in

Toyota მთვარის როვერს რეგენერაციული საწვავის ტექნოლოგიით ააგებს

დიახ, Toyota უკვე მთვარის როვერების აგებას იწყებს და ამისთვის რეგენერაციული საწვავის ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებს. აქ იმ როვერზე ვსაუბრობთ, რომლის გაშვებაც ამ ათწლეულის ბოლოს იგეგმება. სწორედ ამიტომ გაერთიანდა მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი Japan Aerospace Exploration Agency-სთან (JAXA).

კოსმოსურ რბოლაში ჩართულ ამერიკასა და ჩინეთს ბოლო წლებში იაპონია მეტად ამბიციურად შეუერთდა. მთვარეზე ისტორიული დაშვებიდან 50 წლის შემდეგ, ამერიკა Artemis-ის, კიდევ ერთი მთვარის მისიისთვის ემზადება და მთვარის ორბიტაზე ფორპოსტის, სახელად Gateway-ს შექმნა სურს. იაპონიას კი უნდა, რომ აქ თავისი ასტრონავტიც ჰყავდეს და ამ მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის არტემისის მისიასთან. ამ უკანასკნელს JAXA-ს საშუალებით ახერხებს… 

მისიის ნაწილი სწორედ ის 2-კაციანი მთვარის როვერია, რომელსაც ტოიოტა აგებს. რაც შეეხება საწვავის ტექნოლოგიას, ჩვეულებრივ, კოსმოსური მისიებისთვის აგებული როვერები ენერგიის გამომუშავებისთვის მზის ენერგიას იყენებს და მას ბატარეებში ინახავს ღამით გამოსაყენებლად. თუმცა მთვარეზე ერთი ღამე დედამიწის 14 დღეს უდრის, რის გამოც ბატარეებზე დაფუძნებული ენერგიის მარაგის არსებობა თითქმის შეუძლებელია.

სწორედ აქ ენიჭება რეგენერაციული საწვავის ტექნოლოგიას დიდი მნიშვნელობა — მზის ენერგიას წყლის ჟანგბადად და წყალბადად გასაყოფად გამოიყენებს და მას ღამისთვის  საწვავის უჯრედებში შეინახავს. შემდგომში კი ეს შენახული ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება და მას როვერის დასამუხტად გამოიყენებენ. თავდაპირველად წყალი დედამიწიდან გაიგზავნება, თუმცა სამომავლოდ მის მოპოვებას მთვარის პოლუსებიდან ფიქრობენ… როგორც აცხადებენ, ტოიოტას მთვარის როვერს 10-წლიანი მისიის სიცოცხლე ექნება და წელიწადში 42 დღეზე მეტს იმუშავებს, ამას კი ბევრი წყალი დასჭირდება…

იმასაც ვიგებთ, რომ ტოიოტა მთვარის როვერისთვის Lunar Cruiser-ის დარქმევას აპირებს. მისი წონა კი 10 ტონა იქნება, რომელიც მტვრიან გარემოსა და ექსტრემალურ ტემპერატურებსაც უნდა გაუმკლავდეს, დაიცვას მასში არსებული ადამიანები და კვლევაც განაგრძოს. 

რა როლს ასრულებს „გულწრფელობის მარკეტინგი“ შემოქმედებით ინდუსტრიაში?

როგორ შეცვლის ფილმების მარკეტინგს Barbie-ის ციებ-ცხელება