ფართოდ გავრცელებული მითი არსებობს იმის შესახებ, რომ თითქოს ფერადკანიან ადამიანებს კანის კიბო არ ემართებათ… ახლა კი ამ მითის დამსხვრევა შემოქმედებითმა სააგენტო T&P-მ გადაწყვიტა. უნდა ითქვას, საკმაოდ ინოვაციური გზით, თუმცა სანამ ამაზე მოგიყვებით, ორიოდე სიტყვით დაავადებასაც შევეხოთ — როგორც ვიგებთ, ე. წ. აკრული მელანომა კანის კიბოს ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ფერადკანიან ადამიანებში. მზეზე ყოფნას საერთოდ არ უკავშირდება და მისი დიაგნოზირებაც რთულია. თუმცა პირველი ნიშნები ფრჩხილებზე ვლინდება და მკურნალობის წარმატებაც მათ დროულად ამოცნობაზეა დამოკიდებული.
T&P-ს კი სწორედ ამ საკითხზე სურდა ცნობიერების ამაღლება, ამიტომ ფრჩხილის სტიკერები შემოგვთავაზეს, Beauty Spotters უწოდეს და ასე მომხმარებლებს აჩვენეს, როგორი ფორმით ვლინდება აკრული მელანომა ფრჩხილებზე, რომ მათი დროულად ამოცნობაც შეძლონ და შემდგომ მკურნალობაც ჩაიტარონ.
„ეს კამპანია აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია კრეატიულობას მნიშვნელოვანი ცვლილებების შემოთავაზება ყველაზე მოკრძალებული და ამასთან, მარტივად ხელმისაწვდომი აქსესუარებით. Beauty Spotters Toolkit გვაწვდის მესიჯს, რომლის იგნორირებაც რთულია“, — აცხადებს ტობი ალენი, T&P-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.