ახლა, როცა „ონლაინ“ გაკვეთილები და დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტური იყოს. „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“, რომელიც ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს არის 10-თვიან სასწავლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პედაგოგები საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მასწავლებელთა გადამზადების კურსია, რომელიც დაეხმარება მათ, უფრო ეფექტურად ჩაატარონ დისტანციური მეცადინეობები.
„ჩვენი მთავარი მიზანია, სკოლის მასწავლებლების უნარების გაძლიერება, საკლასო გარემოს მოდერნიზება და მოსწავლის საჭიროებებზე მორგება. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლები მიიღებენ მეტ ინფორმაციას საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმების, მოსწავლეზე ორიენტირებული და სხვა საერთაშორისო მიდგომებზე. მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ, განათლების ექსპერტების დახმარებით, შექმნან თანამედროვე საგაკვეთილო გეგმები, კომუნიკაცია დაამყარონ ამერიკელ მასწავლებლებთან და შეიტყონ მეტი ინფორმაცია ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ. ეს პროგრამა საქართველოში აშშ-ს საელჩოს კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება“, – ამბობს პროექტის მენეჯერი გიორგი ორკოდაშვილი.


„პროექტის მიზანია ახმეტისა და ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლების გაძლიერება, სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვა და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოს შექმნა“, – ამბობს მარიამ გელდიაშვილი.
გიორგი ორკოდაშვილის თქმით, მსგავსი პროექტი მათ, მცირე გრანტის ფარგლებში, გასულ წელს უკვე განახორციელეს. და სწორედ მაშინ გაუჩნდათ „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივის“ პროგრამის შექმნის იდეა.
„ოთხ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში: ხულოში, ქედაში, მესტიასა და წალკაში ჩავატარეთ 1-დღიანი ტრენინგები, სადაც მასწავლებლებს მივაწოდეთ ინფორმაცია სხვადასხვა სასწავლო პლატფორმის და თანამედროვე სწავლების მეთოდების შესახებ. ამ პროექტს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებდა. მაშინვე გაგვიჩნდა იდეა და სურვილი, რომ უფრო დიდი პროექტი გაგვეკეთებინა, რადგან დავინახეთ ამის საჭიროება და მასწავლებლების მხრიდან ძალიან დიდი მოტივაცია. ეს საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა კორონავირუსის პანდემიის დროს“.











