დღეს ადამიანი და მისი გადაადგილების საშუალებები ურბანული სივრცის დიდ წილს იკავებს. გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსპორტი ენერგიის ძირითადი მომხმარებელია და მსოფლიო ნავთობის უდიდეს ნაწილს სწორედ ის მოიხმარს, მისი ზემოქმედება გარემოზე მნიშვნელოვანია. ეს ქმნის ჰაერის დაბინძურებას, მათ შორის აზოტის ოქსიდებსა და ნაწილაკებს, ხოლო ნახშირორჟანგის ემისიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ დათბობაში. სატრანსპორტო სექტორში საგზაო ტრანსპორტს გლობალურ დათბობაში ყველაზე დიდი როლი უჭირავს.
გარემოს დამცველები ამბობენ, რომ საცობის, გამონაბოლქვის მავნე შედეგები ჩვენი ცხოვრების დღის წესრიგად გადაიქცა. წინ მიმავალ ტექნოლოგიებთან ერთად, აუცილებელი გახდა სატრანსპორტო მოძრაობის მეცნიერული შეფასება და იმ შედეგების გათვლა, რასაც ეს მოგვიტანს. თუმცა ჯერჯერობით დღითიდღე იმატებს გზებზე მანქანების რიცხვი იზრდება ქუჩების დატვირთვა, განსაკუთრებით ქალაქებში. ამის გამო იზრდება საწვავის ჭარბი მოხმარება, რაც გავლენას ახდენს დაბინძურებაზე. ეს პრობლემა გლობალურია და არა ლოკალური.
ავტომაგისტრალი, სიჩქარე და ჰაერის ხარისხი
როდესაც მანქანა სისწრაფეს ავითარებს, ის უფრო მეტ საწვავს ხარჯავს. როდესაც ვხვდებით ავტომაგისტრალზე, სადაც მანქანების უმეტესობა მაღალი სიჩქარით გადაადგილდება, ასევე ზოგჯერ უწევს დამუხრუჭება, შენელება და შემდეგ ისევ აჩქარება, კიდევ უფრო მოქმედებს საწვავის ჭარბ მოხმარებაზე, რაც ჰაერში უფრო მეტ დამაბინძურებლებს უშვებს.
ეს სერიოზულ დილემას ქმნის ურბანული დამგეგმავებისთვის, რომლებიც ცდილობენ ისე განავითარონ საგზაო გზები, რომ შეამცირონ საცობები, რაც თავის მხრივ შეამცირებს დაბინძურებას, მაგრამ ასეთი გზების დაგეგმარება იოლი არ არის. მსოფლიოში არსებობს შემთხვევები, როდესაც მცდელობის მერე, გაეუმჯობესებინათ სატრანსპორტო მოძრაობა და შეემცირებინათ მაგისტრალებზე მანქანების რაოდენობა, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაინც იგივე დარჩა.
ჰაერის დაბინძურების სახეები
მანქანების გამონაბოლქვში აღმოჩენილი დამაბინძურებლების ზემოქმედება მნიშვნელოვანია ქალაქებში მცხოვრები ადამიანებისთვის. აზოტის ოქსიდის მაღალი დონე ტოქსიკურია ადამიანისთვის. ნახშირორჟანგი ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, ხოლო ოზონმა შეიძლება შეაფერხოს ფილტვების ფუნქცია, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზრდილებში, რაც ასთმით მჟღავნდება ხოლმე. ქალაქებში, სადაც დატვირთულობის მაღალი მაჩვენებელია, დაავადებების რისკიც მეტია.
ჰაერის დამაბინძურებლები არის ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება საკმარისად მაღალი კონცენტრაციით საიმისოდ, რომ გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, გარემოზე და/ან გარე სტრუქტურებზე (იქნება ეს კეთილმოწყობა, ქონება, კულტურული ობიექტები თუ სხვა). ჰაერის დამაბინძურებლებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა გზით და სიმძიმის სხვადასხვა ხარისხით, დაწყებული მცირე გაღიზიანებით, სერიოზული ავადმყოფობითა და ნაადრევი სიკვდილით დასრულებული. საგზაო ტრანსპორტი ჰაერის დამაბინძურებლებს თხევადი ან აირისებრი წიაღისეული საწვავის (ანუ ბენზინის ან დიზელის) დაწვისგან გამოყოფს.
ქალაქები ცდილობენ, გაუმკლავდნენ სატრანსპორტო დაბინძურებას
საცობების, როგორც დაბინძურების წყაროს, შემცირების ან აღმოფხვრის გადაწყვეტილებები არც ისე ინოვაციურია. ქალაქები, რომლებიც დიდ ინვესტიციას ახდენენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პრობლემის გადაჭრის გზებს ნაკლებ მანქანაში ხედავენ. ბევრი ადამიანი არ თმობს საკუთარ ავტომობილს და უარყოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუმცა საწვავზე ფასების მატება იძულებულს ხდის მძღოლებს, გადავიდნენ მეტროზე, რკინიგზაზე ან ავტობუსზე. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია დამსაქმებლის როლიც, რომელსაც შეუძლია წაახალისოს თანამშრომლები, იარონ სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
მიუხედავად ამისა, ეფექტური საზოგადოებრივი ტრანზიტის პირობებშიც კი, ჰაერის ხარისხის პრობლემები ბევრ სფეროში რჩება. ქალაქებმა, როგორიცაა, მაგალითად, ლონდონი, დაიწყეს ჯარიმის დაწესება იმ მძღოლებისთვის, რომლებიც შედიან ქალაქის მაღალი საცობების წერტილებში მოძრაობის პიკის დროს.
თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარება ხელს უწყობს ემისიების შემცირებას
პირადი მოხმარებისთვის ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების შემოღება მნიშვნელოვნად გადაჭრის გამონაბოლქვის და მისი მავნე ზემოქმედების პრობლემებს. მართალია, მეცნიერები ამაშიც ხედავენ გამონაბოლქვის არსებობის გარკვეულ საფრთხეს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც საწვავზე მომუშავებ ავტომობილებში. ისინი ამბობენ, რომ თუ ელექტროენერგიის უფრო სუფთა წყაროების ეფექტურად შემოტანა შესაძლებელი იქნება საავტომობილო ბაზარზე, როგორიცაა თუნდაც, მზის ენერგია, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მილიონობით ტონა გამონაბოლქვი.
ქვეყნებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მხოლოდ პირადი მოხმარების მანქანების შემცირება ან ელექტროზე გადასვლა არ იქნება ერთადერთი საშველი გზა ამ სიტუაციაში. კარგი იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტრატეგიის შემუშავებაც. დამგეგმავებმა უნდა იფიქრონ ჭკვიანურ სამშენებლო პროექტებზე, მძღოლებმა უნდა გამოიჩინონ კეთილსინდისიერება, ხოლო ინოვაციური ტექნოლოგიები და გონივრული ქალაქგეგმარება დაგვეხმარება ყველას, ოდნავ იოლად ამოვისუნთქოთ.
რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი