in

„მუსიკით გამოვხატავ იმას, ვინ ვარ და როგორ ვარ” – თორნიკე გაგოშვილი

„Listen to your heart, your heart, your heart” – ეს ფრაზა ერთხელ მაინც თუ მოგისმენიათ ამავე სახელწოდების სიმღერაში, აღარასოდეს დაგავიწყდებათ და ყველა გახსენებაზე წაიმღერებთ. მსმენელებს ხომ ხშირად გვამახსოვრდება მთავარი ფრაზები სიმღერებიდან და თუ მელოდიაც ხელს უწყობს, აკვიატება გარანტირებული გვაქვს. 

თავის დროზე, პირველად რომ მოვისმინე, ასე ამეკვიატა მეც ეს სიმღერა, რომელსაც ჯერ ჩვენს მკითხველს გავუზიარებ, შემდეგ კი უკვე მის ავტორთან ინტერვიუსაც შევთავაზებ.

თორნიკე გაგოშვილი:

მუსიკასთან პირველ კავშირზე მახსენდება დედა, რომელიც დარბაზში აკრობატებს ავარჯიშებდა. ფონად სულ მუსიკა იყო ხოლმე ჩართული და ვუსმენდი…

მეორე განსაკუთრებული მომენტი მახსოვს ჩემი დაბადების დღე, რომელზეც მეგობარმა მაჩუქა აუდიოკასეტა და წამიყვანა როკკონცერტზე, სადაც ქართული ჯგუფები უკრავდნენ. ეს ის პერიოდია, როცა მუსიკით უკვე განსაკუთრებულად ვიყავი დაინტერესებული და ძიების პროცესიც დაწყებული მქონდა…

მესამე მომენტი მახსოვს ის, რომ ჩემს სოფელში, ბაზალეთზე მაჩუქეს Nirvana-ს კასეტა. მაშინ ალბათ 13-14 წლის ვიყავი და ვუსმენდი უფრო 60-70-იანი წლების როკს, ამიტომ, სიმართლე ვთქვა, ეს კასეტა ჩემთვის რაღაცნაირად, არ იყო თავიდან საინტერესო და ცოტა ცინიკურად ვუყურებდი ამ მუსიკას. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მაინც გადავწყვიტე, ჩამერთო და დღემდე მახსოვს ეგ შეგრძნება, როგორ მომეწონა…

M: თორნიკე, ის თუ გახსოვს, როდის დაიწყე დაკვრა?

სულ ვუკრავდი და ვსწავლობდი, ხან მარტო, ხან მეგობრებთან ერთად. პირველად რომ დავუკარი, იმის შემდეგ სულ ვიცოდი, რომ მორჩა, ვუკრავ, რადგან მუსიკის მიმართ არასოდეს, არცერთ ეტაპზე არ მქონდა არასერიოზული დამოკიდებულება.

არასდროს მქონია მომენტი, რომ სპეციალურად დავჯექი დასაკრავად იმ აზრით, რომ „ახლა მე, გინდა თუ არა, უნდა დავუკრა”…ყოველთვის თავისით მოდიოდა მელოდიები და ახლაც ასეა.

M: თუ გყავს ფავორიტი არტისტი, რომელიც გამორჩეულად გიყვარს და რატომ?

ნირვანა და კურტ კობეინი იმიტომ მიყვარდა და ვაფასებ დღემდე, რომ გამოცლილი იყო ყოველგვარი სიპრიალისგან და Fake rockstar-ობისგან. ტექსტებიც და მუსიკაც, იდეურად ძალიან ღრმა არის. 

ჩემი გემოვნება ორ ნაწილად იყოფა და მეორე არის უფრო აკუსტიკური მუსიკა, რომელზეც პირველი ჯონი ქეში მახსენდება, რომელიც არა მარტო მუსიკალურად, არამედ იდეურადაცაა საინტერესო შემოქმედი.

M: როდის გადაწყვიტე, რომ თქვენი მუსიკა უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაგეზიარებინა?

სკოლის ბოლო წელს მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით ჯგუფი, სახელად „სნეჩი” და ის გახდა პირველი, რის მერეც გადავწყვიტე, რომ უფრო ფართო მასებისთვისაც შემეძლო, ჩემი მუსიკა გამეცნო. მახსოვს, მაშინ ძალიან აქტუალური იყო ფორუმები და ამ ფორუმებზე ხშირად წერდნენ, რომ არ ეგონათ ეს ჯგუფი ქართული, იმდენად ხარისხიან მუსიკას ვდებდით.

ამ ეტაპიდან რომ ვუყურებ, იმ დროისთვის, რასაც მაშინ ვაკეთებდით, ცუდად მართლაც არ გამოგვდიოდა და რაღაც ღირებულს ვქმნიდით.

M: რა შეიძლება იყოს შენთვის შთაგონება?

ინსპირაცია არის ცხოვრება და ჩემი ყოველდღიურობა. ზოგჯერ არის პერიოდები, როცა შეიძლება არც გამახსენდეს, რომ სიმღერებს ვწერ, თუმცა ისეთი პერიოდიც მაქვს, როდესაც ყველაფერს ერთად გადმოვცემ, რაც დიდი ხნის განმავლობაში დამიგროვდა და სულ ამაზე ვფიქრობ. მაგალითად, მაღაზიაში, სანამ დახლიდან სალარომდე მივალ, შეიძლება გონებაში უკვე მოხაზული მქონდეს ახალი თემა, მერე კი, ინსტრუმენტთან ერთად ამაზე მუშაობას ვიწყებ. მუსიკით გამოვხატავ იმას, ვინ ვარ და როგორ ვარ.

M: რაზე მუშაობ ამჟამად და როგორია უახლოესი გეგმები?

ბევრი მიმდინარე სიმღერა მაქვს, რომლებზეც ახლა ვმუშაობ, თუმცა ზუსტად თარიღს ვერ დავასახელებ, როდის ავტვირთავ. საქართველოში ამჟამად ისეთი მოვლენები მიმდინარეობს, რომ თითქოს მუსიკოსებს განწყობაც არ გვაქვს, რომ ახალი სიმღერები გავაზიაროთ, ამიტომ, როცა შესაბამისი განწყობა მექნება, მსმენელიც იხილავს აუცილებლად.

M: რა რჩევას მისცემდი ახალბედა მუსიკოსებს, რომლების საკუთარი თავის ძიებაში არიან?

იმისთვის, რომ როგორც მუსიკოსი განვითარდე, უბრალოდ, უნდა უკრა…შეიძლება ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ რეალურად ეს პრობლემაა, რადგან დაკვრა უბრალოდ ინსტრუმენტის ხელში აღება არ არის, საკმაოდ დიდი პრაქტიკა სჭირდება იმას, რომ კარგად აკეთო ეს საქმე.

მეორე პრობლემაა დასაკრავი ადგილების სიმცირე. სასურველია, მეტი საინტერესო სივრცე იყოს ამისთვის, თუმცა, მაინც პირველ აზრს დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ, როცა რაღაც ღირებულს აკეთებ, არ დაიზარებ, დაიხარჯები, ყოველთვე მაინც რაიმე ერთ სიმღერას გამოაქვეყნებ, ეს აუცილებლად დაგიბრუნდება. მით უმეტეს, საქართველოში, რომელიც მრავალფეროვანი გემოვნების ქვეყანაა და ყველას შეუძლია თავისი მსმენელის პოვნა.

M: რუბრიკის ტრადიციული კითხვა – რა სიმღერას დაუტოვებდი მსმენელს?

დავუტოვებ ამ სიმღერას.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როცა კრეატიულობა სამსახურია – პავლე გაბრიჭიძე

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება