in

„ალტე უნივერსიტეტი“ – იტალიური სააგენტოს მიერ შექმნილი ახალი ქართული ბრენდი

ამ ინტერვიუში საგანმანათლებლო ბრენდის – „ალტე უნივერსიტეტის“ მისიაზე, სტრატეგიაზე, კონცეფციასა და ვიზუალურ იდენტობაზე გიამბობთ

„თბილისის ღია უნივერსიტეტი“ რებრენდინგის შემდეგ „ალტე უნივერსიტეტი“ გახდა. შეიცვალა ბრენდის ფილოსოფია, პოზიციონირება, ღირებულებები და ვიზუალური იდენტობა. პროექტზე იტალიურმა სარეკლამო სააგენტომ DINN! იმუშავა.

განახლებული „ალტე უნივერსიტეტის“ რებრენდინგი თანამედროვე მიდგომებსა და სტრატეგიას უკავშირდება. როგორც PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ამირანაშვილი ამბობს, უნივერსიტეტი 20 წლის წინ შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, მან თავისი სიტყვა უკვე თქვა. დაახლოებით ერთი წელია, რაც უნივერსიტეტს ახალი მფლობელები, დამფუძნებლები და მენეჯმენტი ჰყავს.

„ამ სიახლეებთან ერთად, შეიცვალა უნივერსიტეტის მიდგომები – შევქმენით ახალი, კიდევ უფრო თანამედროვე და პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო სტრატეგია. გარდა ამისა, გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი მოთხოვნადი უნივერსიტეტი – საკმაოდ ბევრი უცხოელი სტუდენტი გვყავს. უმეტესობა მედიცინას ეუფლება და ბუნებრივია, ამ მიმართულების გაფართოებასაც ვგეგმავთ. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ უნივერსიტეტის ისტორიაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ახალი ბრენდი. გვსურს, ჩვენს კურსდამთავრებულებს თუ მოქმედ სტუდენტებს, სწორად მივაწოდოთ უნივერსიტეტის ახლანდელი მიდგომები და ღირებულებები და მათი თითოეული ნაბიჯი იყოს სრულიად განსხვავებული გამოწვევა, რაც მათ მეტ თავდაჯერებულობას, ცოდნასა და გამოცდილებას შესძენს“. 

კონკრეტულად რა პოზიციონირება სურდათ, ქართულ თუ საერთაშორისო ბაზარზე, DINN!-თან ერთად განსაზღვრეს – აქტიურად ატარებდნენ ინტერვიუებს, ვორქშოპებს და ერთობლივ სესიებს დიზაინის მიმართულებით.

ეს დაგვეხმარა, უკეთ დაგვენახა ჩვენ წინ არსებული ხედვები და განგვესაზღვრა ბრენდინგის თითოეული ფაზის სტრატეგიული დეტალი, რათა შეგვექმნა ქართულ სივრცეში ახალი, განსხვავებული, ნოვატორი და მრავლისმთქმელი საგანმანათლებლო ბრენდი. „ჩვენ გვჭირდება ისეთი კულტურული და საგანმანათლებლო ცვლილება, რომელიც გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე“ – ასე გვიპასუხეს უნივერსიტეტის მფლობელებმა, როდესაც ვკითხეთ, თუ რატომ გადაწყვიტეს ინვესტიცია ამ უნივერსიტეტის განვითარებაში ჩაედოთ. [ასე] შეიქმნა ALTE University, რომელიც თავის სტუდენტებს სთავაზობს, პოზიტიურ და განსხვავებულ საგანმანათლებლო სივრცეს იმისთვის, რომ ისინი გახდნენ უკეთესი და წარმატებული პიროვნებები..

ALTE-სთვის  მნიშვნელოვანია, წვლილი შეიტანოს, როგორც სტუდენტების, ისე საზოგადოების აზროვნების ფორმირების პროცესში და შექმნას მოქნილი საგანმანათლებლო სივრცე.

„ალტე უნივერსიტეტი“ ეს არის თანამედროვე, მეგობრული, სასიამოვნო გარემოს მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას, ამასთანავე არის მომთხოვნი და გამოწვევებით სავსე“, – აღნიშნა DINN!-ის დამფუძნებელმა ანდრია ბორსეტომ.

უნივერსიტეტის რებრენდინგზე, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიაზე ანი ამირანაშვილს ვესაუბრეთ:

„ამ ცვლილებებზე საუბარი მინდა, „ალტე უნივერსიტეტის“ განახლებული მისიით დავიწყო –გვსურს, ჩვენს სტუდენტებს მივცეთ მაღალი ხარისხის განათლება და დავეხმაროთ, რათა გამოიმუშაონ ყველა საჭირო უნარი, რაც მათ საშუალებას მისცემს, სამომავლოდ, დამატებითი, გრძელვადიანი ღირებულება შექმნან როგორც საკუთარი თავის, ისე იმ საზოგადოებისა, თუ ქვეყნისთვის, სადაც ისინი ცხოვრობენ. გვინდა, რომ ჩვენი სტუდენტები, შემდგომში, არ იყვნენ რიგითი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც გამოვლენ დასაქმების ბაზარზე და კომპანიებში ასევე რიგითი თანამშრომლების პოზიციებს დაიკავებენ. მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ – უნივერსიტეტის დიპლომით არ სრულდება განვითარების გზა. ეს მხოლოდ დასაწყისია და მზად უნდა იყვნენ, უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება დააგროვონ. ამ ხანგრძლივ და საინტერესო პროცესში კი „ალტე უნივერსიტეტი“ არ იქნება უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთანაც 4 წლის შემდეგ წყვეტს კავშირს სტუდენტი. არამედ, ის იქნება მისი კურსდამთავრებულის პარტნიორი და ყოველთვის დაეხმარება თითოეულ მათგანს იპოვნონ და განავითარონ საკუთარ თავში ის უნიკალური უნარები და შესაძლებლობები, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ.

ასევე – სადაც არ უნდა იმუშაონ, მუდმივად ჰქონდეთ ამბიცია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თავიანთი სფეროს განვითარებაში, შექმნან რაღაც ახალი და მუდმივად იყვნენ საკუთარი თავის განვითარებაზე ორიენტირებულები.“

ამ მისიის შესასრულებლად, უკვე ახალი ბრენდინგით, რა სტრატეგია აქვს „ალტე უნივერსიტეტს“? 

ანი ამირანაშვილი: ახალი სტრატეგიით, ჩვენი უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მაღალი ხარისხის განათლების მიღება და მუდმივი განვითარება სურს. თუმცა, საუნივერსიტეტო ცხოვრება აუცილებლად გამოწვევებით იქნება სავსე. რა თქმა უნდა, მხოლოდ პოზიტიურ გამოწვევებს ვგულისხმობ. ამის გარეშე სრულფასოვანი განათლების მიღება და საჭირო უნარების გამომუშავება წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ პრაქტიკულ სწავლებასა და დასაქმების კომპონენტზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს გუნდს დიდი გამოცდილების მქონე, კიდევ უფრო მეტი პრაქტიკოსი ლექტორი შეემატა. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი – უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის სტარტაპ იდეების მხარდაჭერა. ნებისმიერი პროგრამის სტუდენტი, იდეის გენერირებიდან მის განხორციელებამდე საჭირო „მენტორინგს“ მიიღებს და ექნება შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად ჩაერთოს „სტარტაპ გარაჟის“ საქმიანობაში. ასევე, ხელს შევუწყობთ სამეცნიერო კვლევებში. ამ პროცესშო კი მათ „ალტე უნივერსიტეტის“ ძალიან გამოცდილი და პრაქტიკოსი ლექტორები დაეხმარებიან. თვითონ უნივერსიტეტშიც ვიმატებთ ბევრ ახალ მიმართულებას, რაც აქამდე არ გვქონია. აკადემიური პროგრამების გარდა, გვექნება გადამზადებისა და სასერტიფიკატო კურსები – ამით დავეხმარებით კურსდამთავრებულებს, რომ იყვნენ მუდმივი განვითარების რეჟიმში. ეს პროგრამები დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიურ და გლობალურ ბაზარზე მოთხოვნად სხვა მიმართულებებზე.

უნივერსიტეტის განახლებული ბრენდის, უკვე პოზიციონირებაზეც რომ ვისაუბროთ . . . 

პოზიციონირების კუთხით სამ ძირითად მიმართულებაზე ვაკეთებთ აქცენტს: „ალტე უნივერსიტეტში“ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათლების ხარისხს – პროგრამებს, სასწავლო პროცესს. ამიტომ აუცილებელი იქნება სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა. მეორე – ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. ვგულისხმობთ, როგორც სტუდენტებს, ისე თავად უნივერსიტეტსა და აკადემიურ პერსონალს. და მესამე – ALTE University-ის კურსდამთავრებული იქნება რეალურ გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო განათლებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანი, რომელიც თავად გაივლის განვითარების ინდივიდუალურ გზას და შეიძენს უნიკალურ გამოცდილებას.

ახლა უნივერსიტეტის ახალი ბრენდინგის ვიზუალურ ნაწილზეც ვისაუბროთ. მოდით, დავიწყოთ სახელით. 

გვინდოდა, ისეთი სახელი შეგვერჩია, რომელიც არც უნივერსიტეტის ლოკაციასთან, არც მის დამფუძნებელთან და არც თუნდაც რომელიმე პიროვნებასთან იქნებოდა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, წავედით განსხვავებული გზით.

საბოლოოდ, შევარჩიეთ „ალტე“, რომელიც ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „უმაღლეს წერტილს“. ეს სახელი ზუსტად მიესადაგება ჩვენს მთავარ კონცეფციას, რომ უნივერსიტეტი უმაღლესი წერტილისაკენ მიმავალი მუდმივი განვითარების გზა არის.

„ალტე უნივერსიტეტის“ ლოგოსა და ფერებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

არ გვინდოდა გაგვემეორებინა, საგანმანათლებლო სფეროში დამკვიდრებული ფერები, რომელიც ხშირად მეორდება, როგორც ქართულ, ისე უცხოურ უნივერსიტეტებში. გვინდოდა, რაიმე გამორჩეული და დასამახსოვრებელი შეგვერჩია. ახლა გვაქვს ორი დომინანტური ფერი: მუქი მწვანე, რომელიც გამოხატავს აკადემიურობას და ასოცირდება სასწავლო დაწესებულებასთან. ამასთან, ვთვლით, რომ იწვევს სანდოობას. რაც შეეხება მეორე – ნარინჯისფერს. ეს უნივერსიტეტის მეორე მხარეა – სიცოცხლით სავსე, უფრო თანამედროვე, რომელიც ასოცირდება სიახლესთან, კრეატიულობასთან, ახალგაზრდებთან ანუ რაც სტუდენტებს შემოაქვთ აკადემიურ სივრცეში, უნივერსიტეტში. ძირითადი ლოგო ამ ორ ფერში არის. კიდევ გვაქვს მესამე ფერიც, ნეიტრალური ღია ცისფერი, პოზიტიური და ახალგაზრდული. ეს არის როგორც დამატებითი ანუ დამხმარე ფერი.

რაც შეეხება ლოგოს, თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად, შევარჩიეთ მინიმალისტური სიმბოლო – ზევით მიმართული ისარი და მის ქვემოთ სამკუთხედი. ღია ნარინჯისფერი, ისარი გამოხატავს სტუდენტს, რომელიც არის პროფესიული წინსვლის  გზაზე და რაც ზევით მიდის, უფრო ფართოვდება. მწვანე სამკუთხედი კი განვითარების სიმბოლოა. ვთვლით, რომ „ალტეს“ ლოგოში იდეალურად არის ჩადებული ის მუხტი, რაც სტუდენტს წინსვლის, მოძრაობის და განვითარების ბიძგს აძლევს.

ახალი ბრენდის, „ალტე უნივერსიტეტის“ სლოგანი რა არის? 

წინსვლის, განვითარებისა და მაღალი მწვერვალების დასაპყრობად აუცილებელი წინაპირობაა განათლება, რომელიც ჩვენს კარიერულ ზრდას, მთელი ცხოვრების განმავლობაში თან უნდა სდევდეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ალტე უნივერსიტეტის“ მთავარი სლოგანია:

განათლება მუდმივი განვითარებისთვის.

 

 

[R]

 

Shop69.ge-ზე ტკბილეულის კატეგორია დაემატა! [18+]

საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია