იუსტიციის სასწავლო ცენტრს ახალი პოზიციონირება აქვს. უკვე შეცვლილი ვიზუალური ბრენდინგის გარდა, იქმნება ბრენდ პლატფორმაც. ცენტრის მარკეტინგის მენეჯერი ერეკლე ამაშუკელი ამბობს, რომ ახალი პლატფორმით ცენტრის მიზნები და საქმიანობა შინაარსობრივად უფრო მრავალფეროვანი გახდება.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომხმარებელს ტრენინგ მომსახურებას, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასა და სასტუმრო ოთახებს სთავაზობს.
ერეკლე ამაშუკელი : “სასწავლო ცენტრი მდებარეობს ილიას გორაზე, ყვარელში, თბილისიდან 2 საათის სავალზე. კომპლექსში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ადამიანებმა სამუშაო თუ სასწავლო პროცესთან ერთად შეძლონ განტვირთვა მშვიდ და კომფორტულ გარემოში. კომპლექსის შიდა ეზოში არის ტერასა ულამაზესი ხედით და ღია საცურაო აუზით. კომპლექსის არქიტექტურა Matthias Sauerbruch და Louisa Hutton – ის სტილისტიკაზე მიგვითითებს, რომელიც სრულ ჰარმონიაშია ლანდშაფტთან და ამავე დროს ფუნქციურად გამართული ავანგარდული ინტერიერით გამოირჩევა. ცენტრის გამოყენება შეუძლიათ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებს.”
M: ცოტა ხნის წინ დაიწყო ცენტრის რებრენდინგი. რა იყო ცვლილების მიზანი?
იუსტიციის სასწავლო ცენტრის რებრენდინგი მიზნად ისახავს ახალი იერსახითა და ბევრი საინტერესო პროდუქტით ქართულ ბაზარზე მისი პოზიციონირების ახალ ეტაპს. ამასთან, ვიზუალური ბრენდინგის გარდა, იქმნება ახალი ბრენდ პლატფორმა, რომლის წყალობითაც ცენტრის მიზნები და საქმიანობა შინაარსობრივად უფრო მრავალფეროვანი გახდება.
M: ვიზუალური ბრენდინგის კუთხით რა შეიცვალა?
შეიცვალა ლოგო და შეიქმნა ახალი საფირმო სტილი, რომელიც კარგად გამოხატავს ცენტრის მოქმედების სფეროს. ადვილად დასამახსოვრებელია და უკეთ უზრუნველყოფს ორგანიზაციის ცნობადობას.
M: ლოგოს ავტორი გიორგი ბოხუაა. რა იგუსლიხმება ამ ლოგოში და რისი ხაზგასმა გსურთ ამით?
ლოგო ასახავს სიბრძნის ხეს (tree of wisdom), რომელიც პირდაპირ პასუხობს სასწავლო ცენტრის ძირითად საქმიანობას. ის დახვეწილია და მისი სტილი, (colour,pattern) ამავდროულად, ასოციცირდება ყვარლის კომპლექსთან. სასწავლო ცენტრის გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე, ლოგო უნდა ყოფილიყო არატრენდული, ამიტომ შეიქმნა კლასიკური, მარტივი სიმბოლო. თბილი ფერები კი გვაახლოებს მომხმარებელთან და ხელს უწყობს სასწავლო პროცესის კომფორტულად წარმართვას.