3
ივლ
2018

როგორ უნდა იქცეს მენეჯერი ლიდერად, რომელსაც მოუსმენენ და გაყვებიან?

3 ივლ 2018

დღესდღეობით, მენეჯერები/მიკრომენეჯერები ყველა ინდუსტრიაში მრავლად არიან. შესაძლოა, ფუნქციებს კარგად ასრულებენ, ასე თუ ისე, მოაქვთ შედეგი და საერთო ჯამში, საქმე კეთდება. თუმცა, თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ჩნდება დამატებითი კითხვები: რამდენად სასიამოვნო იყო საქმის კეთების პროცესი? რამდენად გუნდურად სრულდება სამუშაო? როგორია შიდა ურთიერთობები? რამდენად ხანგრძლივად შენარჩუნდება ამგვარი ურთიერთთანამშრომლობით მიღებული ეფექტიანობა? თუკი გუნდს ხელმძღვანელობთ, ხართ ისეთი ლიდერი, რომელსაც პატივს სცემენ და ვისთან ერთადაც სიამოვნებით მუშაობენ? ამ სტატიაში, გვსურს გაგიზიაროთ რჩევები, რაც მენეჯერებს კარგ ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

statiebi-bog
statiebi-bog

აღიარეთ, რომ თქვენც ცდებით

ხელმძღვანელს, რომელიც გამოხატავს მის პოზიციას და იგნორირებას უკეთებს სხვების აზრს, ნაკლებად ეყოლება მხარდამჭერები. როგორც წესი, ასეთი მენეჯერი თვლის, რომ მართალია და სურს, ეს თანამშრომლებმაც იცოდნენ. თუმცა, ის ლიდერები, რომლებსაც პატივს სცემენ და რომლებსაც მიყვებიან, აღიარებენ, როდესაც შეცდომას უშვებენ ან როცა არ აქვთ პასუხი რაიმე კითხვაზე. მათთვის სიმართლე და სისწორე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სუბიექტური სიმართლის გატანა.

სანამ ისაუბრებთ, მოუსმინეთ

მენეჯერებს ხშირად აწუხებთ “პირის ფაღარათის” სინდრომი. ისინი ხშირად ჩქარობენ დასკვნების გამოტანას და ამბობენ იმას, რისი თქმაც არ ღირდა. ზოგჯერ, სხვის მიერ გაკეთებულ საქმესაც თავის თავზე იწერენ. როდესაც კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვდებით, კონსტრუქციული საუბრის, ბოდიშის მოხდის ან მოლაპარაკების ნაცვლად, თავდაცვით თავდასხმაზე ნუ გადახვალთ.

სხვებსაც მიეცით საშუალება, დატკბენ დიდებით

ხშირად, მიკრომენეჯერები ცდილობენ იყონ ყურადღების ცენტრში, რაც მათ ეგოს კვებავს. შესანიშნავი ლიდერები კი მსახურ ლიდერებად გვევლინებიან, რომლებისთვისაც დიდება მნიშვნელოვანი არ არის, მათ ისედაც კარგად ესმით, რასაც მიაღწიეს. ისინი არ ეძებენ ამის დასტურს საზოგადოებაში, ეს მათ შიგნითაა. ისინი დგებიან უკან და სხვებს ეხმარებიან გაბრწყინებაში.

იყავით თავმდაბალი და ითხოვეთ დახმარება

მიკრომენეჯერები ხშირად სიამაყის ღრუბელში ცხოვრობენ. როდესაც სიტუაცია მწვავდება და ისეთი პრობლემები ჩნდება, რაც მათი ძალისხმევის მიღმაა, ისინი თავიანთ კუთხეს უბრუნდებიან, რომ მარტოხელა რეინჯერივით მოაგვარონ ყველაფერი. პატივსაცემი მსახური ლიდერები კი ითხოვენ დახმარებას მაშინაც, როცა ეს შეიძლება ვინმემ სისუსტედაც ჩაუთვალოს.

იყავით მისაწვდომი

მსახური ლიდერები, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში, გამოდიან ორგანიზაციის წინაშე და უზიარებენ სამომავლო გეგმებს. ისინი არ მალავენ პრობლემებს დახურულ კარს მიღმა, არამედ აკმაყოფილებენ გუნდის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო საჭიროებებს, ვინაიდან იციან, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის მკაფიო ახსნა, მიმდინარე სიტუაციაში გარკვევა და სწორი მოლოდინების შექმნა.

იყავით გულწრფელი და ისაუბრეთ გულიდან

მიკრომენეჯერები ხშირად “ფუთავენ” რეალურ პრობლემას, რომ თავად წარმოჩინდნენ კარგად. მათ უჭირთ გულღიად და ემოციურად საუბარი, რადგან თუ თანამშრომლები სიმართლეს გაიგებენ, ეს მათ სიამაყის გრძნობას დააზარალებს. ნამდვილი ლიდერები სიტყვებით არ მანიპულირებენ. ისინი საუბრობენ გულწრფელად და სწორედ ამიტომ აქვთ კიდეც საუკეთესო რეპუტაცია.

წყარო: inc.com



განხილვა