საკუთარ ავტომობილს რამდენიმე წელიწადში მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაანაცვლებს – ასე ასათაურებს ერთ-ერთ კვლევას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომავლის შესახებ ბრიტანული ონლაინ გამოცემა – “The Conversation“. ცხადია, ეს პროცესი მარტივი არაა – იმისთვის, რომ ადამიანებმა თამამად თქვან უარი საკუთარი მანქანებით გადაადგილებაზე, სახელმწიფომ მათ ალტერნატიული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა შესთავაზოს, რომელიც იქნება კომფორტული, მოწესრიგებული და, ამავდროულად, დიდ მანძილს სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად დაფარავს.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ასევე მაღალგანვითარებულს შეხვდებით, აქ საკუთარი ავტომობილით გადაადგილების ტენდენცია დაძლეული სულაც არ არის და საცობებით გადაჭედილი ქუჩების განტვირთვა ამოცანად რჩება. თუმცა, მანამ, სანამ ეს პრობლემა ჯერ კიდევ ასე აქტუალურია და ქვეყნები გამუდმებით ცდილობენ, გადაჭრან იგი, გაგაცნობთ ცნობილი ქალაქების ტრანსპორტის კულტურას – სწორედ იმ ტრანსპორტის, რომელიც ამ ქალაქთა გარემოს აღქმაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ბერლინი
თუკი ერთხელ მაინც ყოფილხართ ბერლინში, აუცილებლად აღმოაჩენდით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებისთვის გამორჩეულად სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომია. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ბერლინი განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეიტინგში მოწინავე ადგილზეა, პრიორიტეტულად – სანდოობისა და დაფარვის მაღალი ხარისხით. აქ ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილამდე საზოგადოებრივი ტნრანსპორტით უმარტივესად შეძლებთ გადაადგილებას. ავტობუსი, ტრამვაი და საზღვაო ტრანსპორტიც პოპულარულია, თუმცა გადაადგილებისთვის რკინიგზა საუკეთესო გზაა. ბერლინის U-Bahn ანუ მიწისქვეშა რკინიგზა შემოკლებით (გერმ.Untergrundbahn) და S-Bahn, რომელიც გერმანიის დედაქალაქსა და მის შემოგარენს ემსახურება, საკუთარი მანქანის გარეშე გადააგილებას ძალიან მარტივად შესაძლებელს ხდის. პიკის საათებში ახალი ვაგონები ყოველ 5 წუთში ერთხელ ენაცვლება ერთმანეთს და თავიდან ირიდებთ ლოდინსა და დანიშნულების ადგილამდე დაგვიანებით მისვლის საფრთხეს. ყოველდღიურად ბერლინის რკინიგზა, რომელიც დიდწილად ღია სივრცეშია განლაგებული, მილიონნახევარზე მეტ ადამიანს ემსახურება.
ბერლინის ქუჩებში მოძრაობის გასანეიტრალებლად ერთი საინტერესო წესიც მოქმედებს – ავტომობილებს, რომელთა ნომერი კენტი ციფრით მთავრდება, თვის მხოლოდ კენტ რიცხვებში აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, ხოლო რომელთა ნომერი – ლუწი ციფრით, შესაბამისად, მხოლოდ ლუწ რიცხვებში.
ლონდონი
სიჩქარითა და ხელმისაწვდომობითაა გამორჩეული ლონდონის მეტროპოლიტენიც, London Underground ან Tube-ს სახელებით ცნობილი. მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზები, რომლებიც, გარდა ლონდონისა, ჰერტფორდშირში, ესექსსა და ბაკინგემშირში მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პირველ და ცნობილ სატრანზიტო სისტემადაა მიჩნეული. ლონდონის მიწისქვეშეთში 270-ზე მეტ სადგურს შეხვდებით, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ხალხითაა გადაჭედილი. ყოველდღიურად მხოლოდ ვატერლოოს მეტროსადგურზე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გადაადგილდება და თუკი ერთ-ერთი მათგანი ხართ, თავი იმით გაიმხნევეთ, რომ სამაგიეროდ, დანიშნულების ადგილას იმაზე სწრაფად მიხვალთ, ვიდრე საკუთარი მანქანით, ტაქსით, ავტობუსით, ტრამვაითა თუ ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მოხვდებოდით. სხვათა შორის, ლონდონის მეტროპოლიტენი წითელ ორსართულიან ავტობუსებსა და კაბინების მსგავს ტაქსებზე არანაკლებ აიკონურია!
მადრიდი
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდი, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მოწინავე ქალაქების რიგებში სულაც არ მოიაზრება, მეტროს სისტემის სიგრძით მეშვიდე ადგილზეა და ესკალატორების ყველაზე დიდი რაოდენობითაც გამოირჩევა. 12 ხაზისა და 300 სადგურისგან შემდგარი მადრიდის მეტრო ესპანეთის დედაქალაქის ყველაზე სწრაფი და მოხერხებული ტრანსპორტია. დილის 6 საათიდან ღამის 2-ის ნახევრამდე მადრიდის მეტრო თქვენს სამსახურშია. მეტროს შემდეგ მადრიდში ავტობუსი ყველაზე მოწესრიგებული, განვითარებული ტრანსპორტია, რომელსაც ყოველდღიურად მეტროზე არანაკლები რაოდენობის მგზავრი გადაჰყავს ერთი ლოკაციიდან მეორისკენ.
პარიზი
გირჩევთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას მიანიჭოთ უპირატესობა პარიზშიც, რადგან ეს, მინიმუმ, იმის შესაძლებლობას აუცილებლად მოგცემთ, რომ დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მიხვიდეთ და თანხაც დაზოგოთ. აქ განსაკუთრებით კომფორტულად მგზავრობა ავტობუსითა და ტრამვაითია შესაძლებელი, თუმცა საუკეთესო ტრანსპორტი მაინც მეტროა, რომელიც 214 კილომეტრზეა გადაჭიმული და 302 სადგურს ითვლის. პარიზის მეტრო ევროპის მეტროპოლიტენებს შორის, მოსკოვის შემდეგ, ყველაზე დატვირთულია, თუმცა ამ გზით საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ და სუბურბანულ უბნებს გაცილებით სწრაფად და მარტივად მოინახულებთ, ვიდრე საკუთარი ავტომობილით, განსაკუთრებით პიკის საათებში.
შარშან იაპონიაში მეტრომ გასვლა 20 წამით დაიგვიანა – ნაცვლად 9:44:20-სა 9:44:40-ზე დაიძრა. ხალხი პანიკამ მოიცვა, სოციალური ქსელები გაკვირვებული და იმედგაცრუებული მგზავრების პოსტებმა დაიპყრო. იაპონიის რკინიგზის კომპანიამ დაგვიანებისთვის ოფიციალურად მოიხადა ბოდიში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აზიურ ხარისხზე ეს კონკრეტული ფაქტიც მეტყველებს.
აზია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით, კომფორტითა და ხელმისაწვდომობით სრულიად სხვა სამყაროა, რომელიც საგრძნობლად და ხელშესახებად უსწრებს დროს. აქ განვითარების ზენიტს აღწევს როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი. თუმცა აზიაში ტრანსპორტის სახეს აქაური მეტროპოლიტენტი ქმნის.
სეული
აზიური მეტროპოლიტენის სისტემის გამორჩეულობას – სისწრაფით, მოხერხებულობითა და დახვეწილი სიმარტივით – აუცილებლად იგრძნობთ სამხრეთ კორეის დედაქალაქში. სეულის მეტროს სისტემა თავისი განვითარების უმაღლესი ხარისხით მთლიანად აზიის სატრანზიტო სისტემის საკვანძო წერტილად მიიჩნევა. აქ ყოველდღიურად 10 ხაზზე, რომლებიც ძირითადად მიწისქვეშაა განლაგებული, 8 მილიონამდე მგზავრი გადაადგილდება, კიდევ უფრო მეტი – პიკის საათების განმავლობაში. მეტროსადგურების კორეულის შემდეგ ინგლისურ ენაზეც, სრულიად გარკვევით, აცხადებენ, ლოკაცია ორივე ენაზე მითითებულია ეკრანზეც, ამიტომ, თუკი სეულის მასშტაბურ და ხალხითგადაჭედილ მეტროში მოხვდებით, ნუ იღელვებთ. თუ ყურადღებას მომართავთ, გზას თვითონაც მარტივად გაიკვლევთ.
შანხაი
სწრაფი და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აზიური სამშობლოა შანხაი, ჩინეთის უდიდესი ქალაქი, რომელიც, ფაქტობრივად, უკონკურენტოა ამ კუთხით. აქ ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტროა, რომელიც 15 ხაზისგან შედგება და 1993 წლიდან მოყოლებული უფრო და უფრო იზრდება. ჩვეულებრივ ყოველდღიურად შანხაის რკინიგზა 9 მილიონზე მეტი ადამიანის გადაადგილებას უზრუნველყოფს, პიკის საათებსა და განსაკუთრებით დატვირთულ დღეებში ეს რიცხვი 12 მილიონსაც კი აღწევს. წარმოიდგინეთ, შანხაიში საზოგადოებრივი ტრანსპორტით თბილისის სრულ მოსახლეობაზე დაახლოებით 4-ჯერ მეტი ადამიანი გადაადგილდება!
სინგაპური
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების აზიურ ხაზს სინგაპური აგრძელებს. აქ ყველაზე სწრაფად და მოხერხებულად ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციამდე გადაადგილებას ავტობუსითა და მეტროთი შეძლებთ, თუმცა ამ ორს შორის რამდენიმე სხვადასხვა პირობით უფრო ხელსაყრელი ავტობუსებია. ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო ფაქტორი ისაა, რომ სინგაპურში მეტროთი გადაადგილებას ძირითადად მხოლოდ ცენტრალურ ადგილებში შეძლებთ, თანაც გაცილებით შემჭიდროვებული გრაფიკით. პიკის საათებში სულ მცირე მანძილის გავლისთვის ავტობუსმა შეიძლება, მთელი საათნახევარიც კი წაგართვათ, ამ დროს მთელი სიმძაფრით შეიგრძნობთ საცობების პრობლემის კომპლექსურობას სინგაპურში და აღმოაჩენთ, რომ, მიუხედავად გაღებული ძალისხმევისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, ქუჩებში უამრავი მანქანა გადაადგილდება.
ტოკიო
მეტროა ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტი აზიის წამყვან ქალაქ ტოკიოში. აქ მეტროს იმდენ ხაზს შეხვდებით, თუკი პირველად ხართ, დიდი შანსია, დაიკარგოთ. იაპონიის ერთ-ერთ “ღირსშესანიშნაობას” წარმოადგენს შინჯუკუს მეტრო სადგური, საიდანაც უამრავი მიმართულებით შეგიძლიათ წასვლა.
ნიუ-იორკი
ტრანსპორტის ხსენებისას გონებაში აუცილებლად ამოგიტივტივდებათ ნიუ-იორკის აიკონური ყვითელი ტაქსი, რომლით გადაადგილებაც მაღალი ტარიფიდან გამომდინარე ფუფუნებაა. ფუფუნების საგანია ბორნით გადაადგილებაც, თუმცა საკმაოდ პოპულარული პრაქტიკაც ნიუ-იორკში. შედარებით ხელმისაწვდომ ფასად კი გადაადგილებას აქ სწრაფი და მოწესრიგებული ავტობუსითა და ტრამვაითიც შეძლებთ. თუმცა ყველაზე მოხერხებულად და მალე დანიშნულების წერტილს მეტროთი შეგიძლიათ, მიაღწიოთ. ყველაზე მეტ 472 სადგურს მსოფლიო მეტროპოლიტენტთა შორის სწორედ ნიუ-იორკის მეტრო, რომელიც ქალაქის მთავარი ტრანსპორტია, ითვლის. დღის ნებისმიერ მონაკვეთში გზებზე გამუდმებული საცობების გამო ქალაქში, რომელსაც არასოდეს სძინავს, ავტომობილით გადაადგილებას არ გირჩევთ, თანაც მეტრო, მიუხედავად ხალხმრავლობისა, კეთილმოწყობილი და მოხერხებულია. ცათამბჯენების ქალაქის ცნობილი აიკონური მეტრო, ეჭვი არაა, უამრავ ფილმსა და სერიალში გინახავთ. რკინიგზა ცენტრალურ და პერიფერიულ უბნებს მარტივად აკავშირებს ერთმანეთთან, ამიტომ ერთმანეთისგან განსხვავებული ხალხის მიმოსვლა აქ არასოდეს წყდება. ნიუ-იორკის მიწისქვეშეთი ადამიანებისა და მთლიანად აქაური გარემოს დაკვირვებისთვს მრავლისმთქმელი სივრცეა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიაროთ.
მხოლოდ მეტრო, ავტობუსი და ავტომობილი ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტი შეიძლება, ჩვენს რეალობაში ნამდვილად არის, ამასობაში გადაადგილებისთვის ვენასა და ამსტერდამში ველოსიპედს, ვენეციაში – გონდოლებს, ტაილანდში – ტუკ-ტუკს და ალასკაში კარგად გაწვრთნილ ციმბირულ ჰასკებს ირჩევენ. საკუთარი ავტომობილით გადაადგილებაზე უარის თქმასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის უპირატესობის მინიჭება თქვენს დროს, ფინანსებსა და ჟანგბადს ზოგავს. თუ დააკვირდებით, იმასაც მიხვდებით, რომ სხვადასხვა გარემოს შეგრძნებისა და დაკვირვების შესაძლებლობასაც უფრო ახლოდან გვაძლევს!
რუბრიკა „გარემოს“ წარმდგენია „მწვანე ქალაქი ლისზე“.