მათ, ვისაც ჯერ კიდევ Scratch the floor გვახსოვს, თორნიკე ცორიკიშვილს კარგად ვიცნობთ. თუმცა არსებობს უფრო „ახალი თაობის” მსმენელიც, რომელიც ბენდ will kolak-ის ლაივებზე დადის და მათ სიმღერებს ყურსასმენებში უსმენს მგზავრობისას, მეგობართან ერთად სახლის შეკრებებზე ან მანქანაში…
ბენდის ვოკალისტი თორნიკე ცორიკიშვილი მუსიკასთან მუდმივ კავშირშია, შეიძლება ითქვას, ძალიან ადრეული ასაკიდან, ოღონდ ეს კავშირი თავიდანვე სცდებოდა რიგით მელომანობას და თორნიკეს ყოველთვის სურდა, თავად ყოფილიყო ის, ვინც მუსიკას აკეთებს. პირველი ბენდი ზემოთ ხსენებული Scratch the floor იყო, რომელიც მეტალს უკრავდა, will kolak კი გარაჟ-როკ ბენდია. აღსანიშნავია, რომ ის 2025 წლის ზაფხულში პოპულარულ ფესტივალზე დაუკრავს ესპანეთში. ამ სიახლის შესახებ კი ინტერვიუს ნაწილში წაიკითხავთ.
თორნიკე ცორიკიშვილი:
კონკრეტული ასაკი ან თარიღი ასე არ მახსოვს, ზუსტად რა მომენტში შევიყვარე მუსიკა, თავისთავად მოხდა. თუმცა 2009 წლიდან უფრო სერიოზულად დავინტერესდი ანდერგრაუნდ მუსიკით და დავიწყე საკუთარის შექმნა.
თავიდან გვქონდა მეტალბენდი Scratch the floor, რომელმაც, თავის მხრივ, პატარ-პატარა წარმატებებს მიაღწია, თუმცა მაშინ კიდევ სხვა დრო იყო, ჩვენც პატარები ვიყავით, ალბათ რაღაცები არ ვიცოდით და ვსწავლობდით. ეს იყო ჩემი შესვლა მუსიკოსების წრეში და ამის შემდეგ სტაბილურად აქ ვარ.
M: თუ გახსოვთ კონკრეტული ჟანრი ან მუსიკოსი, რომელმაც გავლენა იქონია თქვენს გემოვნებაზე?
მუსიკალურად საკმაოდ ბიპოლარული ვარ. შემიძლია, ერთ დღეს ძალიან მძიმე მეტალს ვუსმინო, ხოლო მეორე დღეს ოლივია როდრიგოს რამდენიმე სიმღერა ამოვიჩემო. ძალიან მიყვარს კინომუსიკაც და, ზოგადად, მგონია, რომ მუსიკისადმი მელომანური მიდგომა ბევრად საინტერესოა ჩემთვის, არა რომელიმე კონკრეტული ჟანრი, არამედ თვითონ მუსიკა, რომელსაც მოსმენისას ყოველთვის ვშიფრავ, როგორც ტექნიკურად, ისე მელოდიურად, იდეურად.
დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე გიტარისტებმა, როგორებიც არიან ჯეკ უაიტი, ტომ მორელო. ქართველებიდანაც მყავს რამდენიმე ფავორიტი.
M: როგორ ჩამოყალიბდა ბენდი will kolak და რა იდეა უდევს საფუძვლად?
2021 წელს მომიწია ქვეყნიდან წასვლა და გარკვეული პერიოდი პოლონეთში ვცხოვრობდი, სადაც ძალიან მენატრებოდა დაკვრა და ეს სენტიმენტები კერძოდ საქართველოზე მქონდა, რადგან მაგ დროისთვის აქაურმა სცენამ საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, უფრო განვითარდა, გაიზარდა და მინდოდა, რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი.
ჩამოვედი, მოვძებნე თანამოაზრეები და ჩამოვაყალიბეთ ბენდი Will Kolak, რომელიც ზუსტად ახლა, თებერვალში 2 წლის გახდა.
მისი კონცეფცია არის თბილისური ჟეშტისფერი, ძველი რუსული კორპუსები, პოსტსაბჭოთა გავლენა, რომელიც ჯერ კიდევ იგრძნობა ამ ქალაქში. რაღაც მომენტში გადავიაზრე ისიც, რომ შეიძლება სახლში, ლეპტოპის მიკროფონით ჩაწერო მუსიკა და ეს ესთეტიკაც შექმნა.
M: როგორია თქვენთვის მუსიკაზე მუშაობის პროცესი?
