in

რა უნდა ვიცოდეთ მომწამვლელი ადამიანების* შესახებ

ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა ფსიქიკური კეთილდღეობის განცდის შენარჩუნებაში ხელს გვიშლის. მათი ქცევების შესახებ მეტი ინფორმაციის ცოდნა კი გვეხმარება შესატყვისი ნაბიჯების გადადგმაში.

მანიპულაცია
ხშირად, მომწამვლელი ადამიანები* ირგვლივ მყოფებით მანიპულირებენ. თავდაპირველად, ისინი გულწრფელად დაინტერესებულნი არიან თქვენი გაცნობით, თუმცა, დროთა მანძილზე, მიღებულ ცოდნას, დ ი დ წ ი ლ ა დ, იმისათვის იყენებენ, რომ თქვენგან სასურველი რამ მიიღონ. ხშირად, ისინი გადაასხვაფერებენ თქვენს სიტყვებს და თავს დამნაშავედ გაგრძნობინებენ, თუ მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც მათ სურთ.

ისინი თავს ცუდ ადამიანად გაგრძნობინებენ
შეურაცხყოფა ისეთი რამაა, რაც, ცხადია, თავს ცუდად გაგრძნობინებთ, თუმცა, მომწამვლელი ადამიანები სხვა, მეტად დახვეწილ გზებს მიმართავენ, რომლებიც თავს ცუდ ადამიანად გაგრძნობინებენ. როდესაც სიამაყესა და სიხარულს განიცდით, ისინი ისეთ გზებს მიმართავენ, რომლებიც თქვენს მიღწევებს აუფასურებს. ზოგჯერ ისინი ისე იქცევიან, თითქოს, თქვენზე ჭკვიანები არიან, ხოლო თქვენ უგუნური და უმნიშვნელო ხართ.

ისინი გამკიცხავები არიან
დროდადრო, თითოეული ჩვენგანი სხვა ადამიანებისადმი გამკიცხავია, თუმცა, მომწამვლელ ადამიანს, დ ი დ წ ი ლ ა დ, გამკიცხავი დამოკიდებულება აქვს ირგვლივ მყოფებისადმი. ის მოვლენებს შავ – თეთრში ხედავს და ყველაფერს აკრიტიკებს, რასაც არ ეთანხმება ან არ მოსწონს იმის ნაცვლად, რომ სხვა ადამიანების განცდები და მათ ცხოვრებაში არსებული გარემოებები გაითვალისწინოს.

ნეგატიურზე კონცენტრირება
ზოგიერთ ადამიანს დადებითი მხარის დანახვის უნარი განუვითარებელი აქვს. ისინი შეძლებენ ყველაფერში რაიმე უარყოფითის აღმოჩენას, ხოლო სიხარულის განცდა თითქმის არაფრით შეუძლიათ. თუ ამგვარი ქცევების მქონე ადამიანის გვერდით იმყოფებით, რთულია, საკუთარ თავსა და გარესამყაროზე დადებითი წარმოდგენა შეინარჩუნოთ. ზოგჯერ რთულია, ერთმანეთისგან განასხვავოთ დეპრესიის ეპიზოდისგან გამომდინარე უარყოფითზე კონცენტრირება პიროვნული თავისებურებისგან. ამდენად, სასურველი იქნება, თქვენს ირგვლივ მყოფთან ისაუბროთ და სცადოთ, გაიგოთ, სჭირდება თუ არა მას დახმარება ფსიქიკურ მდგომარეობასთან გამკლავებაში.

პასიური აგრესია
პასიური აგრესია მოიცავს ისეთ ქცევებს, რომელსაც ადამიანი უკმაყოფილების გამოხატვისთვის, მასზე გულწრფელად საუბრის გარეშე მიმართავს. ასე გამოხატული მტრულობის მოხელთება ადამიანებს გაცილებით უჭირთ, ვიდრე – ბრაზით გამოხატული მტრული დამოკიდებულების მოხელთება. პასიური აგრესიის ზოგიერთი მაგალითი მოიცავს გამკიცხავ კომენტარებს, სხვა ადამიანების ძალისხმევის უარყოფას, განზრახ რაიმეს გაკეთებას ან, პირიქით, კონკრეტული ქცევის შეუსრულებლობას, რაც ადამიანებს უხერხულობას ან ბრაზს განაცდევინებს.

საკუთარ თავზე კონცენტრირებული
მომწამვლელი ადამიანები, ძირითადად, საკუთარ თავზე ზრუნავენ. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, როგორ მოქმედებს მათი ქცევები სხვებზე და სჯერათ, რომ სხვებზე უკეთესები არიან. ადამიანს, რომელიც საკუთარ თავზეა კონცენტრირებული, უჭირს დათმობა ან სხვა ადამიანების თვალთახედვის გათვალისწინება.

ბრაზის მართვის საგრძნობი სირთულე
ისეთი ადამიანის ირგვლივ ყოფნა, რომელსაც ბრაზის მართვის საგრძნობი სირთულეები აქვს, გვაიძულებს, გაფაციცებით ვადევნოთ თვალყური მის ქმედებებს. უმნიშვნელო რამესაც კი შეუძლია მათში რისხვის აღძვრა და, ხშირად, ისინი ირგვლივ მყოფებს მტკივნეულ რაღაცებს ეუბნებიან. შესაძლოა, მათ ბოდიშიც მოგიხადონ, თუმცა, ისინი ცოტა ხანში კვლავ იმეორებენ მსგავს ქცევებს.

მაკონტროლებელი ქცევა
მომწამვლელი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თავისებურება ირგვლივ მყოფების ქცევების მართვის ძლიერი მოთხოვნილებაა. შესაძლოა, მათ სცადონ თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა, გადაადგილების საშუალებებთან ან ფულთან წვდომა შეგიზღუდონ, რაც, თავის მხრივ, ადამიანებს გარესამყაროსთან ურთიერთობას ურთულებს.

გადაადგილების ან ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ურთიერთობის შეზღუდვა ძალადობის ფორმაა და დაუყოვნებელ მოქმედებას საჭიროებს.

* მომწამვლელი ადამიანი ან მომწამვლელი ადამიანები (Toxic Personality, Toxic People) – მეტაფორა, რომელიც გამოიყენება განსაზღვრული ქცევებისა და პიროვნული თავისებურებების ერთობლიობის მქონე ადამიანთან ურთიერთობის შედეგების დასახასიათებლად. აღწერილი თავისებურებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა ირგვლივ მყოფებში საგრძნობლად აქვეითებს ფსიქიკური კეთილდღეობის განცდას, გუნება – განწყობას, უარყოფითად მოქმედებს მათ თვითშეფასებასა და შრომისუნარიანობაზე.

ეს სიტყვათშეთანხმება გულისხმობს იმას, რომ ზემოთ აღწერილი ქცევები ვლინდება ხშირად და სისტემურად, ირგვლივ მყოფების უმრავლესობასთან და არა – დროდადრო, განსაზღვრულ ადამიანებთან ურთიერთობაში.

სიტყვათშეთანხმებას იყენებენ ისეთი ორგანიზაციების მიერ შექმნილ ფსიქოსაგანმანათლებლო წყაროებში, როგორიცაა: The National Alliance on Mental Illness (NAMI), PsychCentral, Psychology Today.

სიტყვათშეთანხმების შინაარსი დაზუსტდა 2020 წლის 12 მაისს მკითხველების მიერ სიტყვათშეთანხმებისთვის მინიჭებული ურთიერთგანსხვავებული მნიშვნელობების მიერ აღძრული განუსაზღვრელობის შემცირების მიზნით.


მეტისთვის: GCRT
წყარო: “Eliminating Toxic Influences,” Mental Health America (MHA), accessed May 8, 2020,
თარგმანი: საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოება 

როგორ შეიცვალა აღდგომის ტრადიცია – Windfor’s-ის პირველი კამპანია კიევიდან

Ascento – ორფეხა რობოტი, რომელიც არასდროს წაიქცევა