რამდენ ხეს ხედავთ თქვენი სახლიდან, სკოლიდან ან სამსახურიდან? არის თუ არა ამ ტერიტორიებზე ხეების ისეთი საფარი, რომელიც მიმდებარე უბნის მინიმუმ 30%-ს ჩრდილავს? შეგიძლიათ იპოვოთ პარკი შენობიდან 300 მეტრის რადიუსში? ეს სამი მარტივი შეკითხვა ქმნის საფუძველს „3+30+300“ წესისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უფრო მწვანე, ჯანსაღი და სიცხისადმი გამძლე ქალაქების ჩამოყალიბებას. ეს საზომი, რომელიც თავდაპირველად ევროპაში შეიქმნა და ახლა მთელ მსოფლიოში იკიდებს ფეხს, აწესებს მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საჭიროა ქალაქებში ბუნების ჯანმრთელობაზე სასარგებლო გავლენის მისაღწევად. პრინციპი გამოცადეს რვა დიდ ქალაქში: მელბურნში, სიდნეიში, ნიუ-იორკში, დენვერში, სიეტლში, ბუენოს-აირესში, ამსტერდამსა და სინგაპურში.
ამ ქალაქებში შენობების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებდა 3+30+300 წესს. აღმოჩნდა, რომ ხეების ვარჯის საფარი კრიტიკულად მცირეა, თუნდაც პლანეტის ყველაზე მდიდარ და იკონურ ქალაქებში. კლიმატის ცვლილების პირობებში, ჩვენი ქალაქების გასაგრილებლად სასწრაფოდ არის საჭირო უკეთესი ვარჯის საფარი.
ჩრდილის მომცემი ხეები სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის
ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიის, შფოთვის, სიმსუქნისა და სიცხის დაკვრისკენ იმ ადგილებში, სადაც ნაკლები ხეა ან შეზღუდულია პარკებზე წვდომა. მაგრამ როგორი „მწვანე ინფრასტრუქტურა“ გვჭირდება ჯანმრთელად და ბედნიერად ცხოვრებისთვის?
ურბანული სატყეო მეურნეობის ჰოლანდიელმა ექსპერტმა, პროფესორმა სესილ კონიიენდიიკმა 2022 წელს 3+30+300 წესის შემოღებით სტანდარტი დააწესა. ეს ნიშნული ეფუძნება მის ფართომასშტაბიან კვლევას, რომელიც ქალაქის ბუნებას ადამიანის ჯანმრთელობასთან აკავშირებს. ევროპის, შეერთებული შტატებისა და კანადის ქალაქები უკვე იყენებენ ამ საზომს, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, თავიანთ ურბანული სატყეო მეურნეობის სტრატეგიებსა და გეგმებში.
პრაქტიკაში გამოცდა
3+30+300 წესი გამოიყენეს ქალაქის ხეების გლობალურ ინვენტარიზაციაზე, რომელიც აერთიანებს ადგილობრივი მთავრობების ღია წყაროს მონაცემებს. კვლევისთვის შეარჩიეს ქალაქები ყველაზე დეტალური მონაცემებით, მიზნად ყოველ კონტინენტზე მინიმუმ ერთი ქალაქის შესწავლა დაისახეს, თუმცა აფრიკის, კონტინენტური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებისთვის შესაფერისი მონაცემები ვერ მოიძებნა.
შედეგები:
ნიუ-იორკი არის ისეთი წარმატებული პროექტების განხორციელების ადგილი, როგორებიცაა MillionTreesNYC და The Highline. სინგაპური ცნობილია ხშირი ტროპიკული მწვანე საფარით, მათ შორის, გამორჩეული ადგილებით, როგორიცაა Gardens by the Bay და Bishan-Ang Mo Kio პარკი. მელბურნისა და სიდნეის ანალიზი მხოლოდ ცენტრალური უბნებით შემოიფარგლა.
რვავე ქალაქში შენობების უმეტესობა აკმაყოფილებდა სამი ხის მოთხოვნას, მაგრამ ვარჯის საფარის მხრივ ჩამორჩებოდა. სინგაპურში შენობების სამი მეოთხედი (75%), სიეტლში კი თითქმის ყოველი მეორე შენობა (45%) აკმაყოფილებდა 30%-იანი ვარჯის საფარის ნიშნულს.
მელბურნში შენობების მხოლოდ 3%-ს ჰქონდა ადეკვატური გამწვანება, მიუხედავად იმისა, რომ 44%-ს ჰქონდა „სამი ხის“ ხედი.
ცენტრალურმა სიდნეიმ უკეთესი შედეგი აჩვენა, თუმცა ქალაქის შენობების მხოლოდ 17% იყო საკმარისად დაჩრდილული, მიუხედავად იმისა, რომ 84%-ს ჰქონდა მინიმუმ სამი ხის ხედი.
პარკებზე წვდომაც არათანაბარი იყო. ისეთმა ქალაქებმა, როგორიცაა სინგაპური და ამსტერდამი, კარგი ქულები მიიღეს პარკების მხრივ, მაშინ როცა ბუენოს-აირესმა და ნიუ-იორკმა დაბალი შედეგები აჩვენეს.
ამ კვლევის დასრულების შემდეგ, ევროპის, აშშ-ისა და კანადის დამატებით ათი ქალაქის რუკა შექმნეს და ამ ქალაქებშიც მსგავსი შედეგები აღმოაჩინეს.
ქალაქში ცხოვრება ხეებისთვისაც რთულია
სამწუხაროდ, გზებისა და ტროტუარების უმეტესობა დგას დატკეპნილ გრუნტზე, რომელსაც ზემოდან წყალგაუმტარი ასფალტი ან სხვა საფარი ადევს.
ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცოტა წყალი აღწევს ხის ფესვებამდე და არ არის საკმარისი სივრცე ფესვების გასაზრდელად. შედეგად, ქუჩის ხეები ნელა იზრდებიან, ადრე კვდებიან და უფრო მგრძნობიარენი არიან მავნებლების, დაავადებებისა და სიცხის მიმართ.
წყარო: sciencealert
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.