თორნიკე გურული ვისოლ ჯგუფის პიარისა და მარკეტინგის დირექტორია. მედიაკომუნიკაციის ფაკულტეტი გერმანიაში, ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაამთავრა. მუშაობა სტუდენტობის დროს დაიწყო : “ვიყავი ტრენერი და ტრენინგებს ვატარებდი ბოშის ფონდის პროგრამაში, (თეოდორ ჰოისის კოლეგია). პირველი ხელფასი იყო 500 ევრო, თუ მეხსიერება არ მღალატობს”.
თორნიკე გურული თვლის, რომ წარმატებისთვის აუცილებელია: “კარგი განათლება და კონტაქტები. თუ არაფერი იცი, ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში და თუ კონტაქტებიც არ გაქვს, რთულია გზის გაკვალვა.”
ამბობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს “ვისოლის” HR სამსახურის ხელმძღვანელი დაუკავშირდა და ჩაის დასალევად დაპატიჟა. ეს შეხვედრა მისთვის მოულოდნელი იყო. მეორე დღეს ვისოლ ჯგუფის დამფუძნებლებს შევხვდა. კიდევ 3-ჯერ ჰქონდა გასაუბრება და ბოლოს აიყვანეს კიდეც.
დღეს ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე სახლში : “დილით აუცილებლად ვეცნობი პრესას და მთავარ სიახლეებს. ჩემთვის მთავარია, ცოტა დროში ბევრი რამ მოვასწრო. მანქანაში რადიოს ვუსმენ სულ. მიყვარს რადიოს მოსმენა. საღამოობით, თითქმის ყოველთვის, ლექცია მაქვს ან ერთ უნივერსიტეტში, ან მეორეში. ლექციის შემდეგ ხშირად სამსახურში ვბრუნდები, რათა სიმშვიდეში უკვე ისეთი საკითხები მოვაგვარო, რომელსაც ბევრი ფიქრი სჭირდება. გვიან საღამოს აუცილებლად მივდივარ ხოლმე კაფეებში. ასე რომ ვასრულებ დღეს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ამ დღეს არ მიმუშავია” .
თორნიკე გურული ლექციებს GIPA-სა და კავკასის უნივერსიტეტში კითხულობს. სიამოვნებით იქნებოდა პროფესორი რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად კი საკუთარ წიგნს – “ინტერაქცია და კომუნიკაციის თანამედროვე ფორმები ტრენინგზე – ტრენერთა სახელმძღვანელო” – მიიჩნევს.
რაც შეეხება ქართულ თუ უცხოურ კომპანიებსა და ბრენდებს : თორნიკე გურულს საქართველოში არსებული ბრენდინდან მოსწონს წყალი “სნო”, პროდუქტს ყიდულობს “სმარტში”, რადგან მის “ხელში დაიბადა” და ძალიან უყვრას. აქვს HTC-ს ტელეფონი და მობოლური ოპერატორებიდან ირჩევს „მაგთიკომს” ,თუმცა “ჯეოსელის” კორპორაციული ნომერიც აქვს. მართავს BMW X3-ს, უყვარს გერმანული მანქანები და საერთოდ, ეს ქვეყანა, რადგან მის ცხოვრებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
თვალყურს ადევნებს, თითქმის ყველა ქართულ არხს, მათგან ყველაზე ხშირად “რუსთავი 2”-ის დილის გამოშვებას უყურებს. თუმცა, უპირტეასობას მაინც გერმანულ ტელეარხ RTL-ს ანიჭებს. არის საქართველოს ბანკის “სოლო”-ს მომხმარებელი. ქართული რეკლამიდან მოსწონს გადაზიდვის სერვისის რეკლამა “25 60 60”, რადგან მარტივია და ყველას ახსოვს. უცხოური რეკლამებიდან გამოარჩევს “სნიკერსის” რეკლამას, თხილს რომ უყურებს ციყვი. ზოგადად, არ მოსწონს ისეთი რგოლები, სადაც ქალების ან ცხოველების დისკრიმინაციაა. საყვარელი გამონათქვამი: “გულითადად მოგესალმებით”
თორნიკე თვლის, რომ კარგი იქნება თუ უფრო მეტი უცხოური კომპანია შემოვა საქართველოში და ქართული პროდუქტი გავა რუსულ ბაზარზე. მისი აზრით, ეს ორი კომპონენტი საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებდა.
დამწყებ კოლეგებს კი ურჩევს : “აუცილებლად იარონ ტრენინგზე და სემინარებზე. უფრო მეტი ისწავლონ და ყველაფერს შეხედონ კრიტიკული თვალით. აუცილებლად დაამყარონ კონტაქტები, რათა ჰქონდეთ წარმატება”.