13
Apr
2018

როგორ გავუმკლავდეთ “ტოქსიკურ” თანამშრომელს? – 4 ეფექტური მიდგომა

13 Apr 2018

“ტოქსიკური” თანამშრომლის თუ გუნდის წევრის საკითხი მას შემდეგ დგას, რაც ერთობლივი სამუშაო სივრცე შეიქმნა, თუმცა ამ თემის გარშემო საუბარი სულ უფრო გახშირდა. დღესდღეობით, ბიზნესი ერთსულოვანი გუნდის გარეშე, ფაქტობრივად, უფუნქციოა. კოლექტივს სჭირდება მეტი კოლაბორაცია, ადაპტირებული და პროაქტიული მუშაობა, ვიდრე ოდესმე. დრო, როდესაც გადაწყვეტილებები ვერტიკალური გზით (ზემოდან ქვემოთ) მიიღებოდა, მიდის. ძველ მიდგომას ინოვაცია ანაცვლებს – მართვის თანამედროვე სისტემაში ბიუროკრატიის ადგილი აღარ არის, გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად არიან ჩაბმულები თანამშრომლები და ეს მენეჯმენტს უფრო დინამიურს ხდის. თუმცა, ჯერ კიდევ არიან თანამშრომლები, რომლებიც ღიად თუ ფარულად, ეწინააღმდეგებიან ამგვარ ცვლილებებს და ძველი მიდგომით განაგრძობენ მუშაობას. ეს კი წარმოქმნის წინააღმდეგობას. აღსანიშნავია, რომ ერთი თანამშრომლის ამგვარმა ქცევითმა მოდელმა, შესაძლოა, მთელი გუნდის მუშაობას შეუშალოს ხელი.

statiebi-bog
statiebi-bog

 

დესტრუქციული ქცევებიდან, რომელსაც ავლენს ტოქსიკური თანამშრომელი, მარტივად ამოცნობადია შემდეგი: ჩვევია წაქეზება, კრიტიკა და დადანაშაულება, ზურგსუკან საუბარი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, შეხვედრის დროს გამოხატავს თანამოაზრეობას, თუმცა შეთანხმებას შემდეგ არ ითვალისწინებს და ა.შ.

ტოქსიკური თანამშრომლები დესტრუქციულები არიან, რადგან:

  • გადააქვთ ყურადღება არასაჭირო საკითხზე, დადებით და შემოქმედებით ენერგიას იწოვენ, მათდა უნებურად. თავის მხრივ, გუნდის წევრებიც მათ ქმედებებზე დაკვირვებაში კარგავენ ძვირფას დროს, იმის ნაცვლად, რომ ეს ენერგია შემოქმედებითად დახარჯონ და ახალ გამოწვევებს შეეჭიდონ.
  • მათი უსაქციელობა ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს თავად გუნდზე. ესაა ერთგვარი საბოტაჟი, რაც გუნდის დისფუნქციას იწვევს და საბოლოოდ, კომპანიის შედეგებზეც აისახება.
  • ისინი უგულვებელყოფენ კომპანიისა და მათი ხელმძღვანელის ღირებულებებს. ეს კი გზას უხსნის ცინიზმსა და უპატივისმცემლობას.
  • ცუდად მოქმედებს გუნდურ კულტურაზე. თუმცა, გონიერი თანამშრომლები ხვდებიან და ეწინააღმდეგებიან მის ასეთ ქმედებას.

თუ გუნდის ხელმძღვანელი ხარ, უნდა გააცნობიერო, რა ემართება (შენს) გუნდს, რომელშიც ტოქსიკური ადამიანი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რამდენად მაღალია მისიი პროდუქტიულობა, შედეგები, ცოდნა, ინტელექტი ან გამოცილება, დაუშვებელია ტოქსიკური თანამშრომლის ქცევის მოთმენა.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც “ტოქსიკური” პერსონა ჩვენი თანატოლია? ბევრი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, უჭირთ ადამიანის ქცევასთან გამკლავება. ბევრი გუნდს ან კომპანიას ტოვებს კიდეც, რადგან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ პოულობს.

