in

Toyota-ს რობოტი სურსათის წაღებაში დაგეხმარებათ

გაიცანით Punyo, რომელიც მეტად ადამიანურად ურთიერთობს სამყაროსთან. ჩვეულებრივი რობოტებისგან განსხვავებით, რომლებიც დავალებების შესასრულებლად კიდურებს იყენებენ, Punyo მთლიან სხეულს ეყრდნობა, რაც მოიცავს მკერდს, მხრებსა და თეძოებს, რათა ობიექტები ზუსტად ისე გადაიტანოს, როგორც ეს ადამიანებს შეუძლიათ. თუნდაც მაშინ, როცა სასურსათო ნივთები მიაქვთ ან ავეჯს გადააადგილებენ. 

მიმზიდველადაც გამოიყურება და, ალბათ, იმიტომ, რომ Punyo-ს იაპონური კონცეფციითაა შთაგონებული, რომელიც ერთდროულად რბილი, საყვარელი და გამძლეა. მეგობრული სახეც აქვს და ზედაც აცვია, რომელიც ტაქტილური სენსორებითაა აღჭურვილი. სწორედ ეს უკანასკნელი აძლევს მას იმის შეგრძნების საშუალებას, რასთანაც ინტერაქცია აქვს, იქნება ეს ადამიანი თუ ობიექტი. ეს კი კვლავ აუმჯობესებს ნივთების ფრთხილად აღების უნარს. მანქანის მწარმოებლის ხედვასაც ასახავს, რომელსაც უბრალოდ რაღაცის კეთების უნარი კი არ აქვს, არამედ მასთან ერთად მუშაობა უსაფრთხო და სახალისოცაა.

როგორც უკვე გითხარით, ჰუმანოიდის დიზაინი მთლიანი სხეულის მანიპულაციაზეა ფოკუსირებული. ეს მეთოდი კი, თავის მხრივ, უფრო მძიმე და დიდი ობიექტების გადაადგილების საშუალებას აძლევს რობოტს. იმაზე ეფექტურადაც, ვიდრე ამას მხოლოდ ხელებით გააკეთებდა… აქვე Punyo-ს ხელებზე ჰაერით გაბერილ მასალასაც დაინახავთ, რომელიც სწორედ იმიტომ აქვს, რომ სიმძიმეების აწევისას წნევა დაარეგულიროს. მხრების ბოლოში კი შიდა კამერებია ინტეგრირებული, რომლებიც ამ გაბერილ ბუშტებში მოთავსებული წერტილოვანი ნიმუშების დეფორმაციას აკვირდება, რათა შეაფასოს ძალები, თუ რამდენად და როგორ შეძლებს Punyo კონკრეტული ნივთის აწევას. 

თუმცა ამის გამო Toyota-ს ჰუმანოიდი რობოტი უბრალოდ რბილი სათამაშო ნუ გეგონებათ, მასში რობოტის ტრადიციული კომპონენტებიც შეგხვდებათ… მყარი და რბილი რობოტიკის შერწყმით კი Punyo საუკეთესო ვარიანტი ხდება, რომელიც ჩვეულებრივი ბოტების სიზუსტესა და ძალას რბილი რობოტული სისტემების მოქნილობასა და უსაფრთხოებასთან აერთიანებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ Toyota-ს მკვლევრები AI სწავლების პროცესს მიმართავენ რობოტის გასაწვრთნელად, უფრო ზუსტად, ასწავლიან, როგორ გაუმკლავდეს უფრო დიდ ობიექტებს ეფექტურად. ამგვარად, ალბათ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივუახლოვდით მომავალს, რომელშიც ადამიანებისა და რობოტების თანაცხოვრება არც ისე ცუდად გამოიყურება. 

ინსტინქტების როლი მარკეტინგში

რა მოხდება, თამაშისას წნეხი რომ არ არსებობდეს?