქართველოში წელს პირველად იმართება. ფესტივალი 30 მაისს დაიწყო და 7 ივნისის ჩათვლით კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ვირტუოზებისა და ცნობილი ქართველი შემსრულებლების შემოქმედებით გაანებივრებს. ამას გარდა, ფესტივალი ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების გამოვლენასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„თორაძის ფონდთან“ არსებული ფესტივალის დაარსების იდეა ლექსო თორაძის დას, ნინო თორაძეს ეკუთვნის. ამ ამბის სულისჩამდგმელები კი არიან ფონდი „ქართული გალობა” და საინვესტიციო ჯგუფის „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ერთ-ერთი დამფუძნებელი – ნათია ჩხარტიშვილი. „ქართული გალობა“ საინვესტიციო ჯგუფთან ერთად უკვე მრავალი წელია, რაც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას უწევს პარტნიორობას, რადგან ხელოვნების სფეროს მხარდაჭერა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია მათთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
„ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, ვიყოთ თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის წარმდგენები. ფასდაუდებელია იმ კულტურული მონაპოვრის გაზიარება, რაც ლექსო თორაძემ ჩვენი ქვეყნისთვის და მუსიკალური სამყაროსთვის შექმნა. ამ ფესტივალით საუკეთესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი“, – განაცხადა ფონდი „ქართული გალობის” დამფუძნებელმა, ნანა გოთუამ.
ფესტივალი 30 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმოდ გაიხსნა. საერთო ჯამში კი ის ოთხ სხვადასხვა ლოკაციას მოიცავს და განსხვავებული ეროვნების, მიმდინარეობისა თუ თაობის მუსიკოსებს გააერთიანებს. ეს იქნება როგორც კლასიკური, ისე ფოლკლორული მუსიკის შერწყმა. მუსიკალურ საღამოებში მონაწილეობას ისეთი საერთაშორისო დონის შემსრულებლები მიიღებენ, როგორებიც არიან: გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ინსტრუმენტული შესრულებისთვის, მაქსიმ ვენგეროვი, ამერიკაში მოღვაწე ვირტუოზი პიანისტი, სერგეი ბაბაიანი და სხვები. ქართველი შემსრულებლებიდან კი მაყურებლის წინაშე წარდგებიან ნიკოლოზ რაჭველი, ირმა სვანაძე, ანსამბლი „ბასიანი”, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე და სხვები. სრული სიის ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე, ბილეთები კი TKT-ზეა.
შეგახსენებთ, რომ თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს წარმოგიდგენთ „თორაძის ფონდი“, „ფონდი ქართული გალობა“, „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – ნათია ჩხარტიშვილი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
[R]