თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით გაცემაზე გამოცხადებული აუქციონის ვადა 28 დღით გახანგრძლივდა. აუქციონი 25 იანვარს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თავის ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის ექსკლუზიურად განთავსების აუქციონი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოში 3 მლნ ლარი „ბე”-ს სახით უნდა გადაიხადოს. სავაჭრო ბიჯი შეადგენს 100 000 ლარს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, საფასურის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღით. თანხის გადახდა უკვე გადახდილი ბე-ს თანხის გამოკლებით უნდა მოხდეს შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ანგარიშზე.