14
Sep
2019

თბილისში ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი იხსნება

14 Sep 2019

16 სექტემბერს, სასტუმრო „სტამბაში“ ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმი  (TPMM) იხსნება. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ეს თანამედროვე გამოსახულებაზე ფოკუსირებული პირველი ინსტიტუცია იქნება. მათი მთ​ავარი მიზანი კულტურული და სოციალური ცვლილებების კატალიზატორად ფოტოგრაფიის მედიუმის გამოყენებაა. მუზეუმს ფრანგი არტისტების დუეტის, ვენსან მუნის და პრისილა ტელმონის მულტიმედიური პროექტი “Unus Mundus: რიტუალები და ტრანსი“ გახსნის. ღონისძიება 18:30-ზე დაიწყება.

 

„ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული განსხვავებული კონფესიების, ხალხებისა და ეთნიკური ჯგუფების რიტუალების პოეტური დოკუმენტაციაა, რომელთა ერთობლიობაც გლობალიზაციისგან ჯერ კიდევ შორს მყოფი იმ სამყაროს მომაჯადოებელი ალტერნატიული ატლასია, თვითმყოფადობასა და ტრადიციებს რომ ინარჩ​უნებს“.

ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის გახსნა Tbilisi Photo Festival-ის მთავარი მოვლენაა. მის შექმნას საფუძვლად დაედო ფესტივალის აქტივებში არსებული მდიდარი კოლექციები – ანაბეჭდები,  ფოტო წიგნები, მულტიმედიური პროექტები.

„საგამოფენო სივრცის გარდა, ინსტიტუცია მოიცავს მედიათეკას, რომლის ნაწილიც არის საქართველოში პირველი ფოტო წიგნების ბიბლიოთეკა და მულტიმედიური არქივი. მედიათეკა შეიქმნა პროექტის „სამხრეთ კავკასიური ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ ფარგლებში და მას, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს. TPMM-ს, „აჭარა ჯგუფმა“, სასტუმრო „სტამბას“ ტერიტორიაზე, 950 კვ/მ ფართი გადასცა “.

 

განხილვა