გასული წლის განმავლობაში ყველამ გავაცნობიერეთ, რომ “ახალი ნორმალური მდგომარეობისთვის” უნდა მოვემზადოთ – მაგრამ რას ნიშნავს ეს, ან როდის დაიწყება, გაუგებარია. პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ზოგიერთ ადამიანს მოუწია, კარიერული მისწრაფებები უკანა პლანზე დაეხია, რადგან მოულოდნელი სამედიცინო საჭიროებების წინაშე აღმოჩნდა. ასე რომ, ბევრ მათგანს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს მათი კარიერული პროგრესი შეფერხდა…
ჯერჯერობით აშკარად ნაადრევია იმის თქმა, რომ პანდემია დასრულების პირასაა… თუმცა ვაქცინაციის პროცესთან ერთად ზოგიერთ ქვეყანაში უკვე იწყება აქტიურ ცხოვრების წესთან დაბრუნება და ჰორიზონტზე რამდენიმე პოტენციური ცვლილებაც მოსჩანს. ახლა სწორედ ის დროა, საკუთარ თავს რომ ჰკითხოთ, როგორ უნდა აკონტროლოთ კარიერა.
ჰიბრიდულ ოფისებსა და ჰიბრიდულ პროფესიულ იდენტობაში გადასვლისას, ე. წ. “ზღურბლურ” მომენტში ვექცევით – ზოგჯერ არასასიამოვნო “შუალედურ” ფაზაში, როდესაც ცხოვრების ერთი გზიდან მეორეზე გადადიხართ. ეს გაურკვევლობასთან ერთად შესაძლებლობასაც ქმნის… კვლევის ფარგლებში მუშაობის სამი ძირითადი ასპექტი გამოიკვეთა, რომლებზეც პანდემიამ დიდი გავლენა იქონია. რაც მთავარია, მკვლევრები ირწმუნებიან, რომ თუ მათ გააზრებულად და სტრატეგიულად მიუდგებით, დაგეხმარებათ თქვენი კარიერის წარმატებით ჩამოყალიბებაში.
მანერა, რომელშიც ვმუშაობთ
ერთი რამ, რაც პანდემიურ პერიოდში ვისწავლეთ არის ის, თუ როგორ ვაღწევთ ჩვენი მუშაობის მაქსიმუმს – როდის და როგორ ვასრულებთ სამსახურეობრივ მოვალეობას საუკეთესოდ.
ზოგიერთმა დასაქმებულმა იმდენად დიდი კომფორტი იგრძნო დისტანციურად მუშაობისას, რომ არც კი ფიქრობს ოფისში დაბრუნებაზე. ამის პარალელურად, სხვებს ენატრებათ ოფისის გარემო, კოლეგებთან კონტაქტი და მარტოობით დაღლილები აღიარებენ, რომ ფიზიკური სამსახურეობრივი ცხოვრება მათთვის მნიშვნელოვანია.
ფაქტია, პანდემიამ მართლაც დაადასტურა ვირტუალური მუშაობის მიზანშეწონილობა… და, ბუნებრივია, ონლაინ მუშაობის აქტიურად დანერგვის შემდეგ, მასზე უარის თქმა ძალიან რთულია. როგორც მეტაანალიტიკური კვლევები გვარწმუნებს, დისტანციური მუშაობა უმეტესწილად სასარგებლოა – ის აუმჯობესებს არა მხოლოდ პროდუქტიულობას და სამსახურეობრივ კმაყოფილებას, არამედ ოჯახურ ურთიერთობებსაც (ან სულ მცირე, ნეიტრალურია ამ საკითხში).
თავის მხრივ, ზემოთ ხსენებული ასპექტების გაუმჯობესების კიდევ უფრო დიდი ზრდაა მოსალოდნელი – ტექნოლოგიური რესურსების გაუმჯობესებისა და კულტურული მზადყოფნის ფონზე, რომელიც იმის გაცნობიერებას გულისხმობს, რომ შესრულებული სამუშაოს შედეგებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კონკრეტულ ადგილას ყოფნას.
ეს ნიშნავს, რომ ბევრ პროფესიაში, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი თავისუფლება გექნებათ – თავად გადაწყვეტთ, რა პირობებით იმუშავებთ. მაგალითისთვის, დორი კლარკის წიგნში “გრძელი თამაში”, რომელიც მალე დაიბეჭდება, ავტორი ერთი პიროვნების ისტორიას გვიზიარებს – ადამიანური რესურსების წარმატებულმა აღმასრულებელმა დირექტორმა თავისი დამსაქმებლები დაითანხმა, მას კოლაროდის მთების ერთი პატარა ქალაქიდან დისტანციურად ემუშავა. “გინდათ საუკეთესო თანამშრომლის აყვანა დისტანციურად? პოსტ-კოვიდ პერიოდში ბევრ ადამიანს შეეძლება იგივე კითხვის დასმა”.
