in

პლატფორმა, რომელიც გადაზიდვების რთულ სისტემაში „ყოვლისშემძლეობის” ცნებას ამკვიდრებს – „ტრანსლაივი”

გადაზიდვები – რომ არა ეს სერვისი, როგორ იმუშავებდა მრავალი ბიზნესი და საერთოდ, როგორ იარსებებდა თანამედროვე კაცობრიობა. სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო გადაზიდვები ხომ დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკის წესრიგში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობას უზრუნველყოფს. ადამიანებს, საწარმოებსა თუ კომპანიებს ყოველთვის აქვს გასაყიდი პროდუქცია, რომელსაც დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა ესაჭიროება, მეორე მხრივ კი არსებობენ გადამზიდავები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესთან, ამიტომ ამ სერვისების მოწესრიგებულად წარმოება ძალზე მნიშვნელოვანია.

დღემდე ტვირთის A პუნქტიდან B-ში გადატანა მრავალ პრობლემასთან არის დაკავშირებული: ქაოსური კომუნიკაცია ტვირთის მფლობელსა და გადამზიდავს შორის, ფასებზე შეთანხმება, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს უსასრულოდ გაწელილი პროცესები, ტვირთის ადგილმდებარეობის გარკვევის პრობლემა და სხვა მრავალი, რომლებიც უარყოფითად აისახება პროცესში ჩართულ ყველა მხარეზე და რაღა თქმა უნდა აკარგინებს დიდ დროს.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბევრი ინდუსტრია გაამარტივა და გადაზიდვის სფეროშიც შეაღწია. ბევრ სფეროში თუ ადრე ყველაფერი „ხელით” კეთდებოდა, ახლა შესაძლებელია „ჰაერში გაფანტული” პროცესები ერთ ციფრულ სივრცეში მოთავსდეს და ერთი შეხედვით რთული საქმე ბევრად მარტივად წარმოაჩინოს. სწორედ ამ თეზისების გათვალისწინებამ შექმნა ქართული ბრენდი „ტრანსლაივი”, რომელმაც გადაზიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ლოგისტიკური საკითხის გაციფრულება დაისახა მიზნად და მიზნის შესრულებაც მალევე მოიყვანა სისრულეში.

ერთიანი იდეისთვის რამდენიმე გუნდი: კაიროს ლოგისტიკის, ბენე ჯგუფისა და Lemondo-ს გუნდები შეიკრა. ბრენდის თანადამფუძნებელი, გიორგი ჯღარკავა Marketer-თან საუბარში აღნიშნავს, რომ გუნდს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს როგორც ლოგისტიკის, ისე ციფრული ტექნოლოგიების სფეროში, თავად გიორგი საბანკო სფეროს წარმოადგენს და გადაზიდვების პრობლემებზე დაკვირვებამ იმ დასკვნებამდე მიიყვანა, რომ გადაზიდვებში არსებულ მრავალ პრობლემას ციფრული ტექნოლოგია ბევრად მოქნილს გახდიდა. დაკვირვების, ცოდნისა და გამოცდილების შედეგად, იდეა ფორმირდა და ერთად შეკრებილმა ენთუზიასტებმა ახალ პლატფორმაზე მუშაობაც დაიწყეს, რომელიც დღეს უკვე ფუნქციონირებს და მასზე რეგისტრაცია როგორც ტვირთის მფლობელს, ისე გადამზიდს შეუძლია.

ჩვენ დავინახეთ ბევრი პრობლემა, რომლებიც ტვირთების გადაზიდვებს თან ახლავდა და მივედით დასკვნამდე, რომ ტექნოლოგიურად ეს სფერო საკმაოდ უკანაა, რაც თავისთავად ყველა ოპერაციას არაეფექტურს ხდის. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაზიდვებთან დაკავშირებულ ყველა პროცესს. კომპანიას, ანუ ტვირთის მფლობელს, გადაზიდვის დროს სჭირდება მისაღები და არამერყევი ფასი, სტაბილურ გადამზიდებთან თანამშრომლობა და სიმშვიდე, რომ მისი ტვირთი არ დაზიანდება, დროულად მივა დანიშნულების ადგილზე, არ მოტყუვდება ფასში, სტაბილურად შეძლებს გადაზიდვების წარმოებას და ა.შ. – ამ ყველაფერს „ტრანსლაივი” უზრუნველყოფს”, – გიორგი ჯღარკავა, „ტრანსლაივის” თანადამფუძნებელი.

როგორ მუშაობს პლატფორმა?

პლატფორმაზე რეგისტრაცია მარტივია, როგორც გადამზიდის, ისე გადაზიდვის მომთხოვნის მხარეს. სისტემა ასევე რამდენიმე წამში აგენერირებს ხელშეკრულებას, რომელიც უნდა დაიდოს ორ მხარეს შორის და ყველა პროცესი ოფიციალურად გაფორმდეს. მომხმარებელი, რომელსაც სურს თავისი ტვირთის გადაზიდვა, ანთავსებს მოთხოვნას პლატფორმაზე, ნახულობს მისთვის შეთავაზებულ ფასს და პირობებს და თუ მისაღებია, ადასტურებს მას, ხოლო მეორე მხრივ, გადამზიდი კომპანია ხედავს ყველა შეკვეთას (ტვირთის მფლობელების მითითების გარეშე), ირჩევს მისთვის საუკეთესოს, უთითებს ფასს და ამ ფორმით იღებს მონაწილეობას ფასის წარმოქმნის და შეკვეთის აღების პროცესში.

მას შემდეგ, როცა უკვე შეკვეთის შესრულება იწყება, მომხმარებელს საშუალება აქვს, თვალი ადევნოს თავის ტვირთს – სად იმყოფება, რამდენ ხანში იქნება დანიშნულების ადგილზე. მას მთელ პროცესზე აქვს კონტროლი და არ ნერვიულობს გადამზიდის კეთილსინდისიერებაზე, რადგან კომპანიები თუ კერძო გადამზიდები, თავად „ტრანსლაივის” შერჩევის შედეგად ხვდებიან პლატფორმაზე და სრულ სანდოობას იმსახურებენ. ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ არა მხოლოდ პლატფორმა შესთავაზოს მომხმარებლის ორივე მხარეს, არამედ იზრუნოს მათზე, დაიცვას მათი საქმიანობა და უზრუნველყოს მათი სიმშვიდე. ამისთვის „ტრანსლაივის” ყველა გადაზიდვის დროს ტვირთი სრულად არის დაზღვეული სადაზღვევო კომპანია „ალდაგში”.

მინდა, აღვნიშნო, რომ თითოეული ფუნქციონალი, რომელიც პლატფორმისთვის შეიქმნა, ნაფიქრი და ბევრჯერ გაანალიზებულია. მუშაობის პროცესში პლატფორმას ვტესტავდით და ტესტირების საფუძველზე ვამატებდით ან ვამარტივებდით შესაბამის ფუნქციებს. ჩვენი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გვეწვალებინა მომხმარებელი და ჩვენი პლატფორმა მათთვის ნამდვილად გამხდარიყო ხელსაწყო, რომელსაც ანდობდნენ თავიანთ საქმიანობას”, – გიორგი ჯღარკავა.

ბრენდი და კომპანიის მთავარი გზავნილი

პროდუქტი, ხარისხი, გუნდი და კმაყოფილი მომხმარებელი საბოლოო ჯამში ქმნის ბრენდს, სახელად „ტრანსლაივი”. კომპანიამ არა მხოლოდ ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე იზრუნა, არამედ საკუთარი იდენტობის საზოგადოებაში დამკვიდრებაზე, რაც ნებისმიერი კომპანიისთვის და მისი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია. „ყოვლისშემძლეობა მიწოდებაში” – ეს ბრენდის არსია, ხოლო მის ლოგოზე გამოსახული მერცხალი სიახლისა და სანდოობის სიმბოლოა. აღსანიშნავია, რომ „ტრანსლაივის” გუნდმა საკუთარ ბრენდინგზე მუშაობა ისეთ ადამიანებს სთხოვა, რომლებიც ბრენდინგის გურუებად ითვლებიან თავიანთ საქმეში და მათ საზოგადოება კარგად იცნობს. ბრენდის კონცეფციაზე უჩა ურუშაძემ, ხოლო ლოგოზე გიორგი ბოხუამ იმუშავეს. 

ჩვენთვის აუცილებელი იყო, რომ ხარისხი არა მხოლოდ ტექნოლოგიური კუთხით გვეჩვენებინა, არამედ თვითონ, როგორც ბრენდი საზოგადოებაში აღქმული ვიყოთ, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელმაც ერთი შეხედვით შეუძლებელი პროცესები შესაძლებელ, მოქნილ საქმიანობად აქცია. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ, მოვუსმინოთ მომხმარებელს, გავაგრძელოთ სისტემაზე დაკვირვება და შეუძლებელი შევძლოთ მიწოდებაში. ამ იდეების გატარება კი როგორც ჩვენი კომუნიკაციით, ისე ვიზუალური იდენტობით ხდება”, – გიორგი ჯღარკავა.

„Translive-ის ბრენდისთვის შევარჩიეთ მერცხლის სიმბოლო, რომელიც ძალიან უხდება სატრანსპორტო კომპანიას. მერცხალი შორ მანძილზე გადაადგილების უნარითა და სისწრაფით არის ცნობილი და იმ ღირებულებებს განასახიერებს, რომელთა გადაცემაც სატრანსპორტო კომპანიას თავისი მომხმარებლებისთვის სურს. ამასთან მერცხალს დახვეწილი გარეგნობა აქვს, რაც ასევე აისახა ლოგოს დიზაინში. ლოგოში ფრინველის გამოხატვა თავისუფლებასთან, საიმედოობასთან და მგზავრობის სიმარტივესა და სისწრაფესთან ასოცირდება”, – გიორგი ბოხუა.

გადაზიდვების სფერო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ის ისეთ პროდუქტებს ეხება, რომლებიც ყოველდღიური საჭიროებისთვისაა განკუთვნილი. საქართველო ამ კუთხით ერთ-ერთი დიდი გამტარი ქვეყანაა და გადაზიდვებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იმატებს. შესაბამისად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით ინოვაციების და სიახლეების დანერგვა. „ტრანსლაივი” ამ ეტაპზე სახმელეთო გადაზიდვებს განკარგავს, თუმცა სამომავლოდ ბრენდს საჰაერო და საზღვაო მომსახურების დამატებაც სურს. ასევე, კომპანია მუშაობს საერთაშორისო ბაზრის ათვისებაზე, რისთვისაც უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ინდუსტრია საკმაოდ მსხვილია, მსგავსი ტიპის ციფრული ხელსაწყოები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზრებისთვისაც დიდ როლს თამაშობს. რომელ ბაზარზეც არ უნდა გავიდეს, „ტრანლსაივის” მიზანი ერთია – მისი პროდუქტის გამოყენების შემდეგ სამიზნე აუდიტორიამ შვება იგრძნოს და უფრო მშვიდად განაგრძოს ბიზნეს საქმიანობა.

[R]

როგორ უნდა გამოიყენოთ ტექნოლოგია ისე, რომ თანამშრომლებს მნიშვნელოვანი საქმეებისთვის მეტი დრო დარჩეთ?

PayBox-ის განახლებული დიზაინი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეგობრული გახდა