in

Traktor.ge – ფერმერთა საქმიანობაზე მორგებული პლატფორმა

Startauperi
Startauperi

Traktor.ge ვებგვერდია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტრადიციულ სფეროს – სოფლის მეურნეობასა და თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ვებგვერდი ფერმერის გონიერი დამხმარეა, რომელიც უფასო ონლაინ კონსულტაციებს, სასარგებლო რჩევებს, ფერმაზე მორგებულ დეტალურ ამინდის პროგნოზსა და აგროკალენდარს აერთიანებს. მარკეტერი ესაუბრა ნინო ნანიტაშვილს – ტრაქტორის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს Traktor.ge-ს ფუნქციაზე, სამიზნე აუდიტორიაზე, მომსახურების დეტალებზე, უპირატესობებსა და პლატფორმის განსავითარებელ ორიენტაციაზე.

M: ნინო, რა არის „ტრაქტორის“ საქმიანობის არსი?
დაახლოებით, ორი წლის წინ, ჩვენი უცხოელი კოლეგების, იონე კათსუკის, მარკ ვან ემბდენ ანდერსისა და ჰანს გუტბროდის იდეით დავიწყეთ საპილოტე პროგრამა „მოსავალი“, რომლის ფარგლებში შექმნილმა ვიდეო ინსტრუქციებმა  სულ რამდენიმე თვეში ნახევარმილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და ფერმერებისგან დიდი რეზონანსი გამოიწვია. სწორედ ამან განაპირობა იდეის უკვე შემდეგ ეტაპზე გადასვლა და „ტრაქტორის“, როგორც სტარტაპის ჩამოყალიბება. „ტრაქტორი“ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, მიზნად ისახავს ფერმერთა გაძლიერებას და ამ მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში. კომპანიის მისიაა, მიაწოდოს ფერმერებს საჭირო ცოდნა და გაზარდოს მათი წვდომა უკეთეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან და მომსახურებასთან იქნება ეს აგრონომიული კონსულტაციები თუ აგროსესხები.

M: ვისთვის არის თქვენი პლატფორმა განკუთვნილი?
ტრაქტორის მომხმარებლები არიან როგორც დიდი და საშუალო ფერმერები, ასევე, დამწყები, სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანები. გაშვებიდან ერთ თვეში, უკვე გვყავს თითქმის 4 000 მომხმარებელი, დაფიქსირდა რამდენიმე გაყიდვაც მაღაზიაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-IboQQrUxNI[/embedyt]
M: რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?
ფერმერებისთვის „ტრაქტორი“ უზრუნველყოფს შემდეგს:
სამეურნეო დახმარება: საჭიროებაზე მორგებული რჩევები კონსულტანტებისგან − დაწყებული აგრონომებით და დამთავრებული ვეტ-ექიმებით.
მოსავალის ციფრული კალენდარი: მოსავალის თითოეული ტიპისთვის საჭირო მთავარი პრაქტიკების სწრაფი მიმოხილვა.
სასარგებლო რჩევები: დისტანციური შესწავლისთვის განკუთვნილი იმ მთავარი ტექნიკების მონაცემთა ბაზა, რომლებიც გამოცდილი და უტყუარია მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
ინტერნეტ მაღაზია: ქვეყნის მასშტაბით არსებულ, ფერმერთა წამყვანი ცენტრების მიერ უზრუნველყოფილ საუკეთესო ნედლეულის მარაგთან მარტივი წვდომა.

M: რისი ყიდვა შეიძლება ონლაინ მაღაზიაში?
ონლაინ მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროუქტს, როგორებიცაა: სასუქები, პესტიციდები, სათესლე და სანერგე მასალა. ჩვენ გვაქვს amazon-ის ტიპის ონლაინ მაღაზია, სადაც სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ან იმპორტირებული პროდუქცია იყიდება. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი და თანხის გადახდის მოქნილი ფორმები: პლასტიკური ბარათით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატით, ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერის მოსვლის დროს და ახლა ვმუშაობთ ონლაინ განვადებაზეც.M: რას ნიშნავს მორგებული ამინდის პროგნოზი და როგორ უნდა ვისარგებლოთ ამ ფუნქციით?
ტრაქტორის მობილურ- და ვებაპლიკაციაში რეგისტრაციის დროს მომხმარებელი უთითებს ფერმის ადგილმდებარეობას, რის შემდეგაც ხორციელდება ლოკალიზებული ამინდის პროგნოზის მიწოდება. ფერმერი, ამ ფუნქციის მეშვეობით, შეძლებს ფერმაში ჩაუსვლელად მიიღოს ინფორმაცია, როგორი ამინდია მოსალოდნელი კონკრეტულად მის ტერიტორიაზე, როგორ გამოიყურება შემდეგი სამი დღის პროგნოზი და როგორი იყო გასული სამი თვის დინამიკა. ჩვენი ამინდის პროგნოზი განსხვავებული იმიტომ არის, რომ სხვა ვებგვერდები თუ სატელევიზიო პროგნოზები მოიცავენ უმეტესად დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს. ჩვენს შემთხვევაში კი ამინდის პროგნოზი გრძედისა და განედის მიხედვით დგება რაც საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ ამინდი, თუნდაც დაშორებული იყოს ცენტრალური ქალაქისგან.