მუსიკის შექმნაში მთლიანი ბენდია ხოლმე ჩართული როგორც მუსიკალურად, ისე ლირიკულად. სულ გვაქვს რამდენიმე, თაროზე შემოდებული ტრეკი, რომლებსაც იმის მიხედვით ჩამოვიღებთ ხოლმე, უხდება თუ არა ამა თუ იმ მომენტსა და სიტუაციას. თავიდან ძირითადად ჩანახატებს ვაკეთებთ, რომლებსაც ვამუშავებთ და მიგვყავს სრულყოფილ ტრეკამდე.
გარდა ამისა, მე ხშირად აღვიქვამ სიმღერას ვიზუალურად, თითქოს ვხედავ, რას მოუხდება, რისი ჩვენება შემიძლია ამ მელოდიით. როცა უკვე გარკვეულწილად გვაქვს რაღაც დონემდე მიყვანილი ჩანაწერი, ტრადიციასავით ჩამოგვიყალიბდა, რომ გავაკეთოთ carpool მოსმენა – ვიკრიბებით რამდენიმე მეგობარი და მანქანაში ვუსმენთ, განვიხილავთ. როცა ვიტყვით, რომ ტრეკი მზადაა გამოსაშვებად, მიმდინარეობს ბალანსი და ვზრუნავთ ვიდეოს ხაზზეც. აი, ასე ვმუშაობთ თითოეულ სიმღერაზე.
M: რა არის ის გზავნილი, რომელიც გსურთ, გაატაროთ თქვენი მუსიკით?
ემოციები და გზავნილებიც განსხვავდება იმის მიხედვით, როგორია გარემო. სცენაზე დაკვრის დროს, მაგალითად, ხშირად იმპროვიზაციას მივმართავთ, წინასწარ არ ვთანხმდებით, რომ მაინცდამაინც რაღაც ასე უნდა გაკეთდეს თუ ისე, თავისთავად მოდის ემოციები ერთმანეთისგან, პუბლიკისგანაც.
ხშირად ჩვენი ინსპირაცია გაი რიჩის ფილმებიცაა და გვგონია, რომ მოვუხდებოდით ჩვენ და გაი ერთმანეთს.
დღეისათვის კი ჩვენი მუსიკის ემოციას განსაზღვრავს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ქვეყანაში, ის პროტესტი, რომელიც ფონად გვაქვს.
M: აუცილებლად უნდა გკითხოთ Med Cool Festival-ზეც, როგორ მოხვდით და რა ეტაპები გაიარეთ ამისთვის?
უკვე მესამე ქართული ბენდი ვიქნებით, რომელიც Med Cool Festival-ზე დაუკრავს.
თავდაპირველად, უბრალოდ, შევავსეთ აპლიკაცია. აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი კონკურენცია იყო, სადღაც 1600 ბენდამდე მონაწილეობდა. აქედან ჟიურიმ გადაარჩია 110, რის მერეც კიდევ უამრავი ფილტრი გავიარეთ. ბოლო იყო შოუქეისი მადრიდში, სადაც დავუკარით და გადაწყდა ჩვენი მონაწილეობა ფესტივალზე.
ამ პროცესში ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან გვქონდა კომუნიკაცია, გაჩნდა ახალი შეთავაზებებიც და, საერთო ჯამში, ძალიან კარგი გამოცდილება იყო.
აქვე ვისარგებლებ და დიდი მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ფესტივალ REDRUM Tbilisi-ს დამფუძნებელს ტერენს მკნამარას, ვინც დაგვეხმარა მადრიდში, შოუქეისზე წასვლაში. REDRUM Tbilisi უკვე დიდი ხანია მართავს თბილისში როგორც ადგილობრივი ბენდების, ასევე უცხოელი გრანდების ლაივებს და წელს საინტერესო სიახლეებს ამზადებენ.
M: გარდა ამისა, კიდევ რაზე მუშაობთ ამჟამად, როგორია თქვენი გეგმები?
პარალელურად, ვმონაწილეობთ ცნობილ WACKEN FESTIVAL-ზე მოსახვედრად, რომელიც გერმანიაში იმართება და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეტალფესტივალია მსოფლიოში. ამ ეტაპზე ნახევარფინალში ვართ გადასულები.
გარდა ამისა, აპრილში რამდენიმე კონცერტი გვაქვს დაგეგმილი გერმანიაში და ამისთვისაც ვემზადებით.
მუსიკალურადაც აქტიურები ვართ, ვაგრძელებთ ახალ სიმღერებზე მუშაობას, რადგან გვინდა, რომ წლის ბოლომდე დავასრულოთ ალბომი, რომლის ორი სინგლიც უკვე გამოსულია.
M: თორნიკე, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი