in

„მოგზაური“, ანუ როგორ უნდა მოიწყოთ თავგადასავალი საქართველოში

Startauperi
Startauperi

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მოგზაურის” შექმნის იდეა სწორედ მოგზაურობაში დაიბადა… მეტიც, აღნიშნული სტარტაპის დამფუძნებლები, ნათია ცირეკიძე და თაკო მესხი, მოგზაურობისას დამეგობრდნენ. მას შემდეგ ბევრი ადგილი შემოიარეს ერთად, მორიგი ტურის დაგეგმვისას კი დაებადათ იდეა, თავად შეექმნათ სამოგზაურო პლატფორმა, რათა სხვებისთვისაც მიეცათ იმ ემოციებისა და თავგადასავლების შანსი, რომელსაც მოგზაურობებისგან იღებდნენ.

ხოლო იმის გამო, რომ ამ უკანასკნელში ყველაზე შრომატევად საკითხს ტურის დაგეგმვა წარმოადგენს, მათ მომავალ მოგზაურებს შემდეგი ფრაზით მიმართეს: ჩვენ ვგეგმავთ, თქვენ სიამოვნებას იღებთ. თუმცა აქ კლასიკურ ტურისტულ სააგენტოსთან არ გექნებათ საქმე, რადგან სტარტაპი თავგადასავლებს გპირდებათ…

უფრო მეტი დეტალის გასაგებად კი მოგზაურის დამფუძნებლებს გავესაუბრეთ:

M: მოგვიყევით, რისთვის შეიქმნა „მოგზაური“?

დღეს, როცა ამდენი სტრესი, საფიქრალი და საზრუნავი გვაქვს, დარწმუნებულები ვართ, „მოგზაური“ თერაპიული განტვირთვა იქნება ჩვენი მოგზაურებისთვის. ახალი შეგრძნებები, ემოციები, ახალი ადამიანები, გაცვლილი მოსაზრებები და განსხვავებული თავგადასავლები… მოგზაურობა ნამდვილად გვაკარგვინებს თავს და სულ სხვანაირს გვაბრუნებს ყოველდღიურობაში, გვცვლის კიდეც! „მოგზაურის“ თავგადასავლებიდან დაბრუნებულებს კი დიდხანს გვეყოფა შეგროვილი ემოციები, რათა სტრესსა და ყოველდღიურ სირთულეებს გავუმკლავდეთ. შემდეგ ამას ახალ მოგზაურობასაც მივაშველებთ და ასე… მომავალ მოგზაურებს ვთავაზობთ იმას, რისი დაგეგმვაც მათ დიდ დროსა და ძალისხმევას წაართმევს…

M: საინტერესოა, რატომ ეწოდა თქვენს სტარტაპს მოგზაური

თითქოს, ტურისტი მხოლოდ კონკრეტული ადგილების მოსანახულებლად დადის, „მოგზაურს“ კი ლიმიტი არ აქვს, ამიტომ ეს სახელწოდება ყველაზე მეტად გამოხატავს „მოგზაურის“ იდეასა და კონცეფციას. ჩვენ კონკრეტული ძეგლებისა თუ ისტორიის მიღმა ვიმოგზაურებთ ხალხებში, ტრადიციებში, ლიტერატურაში, მხატვრობაში, თეატრში, კინოსა თუ არქიტექტურაში…

M: თქვენი შეფასებით, რა განასხვავებს მოგზაურს სხვა ტურისტული სააგენტოებისგან? 

„მოგზაური“ კლასიკური ტურისტული სააგენტო არ არის, არამედ სამოგზაურო პლატფორმაა, რომელიც კონკრეტული ადგილების მონახულების დაგეგმვისას კონცეფციის შეკვრაზე მუშაობს… ძეგლების დათვალიერების, ტრადიციული კერძების დაგემოვნებისა და ექსკურსიების პარალელურად, ჩვენი მიზანია კონკრეტული ადგილების სული, ისტორია და, რაც მთავარია, ადგილობრივი ადამიანების თავისებურებები შევიცნოთ, შევეცადოთ, ღრმად ჩავწვდეთ ამა თუ იმ ხალხების ყოფისა და ხასიათის ჩამოყალიბების მიზეზებს. ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე ხომ ისტორიის, ლანდშაფტის, ფლორის, ფაუნის, კულტურების, ეთნიკურ, რელიგიურ მრავალფეროვნებაშია და ამასთან, ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ შესაცნობია… 

M: ვინ გაუწევს გიდობას მოგზაურის ტურებს?

„მოგზაურს“ ჰყავს მეგზურები, რომლებიც კონკრეტულ თავგადასავალს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან. ყველა ტურში ისტორიკოსი წამოგყვებათ, რომლის მონათხრობს მეორე, სულ სხვა პროფესიის მეგზური, კიდევ უფრო საინტერესო მიმართულებას მისცემს. მეგზურის შერჩევის პრინციპი მხოლოდ ერთია, ისტორიკოსი კვალიფიციური და პროფესიონალი უნდა იყოს, ხოლო მეორე (ან, შესაძლოა, მესამე და მეოთხეც) მეგზური უბრალოდ საინტერესო ადამიანი, რომლის პროფესიას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. 

 M: მოგზაურის პირველი ტური ნოემბერში სამცხე-ჯავახეთში იგეგმება, რატომ აირჩიეთ სწორედ ეს ადგილი?

სამცხე-ჯავახეთი ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამასთან, სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლებად აღმოჩენილი და შეცნობილი. ისტორიული ძეგლების მნიშვნელობისა და სიმრავლის გარდა, სამცხე-ჯავახეთს განსაკუთრებულს ეთნიკური მრავალფეროვნებაც ხდის — აქ საუკუნეებია ცხოვრობენ ჩამოსახლებული დუხობორები, ზღაპრული ფერადი სახლებითა და განსხვავებული ტრადიციებით. ეს მხარე ეთნიკური სომხებითაც არის დასახლებული. ხოლო ადგილობრივების მრავალფეროვნება კულტურაში, ყოფაში, თანაცხოვრებაში, კულინარიასა თუ სხვა ტრადიციებში აქ განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას ქმნის. 

 

M: თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას თავგადასავალს უწოდებთ… რას აკეთებთ იმისათვის, რომ მოგზაურობა თავგადასავლად აქციოთ?

ისტორიული წარსულისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ადამიანები სხვადასხვა ტრადიციითა და წესით ცხოვრობენ და მათი მენტალური ხედვაც განსხვავებულია. ჩვენი ტურები კი ახალი გამოცდილება იქნება — საშუალება, რათა თავგადასავლებიდან მოგზაურობა საკუთარ თავში დავიწყოთ, არსებული გადავიაზროთ და, იქნებ, მეტი მიმღეობაც გაგვიჩნდეს… რაც მთავარია, შევეცდებით კონკრეტული ადგილების სული ხელშესახები გავხადოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მოგზაურს“ საკუთარი ქოუჩი ჰყავს, რომელიც ჯგუფის დამეგობრებასა და შეკვრაზე იზრუნებს. მეგობრების მოგზაურობას კი, ალბათ, დამეთანხმებით, რომ სულ სხვა მუხტი აქვს…

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი გავლენა ექნება სტარტაპ „მოგზაურს“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის პოპულარიზაციაზე?

სამწუხაროდ, ნაკლებად ვიცნობთ ჩვენს ქვეყანას და რატომღაც აღქმაში ჩვენთვის ყველა მხარე „შორს“ არის… სინამდვილეში კი უცხო ქვეყნებში საათობით დავდივართ იმისათვის, რომ ყველა ქალაქის, დასახლებისა თუ ღირსშესანიშნაობის მონახულება მოვასწროთ. ამიტომ, უპირველესად, „მოგზაურის“ ამბიციური გეგმაა, შეგვაჩვიოს და შეგვაგრძნობიოს, რომ სინამდვილეში ჩვენი ქვეყანა პატარაა, ახლოს არის და მისი მასშტაბისთვის უსაზღვროდ მრავალფეროვანიცაა, იქნება ეს ისტორიული ძეგლების, ტრადიციებისა თუ ხალხის კუთხით. ცხადია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის „მოგზაური“ პოზიტიური მუხტისა და გარკვეული შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობასაც შექმნის. 

M: დაბოლოს, რას გეგმავს მოგზაური მომავალში?

უპირველესად, „მოგზაურის კალენდრის შექმნას ვგეგმავთ — ყოველკვირეულ პროგრამას სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც უქმეებზე თავგადასავლების შეგროვებისთვის საუკეთესო საშუალება იქნება. განსაკუთრებული დღეების, იუბილეებისა თუ სხვა აღსანიშნი თარიღების გასამრავალფეროვნებლად მოგზაურობის მოყვარულებს ინდივიდუალური, მცირე ჯგუფების ტურების ორგანიზებაც შეეძლებათ. კომპანიებს კი თანამშრომლების განტვირთვისა და ჯგუფური მოგზაურობებისთვის კონკრეტულ პაკეტებს შევთავაზებთ. 

ამასთან, ახალი ტიპის თავგადასავლების საზღვრებს გარეთ მოწყობაზეც ვფიქრობთ, რათა მოგზაურებს ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების გარდა, კონკრეტული ქვეყნებისა თუ ქალაქების ტრადიციები და ხალხი უკეთ გავაცნოთ.

British Airways-ის ახალი კამპანია მოგზაურობის მიზეზებს აერთიანებს

მეცნიერებმა ადამიანების ფიქრების წაკითხვა შეძლეს — კვლევა