 

როგორ გავუმკლავდეთ “ტოქსიკურ” თანამშრომელს?
პირველ რიგში, ეცადე, გულახდილად დაელაპარაკო ამ პიროვნებას. დიახ, რთულია, თუმცა აუცილებელი, რადგან სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ისევ იგივე სიტუაცია გაგრძელდება. გულახდილი საუბარი რთული ამოცანაა, შეიძლება ადამიანმა მაშინვე ვერ გააცნობიეროს, უარყოს მისი ქცევები და გაგინაწყენდეთ კიდეც, თუმცა დიდწილად, შენზეა დამოკიდებული, რამდენად მოქნილი იქნები ასეთ შემთხვევაში. ჰკითხე, რას ფიქრობს შენს ქცევაზე. ზოგჯერ ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად ზემოქმედებენ სხვებზე. კვლევები აჩვენებს, რომ უმეტესობა ჩვენგანს აქვს გაცნობიერებულობის ნაკლებობა, განსაკუთრებით, როცა ეს სამუშაოს ეხება. გახსოვდეს, რომ გახსნილი, გულწრფელი დიალოგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მიდგომა ასეთ შემთხვევაში.

 

წამოიწყე თამაში, თუმცა აკონტროლეთ საკუთარი ეგო. არ დაეშვათ მათ დონემდე! ფოკუსირდით საქმეზე და ამგვარად გადაიტანეთ ყურადღება. დააწესეთ ერთგვარი სტანდარტი გუნდის იმ ჯანსაღ ნაწილში, რომელიც მზადაა ერთობლივი მუშაობისთვის.

დაელაპარაკე ხელმძღვანელს. შესთავაზე თათბირის ჩატარება, სადაც განხილული იქნება გუნდური წესები და ნორმები და გუნდში კონფლიქტების დარეგულირება. შეხვედრის ფარული მიზანი იქნება, დაეხმარო თანამშრომლებს, გაიაზრონ, რა საქციელს როგორი შედეგი შეიძლება მოყვეს.

იზრუნე საკუთარ თავზე. არ მისცე სხვის ტოქსიკურ ქცევას, ზიანი მიაყენოს შენს ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. გააკეთე, რაც შეგიძლია, გაუშვი, რაზეც არ შეგიძლია ზემოქმედება და შეცვალე, რაზეც გაქვს ზეგავლენა. თუ მაქსიმალურად დაიხარჯე, რომ თანამშრომლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობები დაგემყარებინა, მაგრამ იმედი არსაიდან ჩანს ან სიტუაცია უარესდება, გაიარე კონსულტაცია HR პროფესიონალთან ან მენტორთან. თუკი ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო, იქნებ, უმჯობესია წახვიდე? სიცოცხლე მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ იმუშავო იქ, სადაც ცხოვრების ხალისს გიკარგავენ.

როდესაც ტოქსიკურ თანამშრომელთან ერთად მუშაობ, ეს გტანჯავს და დიდი ალბათობით, საქმიანი შედეგებიც არადამაკმაყოფილებელია. საკმაოდ ხშირად, ეს “ტკივილი” იქცევა ხოლმე მოტივაციად, რომ მოაგვარო პრობლემა და წახვიდე წინ. არ მოგატყუებთ, ეს არ არის ადვილი, ურთიერთობების აღდგენა და განვითარება დიდ ძალისხმევასა და გამბედაობას მოითხოვს. თუმცა, თუკი გადაჭრით გადაწყვეტ, მოაგვარო რთული ურთიერთობები, ასეც იქნება. როდესაც კეთილსინდისიერად და შეუპოვრად იხარჯები, აუცილებლად მიიღებ შედეგს.



განხილვა