in

„ხელოვნება არის სფერო, სადაც არ არსებობს დრო“ — თორნიკე რობაქიძე


„ალბათ, ნამდვილი მხატვარი ბავშვობაში ვიყავი — მაშინ, როცა ხატვა დავიწყე. ასაკის მატებასთან ერთად, ახალ-ახალ ინფორმაციულ ველში ხვდები, შესაბამისად, კარგავ იმ სინამდვილეს, რომელშიც შეგიძლია გულწრფელი იყო“, — ასე დაიწყო საუბარი თორნიკე რობაქიძემ, ქართველმა მხატვარმა. შემდეგ კი 6 წლის წინანდელ რეალობაში გადავინაცვლეთ… სამხატვრო აკადემიაში შევაბიჯეთ, თითოეული ოთახიდან საღებავების, ტილოების, თიხისა და თაბაშირის სუნი გამოდის, ერთმანეთში ირევა და გაგრძნობინებს, რომ იქ ხარ, სადაც ხელოვნება იქმნება.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სწორედ აქ, ფერწერის ფაკულტეტზე სწავლისას იგრძნო, რომ შეეძლო სახელოსნო, რომელშიც მუშაობდა, სულ ახალ-ახალი ნახატებით გაევსო. „სახელოსნოები, რომლებიც მომავალში მექნებოდა, მხოლოდ იმისთვის იყო, რომ მეხატა და ნამდვილი მხატვარი გავმხდარიყავი. ეს იყო საწყისი ეტაპი დიდი პროცესისა, რომელიც მას შემდეგ უწყვეტად გრძელდება“.

ძირითადად ზეთის და წყლის საღებავებით მუშაობს ტილოზე; ზოგჯერ კი ფანქარსა და ქაღალდს ამჯობინებს — გააჩნია განწყობას თუ იდეას, რომლის ვიზუალურად განხორციელებასაც ისახავს მიზნად. ნებისმიერ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რაზე მუშაობს მოცემულ მომენტში ან საერთოდ ხატავს თუ არა რამეს, ყოველთვის ერთი აზრის ირგვლივ ტრიალებს: „ჩემთვის ხელოვნება მე ვარ. ეს მარტივი წინადადება მაძლევს საშუალებას, ვიყო ნამდვილი, როდესაც ვხატავ ან უბრალოდ ვცხოვრობ. ხელოვნება არის სფერო, სადაც არ არსებობს დრო. შეიძლება დრო შეჩერდეს, როდესაც ხატავ ან ნამუშევარს უყურებ“.

ხელოვნებას არაფერიც არ აკლია, თავის სამართლიანობით და უსამართლობით, მშვენიერია

რა თქმა უნდა, ხელოვნებასთან მიმართებით რთულია ობიექტურობის შენარჩუნება და ზოგადადაც არ არის მარტივი ობიექტურ-სუბიექტურობას შორის ბალანსის დაცვა… თუმცა როგორც თორნიკე აღნიშნავს, ხელოვნება პირველ რიგში ხელოვანს ეხმარება, რომ ცხოვრებაში შემოქმედის ძალის, იდეის, როლის შემსრულებელი იყოს.  შემდეგ კი გამოდის რომ ხელოვნება ქმნის თანაგრძნობის ველს ყველასთვის, ვისაც მისი მიღება უნდა.

ყოველ ჯერზე ხელოვანები სხვადასხვაგვარ შეფასებას უძებნიან ხელოვნებას და შესაბამისად, მათი შთაგონების წყაროც განსხვავებულია. „ჩემი ინსპირაცია ძალიან გაშლილია. თავისი პატარა დეტალებით ჩემი ხედვის არეალშია გაბნეული. ის სინამდვილეში იმდენად არაკონკრეტულია, რომ ხანდახან მინდა, გარკვეულ განცდაში მოვაქციო, რაც არასწორია, რადგან ის ყველგან და ყველაფერშია. თუ მე სად ვხედავ მას, ეს ყოველთვის ცვალებადია. გააჩნია სად ვდგავარ, რას ვეძებ, რას ვიხსენებ… ზოგადად, ჩემი იდეები განცდებისა და ემოციების ირგვლივ ტრიალებს თუმცა მთლიანი პროცესი ძალიან ინტუიციურია. არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა გამოვა, ვფიქრობ იმაზე თუ რით შემიძლია გავთავისუფლდე“.

