in

როგორ ხვდება ტურიზმი ინდუსტრიის გახსნას?!

Photo Credit: to.edu.ge
Photo Credit: to.edu.ge

1-ლი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება, 8 ივნისიდან კი კვების ობიექტების ყველა სახის მომსახურება. 8 ივნისიდანვე ამუშავდება ის სასტუმროები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებას გაივლიან და ოპერირების ნებართვა ექნებათ. ამ ეტაპზე, უცვლელია ტურიზმის გახსნის თარიღიც – ადგილობრივი ტურისტები, საქართველოში, 15 ივნისიდან იმოგზაურებენ, საერთაშორისო ვიზიტორები კი 1-ლი ივლისიდან ჩამოვლენ. ამ ცვლილებების პარალელურად, მთავრობამ, ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმაც წარადგინა. როგორ შეხვდება ტურიზმის ინდუსტრია პოსტპანდემიურ პერიოდს და დაეხმარება თუ არა ამოქმედებაში ანტიკრიზისული გეგმა?! – ამ და სხვა საკითხებზე BDO-ს პარტნიორს და კორპორაციული ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელს, მაია ხაჩიძეს ვესაუბრეთ. ის ინდუსტრიისთვის განკუთვნილ დახმარებებსა თუ შეღავათებს დადებითად აფასებს. თუმცა, ფიქრობს, რომ უფრო მნიშვნელოვანი მათი აღსრულება და მონიტორინგია.

მაია ხაჩიძე – BDO-ს პარტნიორი

მაია ხაჩიძე:თვითონ პროცესი ეფექტურად უნდა განხორციელდეს, კომპანიებმა მარტივად რომ ისარგებლონ ყველა იმ შეღავათითა თუ სუფსიდიით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. ჩემი ინფორმაციით [ტურიზმის სექტორიდან], ბევრი კომპანია აპირებს მათ გამოყენებას. ბუნებრივია, ამ არეალში ყველა ერთნაირად ვერ მოხვდება. ისეთი კომპანიებისთვის, ცოტა ხნის წინ რომ შეიქმნა და დიდი სესხი აქვთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება არ იყოს ეს შეღავათები თუ დახმარებები. მაგალითად, პოსტკრიზისული გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი სესხის პროცენტის თანადაფინანსებაა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ კომპანიას გადასახდელი რჩება ძირის თანხა და იქიდან გამომდინარე, რომ შემოსავლები არ ექნება, ძალიან გაუჭირდება მისი დაფარვა, დამფუძნებელს ან/და ხელმძღვანელობას მოუწევს სხვა სახსრების მოძიება  კრიზისიდან გამოსასვლელად. ანტიკრიზისული გეგმის ყველაზე მთავარი ნაწილი ის არის, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, ვინც საზღვრებს გახსნის. ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, კომპანიებს ეძლევათ საშუალება, თავად გადაირჩინონ თავი. შეღავათი კარგია, მაგრამ უკეთესია, როცა სექტორს უქმნი პლატფორმას, რომ იფუნქციონიროს, როგორც ეს პანდემიამდე იყო. ამ გეგმას თავად კომპანიებიც დადებითად აფასებენ. თუმცა, ბევრი მათგანი ელოდება, რამდენად ადეკვატურად განხორციელდება – ერთია დაანონსება და მეორე – ექნებათ თუ არა შესაძლებლობა, ზუსტად ისე ისარგებლონ შეღავათებითა და დახმარებებით, როგორც გამიზნულია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შეღავათების გადახალისებაც. გეგმა არ უნდა იყოს ერთჯერადი. რაღაცამ შეიძლება ისე ვერ იმუშაოს და მისი შეცვლა გახდეს საჭირო. მაგალითად, ბევრი კომპანია საუბრობს კომუნალურ გადასახადებზე. ამ პირობებში, როცა  დიდი დატვირთვა არ ექნებათ ტურისტულ ობიექტებს, ძალიან გაუჭირდებათ კომუნალურების გადახდა. ამიტომ, მათი სურვილია, აქაც მიიღონ გარკვეული შეღავათები“.

მაია ხაჩიძე ფიქრობს, რომ ინდუსტრიის ამუშავება, საბოლოოდ, მაინც ტურისტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამ სექტორისთვის კი ყველაზე ეფექტური დახმარება ტურისტები ნაკადის უზრუნველყოფა იქნება.

„ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და ეს ძალიან მისასალმებელია. თუმცა, სახელმწიფო როგორც არ უნდა ეცადოს, იმაზეც ვართ დამოკიდებული, სხვა ქვეყნები რამდენად გახსნიან თავიანთ საზღვრებს. ასევე მნიშვნელოვანია, რა სეგმენტი ჩამოვა საქართველოში. თავდაპირველად, მგონია, რომ უფრო ახალგაზრდები ჩამოვლენ [ისინი ნაკლებად შედიან ვირუსის რისკ-ჯგუფში]. ამიტომ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ და მათზე მორგებული სერვისები შევთავაზოთ. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღდგენილი ფრენების პირობებშიც კი, მეტ-ნაკლებად შეზღუდული იქნება საქართველოში ჩამოსვლა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მეზობელი ქვეყნებიდან, ალტერნატიული საშუალებებით [ხმელეთით, ზღვით] ტურისტების შემოდინებას. ჩემი აზრით, უნდა გაგრძელდეს ეკოტურიზმის ის მიმართულება, რაც პანდემიამდე იყო დაანონსებული. ამით ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები დაინტერესდებიან. „საქართველო უსაფრთხო ქვეყანა“ – ჩვენს ამ ახალ იმიჯსაც დაეხმარება. გარდა ამისა, ვფიქრობ, შიდა ტურიზმი კიდევ უფრო მეტად უნდა დაიტვირთოს. კარგი იქნება, თუ ჩვენც გავაქტიურდებით და როგორც ტურისტები დავიწყებთ საქართველოში მოგზაურობას. კიდევ ერთი – ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს უნდა დახვდეთ უსაფრთხო გარემო და ძალიან გამართული ჯანდაცვის სისტემა“.

