ანიმაცია მსოფლიოში ცნობილი ინდუსტრიაა და მისი წყალობით, ჩვენ უამრავი გენიოსისა და მათი შემოქმედების გაცნობა შევძელით. დღეს ალბათ ვერც წარმოგვიდგენია სამყარო ანიმაციის არსებობის გარეშე. ის ვიზუალური შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული მიმდინარეობაა და დღეს მით უმეტეს, როცა ვიზუალური კომუნიკაცია აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ხელოვნებაში, არამედ ბიზნესსა და მარკეტინგშიც, მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია.
საქართველოში ამ მიმართულებით სტუდია „გარნამატაკი” მუშაობს, რომელიც 2018 წლიდან არის ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში არაერთ საინტერესო, მათ შორის ბევრ საერთაშორისო პროექტზე იმუშავა. თავდაპირველად ეს გუნდი „ანაგრამას” სახელით მოღვაწეობდა და დღემდე ბევრი ამ სახელწოდებით იცნობს, თუმცა 2021 წლიდან გადაწყვიტეს, რომ მეტი უნიკალურობა შემოეტანათ იდენტობაში და „გარნამატაკი” დაირქვეს. სტუდია არაერთ ქართულ სააგენტოს ემსახურება VFX პროექტებისა და კომპლექსური ანიმაციების მიმართულებით. ახლა კი წამოიწყო პროექტი Training for life (T4L), რომელიც წარმოადგენს 4 კურსისგან შემდგარ სასწავლო პროგრამას. პროგრამის მთავარი მისია ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის სათანადო ცოდნის მიცემა და მათი ცნობიერების ამაღლებაა, ხოლო მისი გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. აღნიშნულ პროგრამას სტუდია „გარნამატაკი“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად ამ სასწავლო პროგრამის შედეგი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნა უნდა ყოფილიყო, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სტუდიამ გეზის შეცვლა გადაწყვიტა და კურსებიდან შემოსულ თანხას სრულად მოახმარს უკრაინელთა მხარდაჭერას.
მეტი დეტალისთვის გთავაზობთ ინტერვიუს ანა კაბულაშვილთან, სასწავლო პროგრამის კოორდინატორთან:
M: ანა, დავიწყოთ „გარნამატაკით”, მოგვიყევით სტუდიის შესახებ…
ჩვენი სტუდია 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ არაერთ წამყვან ქართულ სააგენტოსთან თანამშრომლობს, თუმცა ჩვენი საქმიანობის 80% საერთაშორისო დაკვეთებზე მოდის. გვყავს პარტნიორები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, აშშ-იდან. მათ შორის არიან ცნობილი ამერიკული სტუდიები Cartuna და Nickelodeon, რომლებთანაც სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს 2020 წლიდან. გასულ წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალში (KIAF) გარნამატაკის სახელით და ანიმაციის კატეგორიაში ოქრო და ვერცხლი მოვიპოვეთ. წელს მეტ პროაქტიულობას ვგეგმავთ პრესტიჟულ კონკურსებსა და ფესტივალებზე, რადგან საკმარისი მრავალფეროვნება დაგვიგროვდა პორტფელში.
M: თქვენ ახლახან გამოაცხადეთ სასწავლო პროგრამა. რას გულისხმობს ის, რა ფორმატში ტარდება და როდის იწყება?
Training for Life (T4L) საგანმანათლებლო პროგრამაა რომელიც ემსახურება ქართული ანიმაციური და ვიზუალური ეფექტების ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. პროგრამა ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
სასწავლო პროცესი ონლაინ, პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომია ოთხი კურსი: 3D ანიმაცია, 3D გრაფიკა, სამხატვრო ხელმძღვანელობა და შემოქმედებითი პროექტების მართვა. კურსები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, თუმცა, ამავდროულად ანიმაციური პროექტის შესრულებისთვის ურთიერთშემავსებელი კომპეტენციების განვითარებას უზრუნველყოფს და თვითკმარი გუნდის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა.
კურსები 2022 წლის იანვრიდანაა ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე კი ბოლო ჯგუფების შევსება მიმდინარეობს.
M: ვინ იქნებიან პროგრამის მენტორები?
პროგრამის მენტორები სტუდია „გარნამატაკის” დამფუძნებლები არიან. 3D ანიმაციის კურსს ირაკლი კილაძე, გარნამატაკის მთავარი ანიმატორი უძღვება, მისი გამოცდილება 10 წელზე მეტს ითვლის და მოიცავს მრავალ ლოკალურ თუ გლობალურ პროექტს, მათ შორის კომპლექსურ სამგანზომილებიან ანიმაციებს, რომლებსაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მოპოვებული.
3D გრაფიკის კურსს კი ნიკა მაისურაძე, სტუდიის მთავარი გრაფიკოსი ხელმძღვანელობს. მას კომპლექსურ ანიმაციებზე, ფილმებზე და რეალისტურ CG კომპოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ნიკას ნამუშევრებს არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუპოვებია.
სამხატვრო ხელმძღვანელობის კურსის მენტორი „გარნამატაკის” სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან მელიქიშვილია. მას წამყვან სარეკლამო და შემოქმედებით სააგენტოებში სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. ლევანი კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსის პრინტ კატეგორიის ოქროს პრიზიორია. მისი მიღწევებიდან ასევე გამოსარჩევია მთელი რიგი საერთაშორისო საფესტივალო და საკონკურსო ჯილდოები, მათ შორის რეჟისურის, საფილმო შემოქმედების, წარმოების დიზაინის, ანიმაციური რგოლებისა და ვიზუალური ეფექტების სამხატვრო ხელმძღვანელობის განხრით.