კომპანია და ლიდერები, რომელთათვისაც ვმუშაობთ
კრიზისი ხშირად ხელმძღვანელობის უტყუარი გამოცდაა – დიდი ზეწოლის ქვეშ კარგი ლიდერები მაღალი ხარისხის მუშაობით გამოირჩევიან, ხოლო ცუდი ლიდერები პროგრესის ნაცვლად, დიდ მარცხს განიცდიან.
პანდემიის დროს თანამშრომლებმა უფროსისა და ზოგადად კომპანიის ხელმძღვანელობის შესახებ ბევრი ახალი რამ გაიგეს – რამდენად სამართლიანად და პატივისცემით ეპყრობოდნენ ისინი თავიანთ თანამშრომლებს? როგორ მოქმედებდნენ გაურკვევლობის დროს? რას ანიჭებდნენ პრიორიტეტს – გრძელვადიან თუ მოკლევადიან წარმატებას?
ამ ახალი დეტალებით ინფორმირების ფონზე, პანდემიის სტაბილიზაციის შემდეგ, სავარაუდოდ, დაჩქარებულ სამუშაო ძალის დენადობას ვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებაში უკვე საგრძნობლად მცირე როლს ასრულებს ფიზიკური ადგილმდებარეობა – ახლა, როგორც არასდროს, გექნებათ შესაძლებლობა, ისეთ კომპანიებში დასაქმდეთ, რომლებიც თქვენს ღირებულებებს იზიარებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სრულად დისტანციურის ნაცვლად, ჰიბრიდულ პოლიტიკას ატარებს კონკრეტული ორგანიზაცია, არჩევანი თქვენზეა – იმუშავებთ ონლაინ თუ, სამსახურთან ერთად საცხოვრებელსაც შეიცვლით.
ჩვენი პროფესიული ქსელები
გასულმა წელმა გვასწავლა ვის ვენდოთ. რომელი კოლეგები დაგეხმარნენ, როდესაც პირადი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით? ვინ არ იშურებდა ძალისხმევას, რომ ონლაინ რეჟიმშიც კი შეგენარჩუნებინათ კავშირი და ვინ გიკავშირდებოდათ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენგან რაიმე სჭირდებოდა? ცხადია, ოფისის სივრცეში დაბრუნების პარალელურად ჩვენი ურთიერთობები შეიცვლება – უკეთ აღვიქვამთ, ვისთან გვსურს ახლო ურთიერთობის დამყარება, ვის უნდა ვენდოთ და ვისი იმედი გვქონდეს.
გარდა ამისა, დიდხნიანი იზოლირების შემდეგ, როდესაც გაცილებით რთული იყო ხალხის გაცნობა, ბევრს ენდომება ახალი კავშირების დამყარება. თუ თქვენ ძალისხმევას ჩადებთ ქსელური ღონისძიებების ორგანიზებაში – იქნება ეს ვირტუალური თუ ფიზიკური, ე. წ. “დამაკავშირებლის” როლსაც მოირგებთ. თავის მხრივ, ეს დაგეხმარებათ, კავშირი დაამყაროთ ისეთ პირებთან, რომლებიც სხვა შემთხვევაში თქვენთვის მიუწვდომელნი იყვნენ. გახსოვდეთ, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ადამიანები მსგავსი შეკრებების დროს თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ და შესაბამისად, თქვენი რეპუტაციაც საგრძნობლად გაიზრდება.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, კრიზისის შემდგომ გაძლიერებული მოქნილობისა და შესაძლებლობების წყალობით, ძალიან დიდი და რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ მეტი ადამიანი მიიღებს სასურველ სამსახურს.
როგორც ანტონიო გრაშმიმ, დიდმა პოლიტიკურმა თეორეტიკოსმა თქვა: “კრიზისი მდგომარეობს იმაში, რომ ძველი კვდება და ახლის დაბადება შეუძლებელია. ამ შუალედში სიმპტომების მრავალფეროვნება იჩენს თავს”… ჩვენს სიტუაციას რომ შევადაროთ, პანდემიური პერიოდი მართლაც რთული იყო მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ მან შესაძლოა რაიმე ახალი და უკეთესი წარმოშვას.
წყარო: HBR