დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა სიცოცხლის ყველაზე პერსპექტიულ სისტემაში იპოვეს… ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი დაკვირვებებით, TRAPPIST-1-ის სისტემის შიდა სამყარო, ეგზოპლანეტა TRAPPIST-1b, რომლის მასა 1.4-ჯერ მეტია დედამიწისაზე და 1.1-ჯერ მეტი მის რადიუსზე, ძალიან ცხელ 230 გრადუსამდე აღწევს, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი კლდოვანი სხეული ატმოსფეროთი იყოს გარშემორტყმული. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ეგზოპლანეტა მასპინძელ ვარსკვლავთან ძალიან ახლოს იმყოფება, იმდენადაც, რომ დედამიწაზე 4-ჯერ მეტ ვარსკვლავურ გამოსხივებას იღებს.
გამოდის, ვერც აქ შევძლებთ ცხოვრებას, მაგრამ ეს ინფორმაცია მეცნიერებს დაეხმარება, მეტი გაიგონ წითელი ჯუჯა ვარსკვლავის TRAPPIST-1-ის ორბიტაზე მოძრავი 6 ეგზოპლანეტის შესახებ. თანაც, ამ სისტემაში დასახლების პოტენციალი ჯერ უცნობია. ცხადია, მზის სისტემის გარეთ სიცოცხლის ძებნა საკმაოდ ამაღელვებელი მიზანია, მაგრამ TRAPPIST-1-ის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენგან, რაც მრავალ კითხვას ბადებს…
„ირმის ნახტომში მზის მსგავს ვარსკვლავებზე 10-ჯერ მეტი ვარსკვლავია და ორჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ მათ მზის მსგავსი ვარსკვლავებივით კლდოვანი პლანეტები ჰქონდეთ, მაგრამ ისინი ძალიან აქტიურები არიან, ძალიან კაშკაშა სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე და ასხივებენ ისეთ ნათებასა თუ რენტგენის სხივებს, რომ ატმოსფეროს სრულად განადგურებაც შეუძლიათ“, — აცხადებს თომას გრინი, ასტროფიზიკოსი.
თუმცა ის ფაქტი, რომ წითელი ჯუჯა ვარსკვლავები უფრო პატარაა, მკრთალად ციმციმებს და მზეზე ცივია, იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ზონა ვარსკვლავთან ახლოს უნდა იყოს…
„ეს პლანეტა ჩაკეტილია, ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავისკენ აქვს მიმართული, მეორე კი მუდმივ სიბნელეში. თუ მას ატმოსფერო ცირკულირებისა და სითბოს განაწილებისთვის აქვს, დღის მხარე უფრო გრილი უნდა იყოს იმაზე, ვიდრე ეს ატმოსფეროს არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა“, — განმარტავს პიერ ოლივიერ ლაგაგი, ასტრონომი.
შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ეგზოპლანეტა სიცოცხლისთვის არ გამოდგება. თანაც, ვერც ნახშირორჟანგის მიერ სინათლის შთანთქმის ნიშნებს მიაგნეს, რაც, არსებობის შემთხვევაში, მსგავს გაზომვებში აუცილებლად გამოჩნდებოდა. მომავალ კვლევებში კი უკეთ შეისწავლიან, როგორ ნაწილდება სითბო TRAPPIST-1-ის სისტემაში და რამდენად განსხვავდება იგი ჩვენგან…