/ქართული ვლოგების ხიბლი – ისწავლე ცხოვრება ონლაინ/
ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრს საუბრობენ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც კომუნიკაციამ განიცადა. პროფესიულ სტატიებსა თუ ლიტერატურაში ჩნდება მასალები ხმაურიანი სათაურებით: „ტრადიციული მარკეტინგი მოკვდა“, „პიარი გარდაიცვალა“ და ა.შ. სინამდვილეში ამ გრანდიოზული ცვლილებების უკან ინტერნეტი, უფრო კონკრეტულად კი სოციალური მედია დგას, რომელმაც არა მარტო საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი, არამედ მთელი სამყარო, თითქმის ყველა ადამიანის ქცევა შეცვალა.
მახსოვს ის დრო, როდესაც მე და ჩემი კოლეგები ძალიან დიდ აქცენტს სხვადასხვა ბეჭდურ პრომომასალასა და ჟურნალ-გაზეთებში ათასგვარი ინფორმაციის განთავსებაზე ვაკეთებდით. ზოგჯერ პრესრელიზებს ფაქსით ვგზავნიდი, ტელევიზიები კი სუპერმარკეტისა თუ ვულკანიზაციის ბოქსის გახსნას აშუქებდნენ. ახლა ამის საჭიროება აღარ არსებობს. საერთოდაც ვფიქრობ, რომ ტელევიზია ამგვარ თემებს არც უნდა აშუქებდეს. დღეს ხომ ყველას შეუძლია ონლაინ სივრცეში კომუნიკაციის საკუთარი არხი შექმნას და მისი დახმარებით ინფორმაცია კონკრეტულად იმ ადამიანებს მიაწოდოს, ვინც პროდუქტითა და მომსახურებით არის დაინტერესებული.
2017 წელმა ბევრი რამ მასწავლა, თუმცა მისი გაკვეთილებიდან განსაკუთრებულ აქცენტს ადამიანებისა და მედიის ურთიერთობაზე გავაკეთებდი. სულ უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს ონლაინმედიას და სულ უფრო დათვლადი ხდება მარკეტერებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების თითოეული აქტივობის უკუკავშირი. უკვე გაიზარდა თაობა, რომელსაც აღარც კი ახსოვს ცხოვრება ინტერნეტის გარეშე, იმატებს ზოგადად ონლაინსივრცის მომხმარებელთა რიცხვი და ნდობა ინტერნეტის მიმართ.
ეს ცხრილი კომპანია „სონარის“ მიერ ჩატარებული კვლევიდანაა. კვლევის ავტორებმა შეკითხვა შემდეგნაირად დასვეს: „რომელი საინფორმაციო წყაროდან მიღებული ინფორმაციაა თქვენთვის სანდო? წაგიკითხავთ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს და გთხოვთ, 3 ქულით შეაფასოთ ამ წყაროდან მიღებული ინფორმაცია. 1 ნიშნავს, რომ სრულიად არ ენდობით, 2 ნიშნავს, რომ ნაწილობრივ ენდობით, ხოლო 3 – სრულიად ენდობით.“ კვლევის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ინდუსტრია დაშიფრულია.
თუმცა, ვფიქრობ წელს ინტერნეტსივრცეშიც იყო ერთი გამორჩეული ტრენდი: ქართული ვლოგები. ზოგადად ვიდეობლოგები ძალიან პოპულარულია, რადგან ისინი კარგად ერგება თანამედროვე ადამიანების ვირტუალურ ქცევას. მათ ხომ სასურველი ინფორმაციის მოკლე ვიდეოინსტრუქციებით მიღება ძალიან მოსწონთ. არ შევაფასებ „ემილია ტივის“ მედიაპროდუქტის ეთიკურობასა და ხარისხს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ონლაინარხზე პროდუქტის გამოჩენამ მისი გაყიდვები ასეულობით პროცენტით გაზარდა.
2017 წელს წარმატებული იყო სილამაზის ქართულენოვანი ვლოგებიც. თავდაპირველად მათი კონტენტი მხოლოდ მომხმარებელების ერთ სეგმენტს მოიცავდა, მაგრამ 2017 წელს ეს თემა კიდევ უფრო განვითარდა. ქართველი ვლოგერი თაკო საზინა, რომელიც ქალებს სილამაზესთან დაკავშირებულ რჩევებს უზიარებს, ყოველდღე ასეულობით შეკითხვას იღებს: „როგორ წავისვათ ლაინერი მარტივად“, „როგორ გავიკეთოთ ომბრე სახლის პირობებში“ და სხვა.
დროსთან ერთად, ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი გაიზრდება. შესაბამისად, მოიმატებს მოთხოვნა სასარგებლო კონტენტზეც. კონტენტზე, რომელიც ასწავლის ადამიანებს, თუ როგორ მოამზადონ ხინკალი, როგორ დაალაგონ სახლი ან როგორ შეცვალონ ნათურა ჭაღზე. ადამიანებისთვის ცხოვრების შესწავლის მთავარი წყარო სწორედ ონლაინ სივრცე გახდება და მარკეტერებიც უფრო მეტად ასწავლიან პროდუქტებს თავიანთ მომხმარებელს ონლაინ. მომხმარებლები კი უფრო მეტად ისწავლიან ცხოვრებას ონლაინ.