შემოქმედებითი პროექტების მართვის კურსს გარნამატაკის პროექტების მენეჯერი, ოთო შამუგია უძღვება. აქვს მარკეტინგის, მართვისა და ბიზნესის განვითარების 15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მრავალპროფილური საკონსულტაციო საქმიანობის 6 წლიანი სტაჟი. ოთო არის ESM-ის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, მოსბახის პროფესიული აკადემიის კურსდამთავრებული და ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტობის კანდიდატი (ALM) ინდუსტრიულ-ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში.
M: სათითაოდ რომ ჩავშალოთ თითოეული კურსი ამ პროგრამიდან და მოკლედ აღგვიწეროთ ისინი…
3D ანიმაცია – კურსის მიზანია, 3D ანიმაციის საბაზო ეტაპის შესწავლა. კურსის განმავლობაში მონაწილეები მუშაობენ მოკლე, 10–12 წამიანი ანიმაციის შექმნაზე. მუშაობის პროცესში დრო ეთმობა ისეთ თემებს, როგორიც არის გარემოსა და პერსონაჟის მოდელირება, პერსონაჟის დარიგვა (ჩონჩხის ჩასმა), გარემოს ელემენტების ანიმაცია, პერსონაჟის ანიმირება, ბოლოს საჩვენებელი ვიზუალის დაყენება და ვიდეოფაილის სახით ექსპორტირება.
3D გრაფიკა – კურსის მიზანია, სამგანზომილებიანი გრაფიკის თეორიული ბაზის საფუძვლიანი შესწავლა, შესრულების სხვადასხვა ხერხების ახსნა და მათი პრაქტიკაში გამოყენება ფოტორეალისტური ნამუშევრის შექმნის მაგალითზე. ფოტორეალისტური ნამუშევრის შექმნის პროცესი მოიცავს კომპიუტერული გრაფიკის მრავალ დარგს და ასევე ვიზუალური ეფექტების სხვადასხვა ხერხების გამოყენებას კომპოზიციის დასრულებული სახის მისაღებად.
სამხატვრო ხელმძღვანელობა – სამხატვრო ხელმძღვანელობის (შემოქმედების ანატომია) კურსის მიზანია სამხატვრო ხელმძღვანელობის დარგის სტრუქტურულად დაშლა, მისი სიღრმისეული ანალიზი და შემოქმედებითი პოტენციალის ზრდისთვის და გამოვლინებისთვის საჭირო თეორიული ცოდნის და პრაქტიკული ტექნიკების შესწავლა-შემუშავება. კურსი მოიცავს სხვადასხვა კრეატიული ტექნიკების და მათთან ასოცირებული ჭკუის შესაფერისი შრეების აღწერას და მათ დახვეწას.
შემოქმედებითი პროექტების მართვა – წარმატებული პროექტის წინაპირობა ეფექტური გუნდია. ადამიანების სრული პოტენციალის მისაღწევად კი პირველ რიგში უნდა გვესმოდეს ამის ხელშემწყობი ან ხელის შემშლელი შინაგანი პროცესების არსი. კურსის განმავლობაში განხილული იქნება ორგანიზაციული ქცევის ფუნდამენტური პრინციპები, ევრისტიკასა და არჩევანის არქიტექტურა, კრეატიულობის ფსიქოლოგიურ ასპექტები და შესაძლებლობების შეფასება-განვითარება პროექტის მსვლელობისას.
M: ამ პროგრამის წარჩინებით გავლის შემთხვევაში, რა შანსები ეძლევათ კურსდამთავრებულებს?
,,გარნამატაკი” ანიმაციური სტუდიაა, შესაბამისად, ჩვენთვის პრაქტიკული გამოცდილება პრიორიტეტულია. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ცოდნისა და უნარების განვითარებასთან ერთად გვინდა, მივცეთ ჩვენივე პროექტებში ჩართვისა და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა, მათ შორის გუნდურ ფორმატში.
პრაქტიკული უნარების განვითარების შემდეგ, საგულდაგულოდ შერჩეული კურსდამთავრებულები აქტიურად ჩაერთვებიან მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების და/ან კომერციული პროექტების წარმოებაში შესაფერისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კურსებში გადახდილი თანხა პირდაპირი ინვესტიციაა ქართულ ანიმაციურ და სამხატვრო შემოქმედებაში, მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობის გამოცდილება კი სფეროში ყველაზე ფასეულ გამოცდილებად ითვლება. ჩვენი პირველი პროექტიც უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია და ვაპირებთ, რომ მისი შექმნის პროცესი და განახლებები აქტიურად გავაზიაროთ ხოლმე.
M: როგორც გავიგეთ, ამ პროექტით უკრაინასაც ეხმარებით, მოგვიყევით ამაზე: როგორ გაჩნდა ეს იდეა და როგორ იგეგმება განხორციელება?
ჩვენი სასწავლო პროგრამის თვითმიზანი მატერიალური ხასიათის არასდროს ყოფილა. გვინდა, ქართული ანიმაციური სფეროს განვითარებაში მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ. მოზიდული რესურსებით კი ჩვენი პირადი, არაკომერციული პროექტები ვაწარმოოთ. გვჯერა, ამ უკანასკნელის საშუალება კიდევ მოგვეცემა. მანამდე და დღეიდან კი კურსებიდან მიღებულ შემოსავლებს სრულად (100%) ვრიცხავთ უკრაინის წითელ ჯვარში. მათთვის, ვისაც აქვს სურვილი კურსის გავლის, გავააქტიურეთ კოდი 4ukraine, რაც მათთვის დამატებითი შეღავათი იქნება, თანხა კი სრულად მოხმარდება უკრაინელთა ჰუმანიტარულ საჭიროებებს.
[R]