M: თორნიკე, გამორჩეული ნამუშევარი გაქვს, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს? ან თავად როგორ აღწერდი შენს ხელოვნებას — რა არის ის, რაც შენს ყველა ნამუშევარს აერთიანებს?

მხოლოდ უკანასკნელი ნამუშევარია ხოლმე გამორჩეული. როცა ახალ ნახატზე მუშაობას ვიწყებ, ვცდილობ ვიფიქრო, რომ ეს ჩემი პირველი ნახატია. ეს მეხმარება რომ საკუთარი შემოქმედების ტყვეობაში არ აღმოვჩნდე.

ჩემს ნამუშევრებს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამ აერთიანებს. ხშირია ფერის თუ კომპოზიციების მსგავსება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საერთო ინტიუტიურად გადმოცემული ის ემოციური ინტელექტია, რაც ჩემშია — ასევე, თქვენში და უბრალოდ სამყაროში.

M: როგორია შენი იდეალური სამუშაო გარემო? რა გჭირდება იმისთვის, რომ შესაბამისი განწყობა შეიქმნა?

ჩემთვის იდეალური სამუშაო გარემო ჩემი სახელოსნოა, რომელშიც უნდა იყოს ქაოსი, მზიანი დღე, მუსიკა, რაიმე სასუსნავი, სამუშაო მასალები, სიმარტოვე…

ისე კი, როდესაც ხატავ, ბედნიერი ხარ — შეუძლებელია, ამ დროს იტანჯებოდე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგ განწყობაზე ვიყო… სხვაგვარად ვერ შევძლებ მუშაობის დაწყებას. ხშირად ამბობენ, თითქოს, არტისტი მხოლოდ ტანჯვისას ქმნის ხელოვნების ნიმუშებს, თუმცა ტანჯვა და ბედნიერება მაინც აბსტრაქტული შეგრძნებებია. გრძნობები და განცდები იცვლება, გარდაიქმნება.

M: სიმბოლიზმს რამდენად მიმართავ ხელოვნებაში და რა როლს ასრულებს ის შენს შემოქმედებაში?

სიმბოლიზმი მეხმარება, შევნიღბო ის, რასაც პირდაპირ ვერ ვიტყვი. მათი მეტაფორული არსებობა ჩემთვის სრულიად ინდივიდუალურია და საერთოდ არ დგას ზოგად სიმბოლურ ცოდნაზე. ისინი უბრალო იარაღებია, რომლებიც მნიშვნელობას მხოლოდ პროცესში იღებს. და ეს მნიშვნელობა მნიშვნელოვანია მხოლოდ ინდივიდუალურად და არა ის, თუ მე რას ვგულისხმობ.

M: მოგვიყევი პარიზში, Lo Brutto Stahl-ში გამართულ გამოფენაზე. რა ნამუშევრები გქონდა წარდგენილი და რა იყო მათი კონცეფცია?

10 ივნისს პარიზში გალერეა Lo Brutto Stahl-ში ჩემი პერსონალური გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „My voice suspended in the air“.

გალერისტებმა Vincent Lo Brutto-მ და Pablo Stahl-მა ძალიან ფრთხილად შეარჩიეს და გამოფინეს ჩემი ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები და ორი მასშტაბური ტილო, რომლებიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის შევქმენი. გამოფენის ტექსტი Agnes Cryczkowska-მა დაწერა, რომელმაც ზუსტად დაიჭირა ის პროცესი რაც ხატვის დროსა თუ მის მიღმა არსებობს, რაც მაქმნევინებს  ნამუშევრებს და მხდის მხატვარს. ეს პატარა ციტატა სწორედ კონცეფციიდან არის:

“It’s like edging till the end of time.

Edging the orgasm of death.

Edging the end of love.

Edging in pastel and watercolor.

The fog has failed to release him“

ამ გამოფენით გალერეა „Lo Brutto Stahl“-თან აქტიური თანამშრომლობა დავიწყე და ჩემი სამომავლო გეგმებიც მათ უკავშირდება.


ავტორი: ქეთია ბელქანია


Skoda Kodiaq SUV გამოცემა autoexpress-მა 2023 წლის ლიდერად დაასახელა

შექმნა ახალი, განავითარო უკვე არსებული და გყავდეს კმაყოფილი მომხმარებელი — გიორგი ციცვიძე, საქართველოს ბანკის DevOps-ის გუნდის წევრი