– „რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები?”
შერჩევის ინტერვიუს ეს კითხვა ხშირად დაბნეულობას იწვევს, რადგან არ ვიცით რას გვეკითხებიან, რა აინტერესებთ, ან რა უნდა ვუპასუხოთ.
ძლიერ და სუსტ მხარეებზე კითხვა დასავლური კულტურიდან დამკვიდრდა და სწრაფად გახდა “მოდური”. ამ კითხვის გამოყენებას ორი ძირითადი მიზანი აქვს (იმედი ვიქონიოთ, კითხვის ავტორმა ეს იცის): ა) გამოარკვიოს, ხელს რა შეგვიშლის საქმის კარგად შესრულებაში და როგორ „გავუძლებთ”კრიტიკას; ბ) გამოარკვიოს, რა დაგვეხმარება კარგად მუშაობაში და რა გამოცდილებით დავადასტურებთ მომავალ წარმატებას.
დასავლურ კულტურაში კითხვა ძლიერ და სუსტ მხარეებზე სტრესულ კითხვად ითვლება – სამუშაოს მაძიებელმა უნდა „აღიაროს” რა ნაკლი აქვს და იქვე დასახოს გეგმა, როგორ გამოასწორებს სისუსტეებს. სტრესულია ძლიერი მხარეების განხილვის დროსაც, რადგან, კანდიდატმა უნდა დაასაბუთოს რა არის მისი „საქმიანი” უპირატესობა და ეს არ უნდა იყოს მეგობრებიდან მიღებული შეფასება პიროვნულ „სიკეთეებზე”.
სტრესის შექმნის ეს მეთოდი საინტერესოა, მაგრამ სჭირდება ცოდნა, თუ როგორ ვმართოთ და გამოვიყენოთ კითხვა სწორად. სწორად გამოყენება და მართვა შემდეგია:
- ქართული კულტურისთვის შესაფერისი პერიფრაზის მოძებნა (დაბნეულობის შესამცირებლად), მაგალითად: სუსტი მხარე – „როგორ ფიქრობთ, რა თვისება ან უნარი შეგიშლით ხელს იყოთ წარმატებული, საქმეს გაართვათ თავი”?; ძლიერი მხარე – „როგორ ფიქრობთ, რა თვისება ან უნარი დაგეხმარებათ იყოთ წარმატებული?”
- კითხვის გამოყენების ცოდნა – ინტერვიუერმა უნდა იცოდეს, როდის და ვისთან უნდა დავსვათ ეს კითხვა. თუ სამუშაოს მაძიებელი სტუდენტია, გაუჭირდება ისაუბროს ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რადგან ჯერ არ დაუგროვებია საკუთარი სისუსტეებისა თუ სიძლიერეების შეფასების საკმარისი გამოცდილება. თუ კანდიდატი გვესაუბრება მხოლოდ „საგმირო საქმეებსა” და წარმატებულ კარიერაზე, მაშინ შესაძლებელია კანდიდატი „შევაშფოთოთ” და საკუთარ კრიტიკაზეც მივმართოთ.
- საკმარისი ინფორმაციის არსებობა – ინტერვიუერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კითხვის ადრესატმა კარგად იცის, თუ რა უნარებს მოითხოვს ვაკანსიაზე გათვალისწინებული საქმე და რა არის საქმის კარგი ან ცუდი შედეგი.
როგორ უნდა ვუპასუხოთ კითხვას „რა არის თქვენი სუსტი მხარე”?
ამ კითხვაზე ყველაზე არასწორი პასუხია: „არ მაქვს ნაკლი”; „არ მიფიქრია”; „ვფიქრობ არ მაქვს სისუსტეები”; „მიჭირს სისუსტეებზე საუბარი”; „არ ვიცი”. დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს რომ „უნაკლოა”, ეს მცდარია! ყველას გვაქვს სუსტი მხარეები და გაგიმართლათ, თუ მხოლოდ ერთი „ნაკლი” გაქვთ.
სუსტ მხარეებზე საუბარს მომზადება და დაგეგმვა სჭირდება. ვემზადებით „აღიარება და გამოსწორების” პრინციპით (“confession & recovery approach” ), რაც გულისხმობს შემდეგს:
ა) ამოვარჩიოთ „საუკეთესო” სისუტე, ანუ სისუსტე, რაც არ შექმნის აგრესიას და შესაძლებელია, ძლიერ მხარედ სწრაფად გადაიქცეს. არ დაგვავიწყდეს, რომ აღიარებას უნდა დავუპირისპიროთ შესაბამისი გამოსწორების გეგმა, ან მცდელობები.
მაგალითი:
- „არ მიყვარს სხვისი რჩევების მოსმენა და დაჯერება, მაგრამ რამოდენიმეჯერ პრობლემა შემექმნა და ახლა ვცდილობ მოვისმინო და დავფიქრდე მეგობრების რჩევებზე”;
- „მეუბნებიან, რომ ჯიუტი ვარ, ამიტომ ვცდილობ სხვების რჩევები გავითვალისწინო”;
- „მიყვარს დილით კარგად გამოძინება და ხშირად ვაგვიანებ, მაგრამ ვცდილობ კვირაში 2 დღე ამოვარჩიო და არ დავაგვიანო”;
- „არ მომწონს როცა შენიშვნას მაძლევენ, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებელია და ვცდილობ შენიშვნა აღარ დავიმსახურო”;
- „არ მაქვს სამუშაო გამოცდილება, მაგრამ ვიცი, რომ თქვენი ორგანიზაცია დამეხმარება და სწრაფად ვისწავლი“.
