“საქართველოს ბანკს 2020 წლის აგვისტოდან შემოვუერთდი ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, მონაცემთა ბაზების დომეინ ექსპერტის ამპლუაში. ასე დაიწყო ახალი თავი ჩემი პერსონალური და კარიერული განვითარების მოგზაურობაში“, – ამბობს თორნიკე გოჩაშვილი, საქართველოს ბანკის ბაზების დომეინ ექსპერტი.
როგორც აღნიშნავს, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობა ფართო სპექტრისაა და მოიცავს როგორც ახალი პროდუქტების დეველოპმენტს, ასევე არსებულის გაუმჯობესებას, მათ ტესტირებას და საბოლოოდ, დასრულებული სახით მომხმარებლამდე მიტანას.
ამ პროცესში უშუალოდ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების გუნდისა და მის მოვალეობას დეველოპმენტ გუნდების სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა წარმოადგენს. იქნება ეს მონაცემთა ბაზებში ობიექტების ოპტიმალური სტრუქტურის შემუშავება, კოდის წარმადობის ოპტიმიზაცია, IT გუნდებისთვის სხვადასხვა ტრენინგების და მასტერკლასების ჩატარება თუ სხვა.
„იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემთა ბაზების კუთხით საკმაოდ მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა გვაქვს, ხშირად გვიწევს ბაზების ძველი ვერსიებიდან ახალ ვერსიებზე განახლება, ძველი ფიზიკური ინფრასტრუქტურიდან ახალ, ბევრად უფრო მოქნილ და მაღალი წარმადობის მქონე ინფრასტრუქტურაზე მიგრაცია, რა დროსაც ზოგიერთ შემთხვევაში, ვმუშაობთ ისეთ საერთაშორისო ვენდორებთან ერთად, როგორიცაა Oracle, MongoDB, Amazon და ა.შ“, – ამბობს თორნიკე.
მათი საქმიანობა კი საბოლოო საბანკო პროდუქტის სწრაფად და ხარისხიანად ფუნქციონირებას განაპირობებს. რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მისთვის სასურველი საბანკო სერვისი შეფერხებების გარეშე.
ამბობს, რომ მის საქმეში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი დისციპლინა, საქმეზე და შედეგებზე ორიენტირებულობა და რთულ გამოწვევებთან გამკლავების უნარია.
„იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, ჩვენც გვიწევს ამ სწრაფი განვითარებისთვის ნაბიჯის აწყობა. ამისთვის საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული კუთხით, რაც აუცილებლად მოითხოვს დისციპლინას. ახალ ტექნოლოგიებს მოჰყვება ახალი გამოწვევები, რომლისთვისაც მუდმივად მზად უნდა იყო და გქონდეს სურვილი და მოტივაცია მათ გადასალახად. პირადად ჩემთვის ერთგვარი აზარტია მსგავს გამოწვევებთან გამკლავება“, – განმარტავს ის.
აღნიშნავს, რომ ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში მნიშვნელოვან როლს გუნდი ასრულებს.
„ყოველდღიური საქმიანობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად მუშაობ და ვთვლი, რომ საქართველოს ბანკის გუნდი არის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი, შედეგებზე ორიენტირებული, დიდი გამოცდილების და ცოდნის მქონე, რაც გვეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში“, – განმარტავს თორნიკე.
ამბობს, რომ საქართველოს ბანკში მიღებული გამოცდილება ხელს უწყობს როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ განვითარებაში. რადგან აძლევს შესაძლებლობას, განივითაროს სტრატეგიული აზროვნება, გააუმჯობესოს დროისა და რესურსების მართვა. შეძენილი უნარები კი ეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
„უდავოა, რომ პროფესია ახდენს გავლენას ჩვენს პიროვნებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება არ არის მხოლოდ პროფესია, პროფესია მაინც არის ჩვენი პიროვნების ნაწილი. შესაბამისად, პროფესიულ განვითარებასთან ერთად ჩვენი პიროვნებაც იცვლება. აქაც საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, რომ ეს ცვლილებები იყოს პოზიტიური. პროფესიული საქმიანობისას სწავლობ გამოწვევებთან გამკლავებას, სტრატეგიულ აზროვნებას, დროის და რესურსების მართვას, რაც შემდგომში გეხმარება სხვა, არასამსახურებრივ საკითხებშიც“, – განმარტავს ის.
სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობა, ურჩევს, რომ იმუშაონ საკუთარ თავზე, გამოიმუშაონ დისციპლინა და იყვნენ მუდამ ცნობისმოყვარეები.
„ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს სფეროში მოღვაწეობა სურთ პირველ რიგში ვურჩევდი, რომ იყვნენ დისციპლინირებულები საქმეში და პროფესიულ ზრდაში. დისციპლინა არის წარმატების საწყისი, არამარტო ჩვენს სფეროში, არამედ ნებისმიერ საქმეში. თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფად ცვალებადი და დინამიური სფეროა, ამიტომ აუცილებელია საკუთარი თავზე მუშაობა, რათა შეიძინო ახალი და სრულყო უკვე შეძენილი უნარები. მოკლედ, საქმისადმი ერთგულება, ცნობისმოყვარეობა და საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი არის ის გასაღები, რომელიც დაგეხმარება მიზნების მიღწევაში“, – ამბობს თორნიკე.
[პარტნიორის კონტენტი]