მაია ხაჩიძეს იმაზეც ვესაუბრეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ტურიზმის გახსნის შემდეგ, რა დრო დასჭირდება სტუმარ-მასპინძლობის სექტორს, რომ თუნდაც ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს?! BDO-ს პარტნიორი მიიჩნევს, რომ თუ შემოდგომაზე ვირუსის ტალღა არ განმეორდება, შესაძლოა, ტურიზმის ინდუსტრიას ერთ წელი ან ცოტა მეტი დასჭირდეს კრიზისამდელ პოზიციაზე დასაბრუნებლად. ხოლო თუ კიდევ ერთი ტალღა იქნება, ეს ვადები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

არის კიდევ ერთი საკითხი, რას გააკეთებს თავად ტურისტული სექტორი?!

იმ კომპანიების წარმომადგენლები, ვისთანაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, ამბობენ, რომ მოკლევადიან პერიოდში, მაქსიმალურად ეცდებიან, არ დაიხურონ და თუნდაც, ნულოვანი მოგების პირობებში, გააგრძელონ მუშაობა. არავის არ აწყობს ბოლომდე დახურვა – კარგავს სეგმენტს, გამოცდილებას და ა.შ. ოღონდ აქ ზარალზე არ არის საუბარი, რადგან ზარალის შემთხვევაში, კომპანიას რაღაც რეზერვი უნდა ჰქონდეს. გრძელვადიან პერიოდზე მათაც უჭირთ საუბარი. დიდი სასტუმროებისა და კომპანიებისათვის უფრო მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება იმიტომ, რომ სტაბილურად ჰყავთ თავიანთი სეგმენტი და აქვთ შესაბამისი გამოცდილება, თანაც გარკვეული რეზერვები გააჩნიათ. საზღვრები რომ გაიხსნება, საერთაშორისო სასტუმროებს, ალბათ, უფრო მეტი სტუმარი ეყოლებათ. აქ უკვე ბრენდის მიმართ ნდობა იმუშავებს, რადგან მთავარი ფაქტორი მაინც უსაფრთხოება იქნება. სწორედ ამიტომ, უფრო საერთაშორისო ბრენდებს აირჩევენ ტურისტები. ასევე, მნიშვნელოვანია საფასო პოლიტიკაც. აქ ჯერ ბევრი კომპანია არ არის ჩამოყალიბებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არა და, უსაფრთხოების ნორმების დაცვა კიდევ უფრო გაუზრდის ხარჯებს ტურიზმთან დაკავშირებულ კომპანიებს. ისეთ სასტუმროებს, რომლებიც უფრო მეტად უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი, ალბათ, უფრო ექნებათ ფასის მომატების საშუალება, რადგან უცხოელი ტურისტი ისეთი სენსიტიური არ იქნება ფასის მიმართ, როგორც ადგილობრივი. შესაბამისად, საკურორტო სასტუმროებს, რომელიც მოკლევადიან პერიოდში შეიძლება უფრო შიდა ტურიზმზე გადაერთოს, ალბათ, ნაკლებად ექნებათ ამის შესაძლებლობა. თუმცა, საფასო პოლიტიკის მიმართ ახლა აზრთა სხვადასხვაობაა. ვიღაც ფიქრობს, რომ უნდა შეამციროს ფასები და მეტი ტურისტი მოიზიდოს, ვიღაც პირიქით – მიიჩნევს, რომ ფასები გაზარდოს, რადგან დატვირთულობის დონე ისედაც დაბალი იქნება. საბოლოოდ, მაინც საზღვრების გახსნას ელოდებიან, ყველაფერი მაშინ გამოჩნდება, ტურიზმის სექტორი რომ ამუშავდება. კიდევ ერთი ფაქტია, რომ თვითღირებულებაც გაეზრდებათ სასტუმროებსა და რესტორნებს, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამასთან, შეუმცირდებათ შემოსავლებიც. ჩემი აზრით, მოკლევადიან პერიოდში, სასტუმროებისა თუ კვების ობიექტების შემთხვევაში, ალბათ, ყველა ეცდება, რომ არ გააჩეროს კომპანია და თუნდაც, ნულოვანი მოგების ხარჯზე იმუშაოს, შეინარჩუნოს ფასი, რომ ყველამ ერთად შეუწყოს ხელი სფეროს ამუშავებას. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებითაც კი, ალბათ გაძვირდება ტურისტული ობიექტების მომსახურება. მგონია, რომ ასე იქნება ფრენების შემთხვევაშიც – მოკლე ვადაში ყველა შეეცდება ძველი ღირებულების შენარჩუნებას. თუმცა, გრძელ ვადაში შეუძლებელი გახდება ეს, რადგან ვერ აიტანს მარჟების შემცირებას. ასევე, კომუნიკაცია გვქონდა იმ ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებთან, ვისაც ახლა მშენებლობა აქვს. ბევრი მათგანი არ აპირებს გაჩერებას. პირიქით – ამ პერიოდს მშენებლობისთვის გამოიყენებენ, შემდეგ კი სიტუაციის შესაბამისად დაიწყებენ ოპერირებას “.

ცნობილი ადამიანები და პერსონაჟები პაბლო ლობატოს ილუსტრაციებში

ამინდის გამო, ისტორიული მისია გადაიდო – SpaceX ISS-ზე ასტრონავტების გაყვანას 30 მაისს ცდის