მომზადებისას არ დაგვავიწყდეს, რომ სისუსტე იყოს რეალური, ინდივიდუალური (რაც ნამდვილად გვახასიათებს) და არ იყოს ნეგატიური. უნდა ვეცადოთ, რომ ინტერვიუერს არ შევთავაზოთ „არასანდო“ სისუსტეები, რომელიც შენიღბულ ძლიერ მხარეს წარმოადგენს. ასეთ პასუხს ინტერვიუერის კრიტიკა მოსდევს, გამოსწორების გეგმას ვერ მოვუძებნით და სტრესს უფრო გავამძაფრებთ. არასანდო სისუსტის მაგალითია: „თვითკრიტიკული ვარ”; „ჩემს მიერ გაკეთებულს უამრავჯერ შევამოწმებ“; „ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს”; “ვიდრე საქმეს არ დავამთავრებ, სახლში არ წავალ” და სხვ.
„რა არის თქვენი ძლიერი მხარეები”? – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ კითხვის მიზანია გამოარკვიოს რატომ ვართ ვაკანსიაზე საუკეთესო კანდიდატი, რა არის ჩვენი ინდივიდუალური უპირატესობა.
ამ კითხვაზე არასწორი პასუხია: „არ ვიცი, არ მიფიქრია”; „გამიჭირდება დასახელება”; “უმჯობესია, კოლეგებს/მეგობრებს ჰკითხოთ”. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის საკუთარი ძლიერი მხარეების შესახებ! მცდარია მოსაზრება „თავმდაბალი ვარ, რადგან არ ვაქებ საკუთარ თავს!” შექებას არავინ გვთხოვს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება აუცილებელია – თუ ჩვენ არ ვიცით „ვინ ვართ”, მომავალი დამსაქმებელი საქმეს არ გვანდობს.
ძლიერ მხარეებზე საუბარსაც თავისი წესი აქვს – არ შეიძლება ნებისმიერი სიძლიერე შევთავაზოთ ინტერვიუერს! უნდა დავასახელოთ მხოლოდ ისეთი, რაც ვაკანსიასთნ შესაბამისობაშია. სხვა დანარჩენი „სიძლიერე” უსარგებლო ინფორმაციაა.
დადებით თუ ძლიერ მხარეებზე სასაუბროდ მომზადებისას, აუცილებელია გავიაზროთ, რა არის ჩვენი უპირატესობა და ყველა უპირატესობას მოვუძებნოთ (და არა შევქმნათ) ფაქტი ან შედეგი. თუ ფაქტის მოძებნა გაგვიჭირდება, კარგი გამოსავალია ვკითხოთ მეგობარს ან კოლეგას, ჩვენი რა უნარები მოსწონს და რატომ.
მიზანშეწონილია, ამოვარჩიოთ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ძლიერი მხარე, გადავამოწმოთ არის თუ არა ვაკანსიასთან შესაბამისობაში და დავასაბუთოთ შესაბამისი გამოცდილებით. ძლიერი მხარეების გასაანალიზებლადაც არსებობს კარგი მეთოდი: გამოწვევა-ქმედება-შედეგი (CAR. : challenge-action-result) ან სიტუაცია-ამოცანა-ქმედება-შედეგი (STAR: Situation-task-action-result). ეს მეთოდები დაგვეხმრება ინტერვიუერს შევთავაზოთ ობიექტური, კონკრეტული და სანდო ინფორმაცია ჩვენს უპირატესობებზე. მაგალითად:
– „ვარ ინიციატივიანი, რამოდენიმე დღის წინ კოლეგებს შევთავაზე გაგვეუმჯობესებინა ფაილების აღრიცხვის მეთოდი, ავუხსენი რა იყო გასაკეთებელი, დამიჯერეს და პროცესი შევცვალეთ“;
– „ვარ პუნქტუალური, მუდმივად მიწევს შეხვედრებზე სიარული და ამისთვის ვემზადები ერთი კვირით ადრე. ორშაბათს დავგეგმე ვიზიტები, წინა დღით ყველა ვიზიტის დროს ვამოწმებ, არასოდეს მაგვიანდება შეხვედრაზე”;
– „მიყვარს ახალი თემის შესწავლა, მაგალითად მეგობარს ვთხოვე აეხსნა რა არის 4D ბრენდინგი, მომეწონა, დამაინტერესა და ორშაბათს მივდივარ ტრენინგზე”;
ძლიერ და სუსტი მხარეებზე საუბარი არ არის მარტივი და სპონტანურობა ვერ დაგვეხმარება. ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი ვინც საკუთარ შესაძლებლობებს სწორედ შეაფასებს, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. დავფიქრდეთ, დრო დავუთმოთ საკუთარი შესაძლებლობების ანალიზს და ვფიქრობ, „რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები” კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა არ გაგვიჭირდება.
და კიდევ, SWOT ანალიზი ნებისმიერ ადამიანს სჭირდება კარიერის დასაწყებად, კარიერის განსავითარებლად და ზოგადად, პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
გისურვებთ წარმატებას, სუსტი მხარეების გაძლიერებას და ძლიერი მხარეების გამრავლებას!
პ.ს იდეისა და თემისთვის გულწრფელი მადლობა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბაკალავრებს!