Toyota-ს ახალმა Yaris Cross-ის კამპანიამ Alice in Wonderland სრულიად თანამედროვე, მოდური და სიურრეალისტური ინტერპრეტაციით გააცოცხლა. T&P-ის მიერ შექმნილ და Rodrigo Saavedra-ს მიერ გადაღებულ რეკლამაში კლასიკური ზღაპრის ნაცნობი პერსონაჟები თანამედროვე ქალაქურ გარემოში ჩნდებიან, ხოლო მთავარი გმირი, Alice, ახალი Toyota Yaris Cross Hybrid-ით მათ კვალს მიჰყვება.
ვიდეო ქალაქის ხედით იწყება და მალე კამერა ახალგაზრდა ქალზე გადადის, რომლის ვიზუალიც ვიქტორიანულ დეტალებს თანამედროვე მოდასთან აერთიანებს. ალისა ქუჩაში ამჩნევს გოგოს, რომელსაც აბრეშუმის ქურთუკის ზურგზე დიდი თეთრი კურდღელი აქვს ამოქარგული. როგორც კი შუქნიშანი მწვანდება, ალისა მას მიჰყვება და სწორედ აქ იწყება მოგზაურობა საოცრებათა ქვეყნის ახალ ვერსიაში.
ქალაქის გვირაბი თანდათან კურდღლის სოროდ გარდაიქმნება, შემდეგ კი გარემო კიდევ უფრო ფანტასტიკური ხდება. გზაზე ჩნდება გიგანტური ჩაის ჭიქის ატრაქციონი, თითქოს მოდის ჩვენებიდან გამოსული პერსონაჟებით. Mad Hatter აქ DJ-ია, გრძელი თმით, ვერცხლისფერი ცილინდრითა და ვარდისფერი პიჯაკით.
სხვა ეპიზოდში Yaris Cross-ის დაფაზე გამოსახული ინდიკატორი ვიქტორიანულ წამზომად გარდაიქმნება, რომელსაც იდუმალი გოგო ჰაერიდან იჭერს. მის პარაშუტზე კი კატის სახეა გამოსახული.
ქალაქში დაბრუნების შემდეგ ქუჩები ჭადრაკის დაფას ემსგავსება. მანქანის ეკრანზე ალისას ურეკავენ და ეკრანზე ჩნდება მკაცრი ქალი წითელ სამოსში, რომლის ვიზუალიც ერთდროულად Queen of Hearts-სა და The Devil Wears Prada-ს პერსონაჟს მოგვაგონებს. ალისა ზარს წითელი ღილაკით თიშავს და გზას აგრძელებს.
კამპანია სრულდება ახალი Toyota Yaris Cross Hybrid-ის წარდგენით და ფრაზით: „Ready for What’s Next“.
Alice in Wonderland-ის სამყაროს გამოყენება Toyota-ს საშუალებას აძლევს, ავტომობილის სხვადასხვა თვისება უფრო სანახაობრივად აჩვენოს. თითოეული ფანტასტიკური სცენა Yaris Cross-ის მოქნილობას, დიზაინს ან ჰიბრიდულ შესაძლებლობებს უკავშირდება, მთლიანად კამპანია კი აშკარად ახალგაზრდა აუდიტორიაზეა გათვლილი.
განსაკუთრებით საინტერესოა ისიც, რომ ვიზუალურად ასეთი ფანტასტიკური კამპანია AI-ს დახმარებით ძალიან მარტივად შეიძლებოდა შექმნილიყო, თუმცა T&P-მ პრაქტიკული წარმოება აირჩია. დეკორაციები, კოსტიუმები, თმისა და მაკიაჟის დიზაინი რეალურად დამზადდა და სცენების დიდი ნაწილი კამერაშივე გადაიღეს.
შედეგად, რეკლამას ხელოვნურად გენერირებული სამყაროს ნაცვლად ფიზიკური ტექსტურა და განსაკუთრებული ვიზუალური სიღრმე აქვს. თანამედროვე მოდის, კინოსა და კლასიკური ზღაპრის ეს კომბინაცია Yaris Cross-ს უბრალოდ ავტომობილად კი არ აჩენს, არამედ Alice-ის თავგადასავლის მთავარ ნაწილად აქცევს.