M: თქვენი აპლიკაცია რომელი ტელეფონებისთვისაა ხელმისაწვდომი?
საპილოტე პროექტის განხორციელების პერიოდში გამოიკვეთა, რომ ფერმერების დიდი უმრავლესობა ანდროიდის სისტემის მომხმარებელია, შესაბამისად, პირველ ეტაპზე ტრაქტორი ანდროიდის ტელეფონებს მოემსახურება და თავსებადია ანდროიდის 4.1 (Jelly Bean) ვერსიიდან ზევით. 

 M: ვებგვერდზე გვთავაზობთ აგროტელეფონებს. რით განსხვავდება ჩვეულებრივი ტელეფონისგან?
განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ პირველ რიგში, საკმაოდ ხელსაყრელი ფასია. ფასში  შედის ზარები, SMS-ები და ინტერნეტი, რაც ჩვენი აპლიკაციის გამოყენებაშიც დაეხმარებათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი ასეთი შეთავაზება ფერმერებისთვის, როცა ტელეფონს აგროაპლიკაციაც მოყვება და ეს ყველაფერი შეღავათიან ფასად. „აგროტელეფონით“ გვინდა იმ საჭიროებასაც ვუპასუხოთ, რომ ფერმერებს არ აქვთ სათანადო წვდომა ე.წ. სმართფონებთან.

 M: საერთაშორისო ბაზარზე თუ იცნობენ Traktor.ge-ს?
„ტრაქტორის“ შესახებ პრეზენტაცია არაერთ საერთაშორისო სტარტაპების შეჯიბრსა თუ კონფერენციაზე გაგვიკეთებია. მაგალითად, გასულ წელს წარმოდგენილები ვიყავით Europe Fest-ზე ჰოლანდიაში ევროპის 20 მოწინავე სტარტაპს შორის. სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარკ ვან ემბდენ ანრესმა „ტრაქტორის“ შესახებ ისაუბრა ოსტინში, ამერიკაში ისეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე, როგორიცაა SXSW კონფერენცია.M: Seedtars Tbilisi-ის ფესტივალზე მე-3 ადგილი დაიკავეთ, რომელ კატეგორიაში იღებდით მონაწილეობას და რის მიხედვით აარჩიეს traktor.ge?
Seedtars Tbilisi-ში მონაწილეობას ვიღებდით Social Impact კატეგორიაში ადგილობრივ კონკურსზე, თბილისში. სტარტაპები რამდენიმე კრიტერიუმით ფასდებოდნენ, როგორიცაა: იდეის ინოვაციურობა, ტექნოლოგიური გადაწყვეტა, გუნდურობა და ა.შ.

M: რამდენი ადამიანია ჩართული Traktor.ge-ს საქმიანობაში?
ტრაქტორის საქმიანობაში, ამჟამად, ადგილობრივად 12 ადამიანია ჩართული, თუმცა აგრო-საკონსულტაციო ქსელი გაცილებით მეტი ადამიანისგან შედგება. ტრაქტორის უკან დგას ქართველებისა და ჰოლანდიელებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც გვაქვს გამოცდილება მსოფლიოს 12-ზე მეტ ქვეყანაში მონაცემთა ანალიზისა და ციფრული გადაწყვეტების შემუშავების კუთხით.

M: რაზე ხართ ორიენტირებული, რის მიხედვით მიიჩნევა TRAKTOR.GE-ს საქმიანობა წარმატებულად და გაამართლა, თუ არა პლატფორმამ?
პირველ რიგში, წარმატებად მივიჩნევთ ჩვენი მომხმარებლების რაოდენობასა და მათს დადებით შეფასებას. გვინდა, რომ აგვისტოს ბოლომდე, 15 ათასი მომხმარებელი გვყავდეს. თუ დავინახავთ, რომ ჩვენი პლატფორმა დაეხმარა ფერმერებს უკეთესი მოსავლის მიღებაში, საკუთარი აგრობიზნესის დაწყებაში, ეს იქნება ჩვენთვის სიგნალი, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ. მეორე მხრივ, „ტრაქტორს“ ვუყურებთ როგორც ბიზნესს და მიზნები გვაქვს გაყიდვების რაოდენობის, ბიზნესმოდელის დახვეწის კუთხითაც. მალე შეიძლება, გავყიდოთ ან გავაქირაოთ ტრაქტორებიც, პლატფორმის საშუალებით.

Pornhub–ის ბოროტი ხუმრობა საპირველაპრილოდ

#თაობა – Serious: თავდაუზოგავად ვმუშაობ ხოლმე საკუთარ ტრეკებზე, „პოხუიზმი“ მუსიკას არ უხდება