2015 წელს, დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს მივაღწიე და პროფესიონალი მწერალი გავხდი. თუმცა, აქამდე დიდი გზა გავიარე. ჯერ ვნერვიულობდი, როგორ გამომეცა ელექტრონული წიგნი. პარალელურად, პირველი ვებგვერდი „გავუშვი“, ხელმომწერები კი საერთოდ არ მყავდა. გადავწყვიტე, რჩევა სპეციალისტისთვის მეკითხა. ლიტერატურის სფეროში მოღვაწე, დაახლოებით, 10 აგენტს ვესაუბრე და ერთადერთი რაც გამომცემლობებსა და წიგნის ბეჭდვაზე გავიგე, ის იყო, რომ ჩემს შეკითხვებზე პასუხი სხვაგან უნდა მეძებნა.
გამომცემლობებმა რომ ყურადღება მოგაქციონ, როგორც მწერალს, უკვე შენი მკითხველი უნდა გყავდეს, მაგალითად, ბლოგის გამომწერების გარკვეული რაოდენობა. ერთ-ერთ აგენტს ვუთხარი, 2015 წლის ბოლოსთვის, ჩემს ბლოგს 5 000 ხელმომწერი ეყოლება-მეთქი. მითხრა, ახლანდელ მოცემულობას თუ გავითვალისწინებთ, ეს შეუძლებელია, ამიტომ წიგნის გამოცემაზე, 3-5 წლის შემდეგ შეგიძლია ფიქრიო.
მივხვდი, რჩევას არასწორ ადამიანს ვეკითხებოდი. ისეთი ხალხი მჭირდებოდა, ვინც ჩემნაირად ფიქრობდა და იქით მიდიოდა, საითაც – მე. გადავწყვიტე, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მქონოდა. მას შემდეგ განვლილ გზას თუ გადავხედავთ, შემიძლია რამდენიმე რჩევა მოგცეთ, როგორ უნდა მიაწღიოთ დასახულ მიზნებს.
აუცილებელია, იცოდეთ, რა გინდათ!
კოლეჯში, სტუდენტთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ სწავლობს. თითქოს, ელოდებიან, როდის უკარნახებენ შემდეგ ნაბიჯს. იდეალურ მომავალზე რომ იფიქრონ, ამისთვის საკმარისი არც ცოდნა აქვთ და არც – გამოცდილება. ის ადამიანები, კი ვინც იცის რა უნდა, სამყაროს განსხვავებულად ხედავენ, საკუთარ ინტერესებს იცავენ და მიზნის მისაღწევად, ყოველ დღე მუშაობენ. როცა ოცნებას ისრულებენ, მერეც სულ მის გარშემო ტრიალებენ. მაგალითად, ვიღაცამ, ბოლოს და ბოლოს, იყიდა ის მანქანა, წლები რომ ოცნებობდა. და რა ხდება შემდეგ? ქალაქში ყველა ასეთ მანქანას ამჩნევს. რატომ? ადრე არასოდეს აკვირდებოდა, ვის ჰყავდა იგივე მოდელი?
ჩვენი გონება ყოველგვარ ზედმეტ ინფორმაცის ფილტრავს. მაგალითად, არ გვამახსოვრდება ის ხმა, სუნი ვიზუალი და ა.შ. , რომელიც არ გვაინტერესებს. ასე გრძელდება მანამ, სანამ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია არ მოხვდება ჩვენს თვალსაწიერში. აი, შემდეგ კი ვაკვირდებით და ვამჩნევთ ყველაფერს, რაც ამ თემას უკავშირდება.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეთ, რა გინდათ. მაშინ მთელი ყურადღება თქვენთვის საინტერესო საკითხზე გადაგაქვთ, უფრო მობილიზებული ხართ და გამუდმებით ამ თემაზე ფიქრობთ. ეს, ალბათ, თქვენი ცნობიერი იდენტობის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა.
როცა მთელ ყურადღებას თქვენი მიზნისკენ მიმართავთ, სასწაული ხდება !
ნებისმიერი მიზნის მისაღწევად არსებობს ორი გზა: ერთი სტანდარტული და გრძელი, მეორე – არასტანდარტული და, შედარებით, მოკლე. როდესაც გადავწყვიტე, პროფესიონალი მწერალი გავმხდარიყავი, როგორც უკვე გითხარით, ლიტერატურული აგენტების რჩევა, არ გამომადგა. ამიტომ, მხოლოდ იმ ხალხის სიბრძნეზე ვიყავი დამოკიდებული, ვისი მსგავსიც მინდოდა გავმხდარიყავი. დავიწყე სხვადასხვა ბლოგების კითხვა, პოდკასტების მოსმენა. ასეთ პლატფორმებზე თითოეული სიტყვა, რჩევა ძალიან ღირებულია და ზუსტ მიმართულებას გაძლევს. შედეგად, ის 3-5 წელი, გამომცემელმა რომ დამითვალა, 60 დღეში გავიარე. თუმცა, სკეპტიციზმი და ეჭვები დღესაც მაწუხებს. ყოველთვის ვფიქრობ, აძლევს კი ჩემი ტექსტები ხალხს იმას, რაც სურთ?
თქვენი აზროვნება და სურვილი განსაზღვრავს, გინდათ, თუ არა კონკრეტული საქმის კეთება. როგორც ამბობენ, სანამ ნებისმიერი ჩანაფიქრი წარმატებული პროექტი არ გახდება, ის უბრალოდ იდეაა. გიჟური იდეების განხორციელება კი ყოველთვის სარისკოა.
დასკვნა!
როდესაც ზუსტად იცით, რა გინდათ, ისეთი შესაძლებლობებს ამჩნევთ, რაც სხვებისთვის ხელმიუწვდომელია. ამასთან, გიჩნდებათ იშვიათი გამბედაობა, არ გააჭიანუროთ მათი გამოყენება, რადგან მთელი ყურადღება, განვითარებასა და წინსვლაზე გაქვთ გამახვილებული.
თუ ზუსტად იცით, რისი მიღწევა გსურთ, სხვა, იდეალურ შესაძლებლობებზეც კი უარს იტყვით, რადგან მთავარი მიზნისკენ მიმავალი გზას არ ასცდეთ. ნებისმიერი შანსი არარელევანტურია, თუ თქვენს მიზნებს არ ემთხვევა. ნამდვილი შესაძლებლობა კი, რომელიც თქვენი ოცნების ახდენაში დაგეხმარებათ, მართლაც ერთხელ გეძლევათ და უნდა ეცადოთ, ხელიდან არ გაუშვათ. როგორც ვალდო ემერსონმა თქვა, როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებთ, თითქოს, მთელი სამყარო მის შესრულებაში გიწყობთ ხელს. მართლაც ასეა. როცა ზუსტად იცით, რა გინდათ, ყველა ზედმეტ აზრსა და რჩევას უკუაგდებთ და მხოლოდ იმაზე ხართ ორიენტირებული, რომ თქვენს მიზანს მიაღწიოთ.
ამიტომ, უბრალოდ გადაწყვიტეთ, რა გინდათ ცხოვრებაში. მის მისაღწევად საჭირო რესურსებს ყოველთვის იპოვით.
წყარო: Inc. ავტორი –