in ,

Toyota, იაპონიაში, „მომავლის ქალაქს“ აშენებს

Toyota მოწინავე ტექნოლოგიების ქალაქის პროტოტიპს აშენებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Woven City, დაახლოებით, 708 200 მ2 -ზე, ფუჯის მთის (ფუჯისანი, ფუჯიამა) მიმდებარედ განთავსდება. „ჭკვიანი ქალაქი“ იქნება „ცოცხალი ლაბორატორია“ მუდმივი მაცხოვრებლების თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დროებით ჩასული მკვლევარებისთვის. როგორც კომპანიაში ამბობენ, თითოეული მათგანი შეძლებს განახორციელოს და გატესტოს „ჭკვიანი“ სახლები, ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის თუ სხვა მიმართულებით შექმნილი პროექტები.

 

 

„აბსოლუტურად ნულიდან შენდება სრულყოფილი ქალაქი. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მომავლის ტექნოლოგიების განვითარებისთვის, მათ შორის – ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ციფრული ოპერაციული სისტემებისთვის“.

ფუტურისტული ქალაქი დანიელმა არქიტექტორმა Bjarke Ingels-მა დააპროექტა. როგორც კომპანიაში ამბობენ, Woven City იქნება სრულად მდგრადი, ენერგომომარაგებისთვის – წყალბადის საწვავის ეკოსისტემით აღჭურვილი დასახლებული პუნქტი.

ქალაქის ქუჩები სამ ნაწილად, დანიშნულების მიხედვით დაიყოფა: ერთი – სწრაფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, მეორე – დაბალსიჩქარიანი მანქანებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის. ქალაქის მესამე ნაწილში კი განთავსდება პარკი, მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის.

„ტოიოტას“ ქალაქში, შენობათა უმრავლესობა ხის მასალისა იქნება, რომელსაც ტრადციული იაპონური მეთოდით, ადგილობრივი დურგლები დაამუშავებენ. სამშენებლო სამუშაოებისთვის კი, ნახშირბადის ემისიის (გამოყოფა) შესამცირებლად, რობოტიზებულ ტექნიკას გამოიყენებენ.

 

როგორც კომპანიაში ამბობენ, სახლები, შიგნით, აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით – მათ შორის რობოტოტექნიკითა და სენსორიანი AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნიკით.

„მომავლის ქალაქში“ მოეწყობა დიდი ცენტრალური პარკიც, რომ მოსახლეობას კომუნიკაცია ჰქონდეს და მაცხოვრებლები მაქსიმალურად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.

„ტოიოტას“ ინფორმაციით, Woven City-ის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება. პირველ ეტაპზე, 2 000-მდე ადამიანი დასახლდება – ესენი იქნებიან „მომავლის ქალაქის“ თანამშრომლები და მათი ოჯახები, მკვლევარები, რითეილერები, ინდუსტრიის პარტნიორები.

 

„ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით კი „ტოიოტას“ მასშტაბის კორპორაციებმა წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ სამყარო უკეთესი გახდეს. Woven City პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ დანაპირების შესასრულებლად“, – აღნიშნა Toyota-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

BMW-ს მზერის დეტექტორი – თქვენს მანქანას ეცოდინება, საით იხედებით მისი მართვისას

საიდან მოდის თავდაჯერებულობა? – British Army-ის რეკლამა