19
Oct
2017

რა არის ფსიქოდელიური ხელოვნება და რა გელით 28 ოქტომბერს, SPACEHALL-ში, TREEBAL-ის ივენთზე?

19 Oct 2017

TREEBAL – საქართველოში დაფუძნებული პროექტია, რომელიც ფსიქოდელიური მუსიკის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კერძოდ კი, აქცენტი გაკეთებულია ფსიქოდელიურ ტრანსზე (Psytrance), როგორც ელექტრონული მუსიკის ერთერთ მრავალფეროვან და საინტერესო ჟანრზე, და მასთან დაკავშირებული ივენთების ჩატარებაზე. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ვიზუალურ და გრაფიკულ ხელოვნებას, მათ შორის: ვენიუების, საფესტივალო ადგილებისა და სხვადასხვა შესაბამისი სივრცეების ფსიქოდელიური ვიზუალით გაფორმებას.

ფსიქოდელიური ტრანსის ისტორია

ფსიქოდელიური ტრანსის ისტორია იწყება 60-იანი წლებიდან, ინდოეთში, კერძოდ გოაში. პოსტ ინდუსტრიულ საზოგადოებაში ცხოვრებით გადაღლილი ჰიპები, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიის ძიებაში იყვნენ, ხშირად აკითხავდნენ გოას. აქ იმართებოდა ფსიქოდელიური წვეულებები, რომლის მუსიკაზეც გავლენა იქონია რამოდენიმე ჟანრმა, დაწყებული Acid Rock-ით და დამთავრებული Reggae-ით.

70-იან წლებში გოას სანაპიროებზე იმართებოდა ერთ-ერთი პირველი წვეულებები, რომლებსაც ჰიპები ესწრებოდნენ. ანჯუნას (Anjuna) სანაპირო იყო ყველაზე პოპულარული ადგილი. 80-იანებში წვეულებებმა გლობალურ მასშტაბებს მიაღწია და 90-იან წლებში ევროპაშიც გადმოინაცვლა, სადაც გოას მუსიკამ მიიღო ევროპული ტრანსის სტრუქტურა, ხოლო მოგვიანებით ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით და ელექტრონული ჟღერადობის ზეგავლენით გარდაიქმნა ფსიქოდელიურ ტრანსად.

მსოფლიოს წამყვანი ფსაი ფესტივალები

ფსიქოდელიური კულტურის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფესტივალებია. ფსაი ფესტივალი არის მრავალფეროვანი მუსიკის, ვიზუალური და გრაფიკული ხელოვნების, ასევე უამრავი საინტერესო და გასართობი აქტივობის სინთეზი, რომელსაც უმეტესწილად ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია. მას სტუმრობენ, როგორც ახალგაზრდა რეივერები, ასევე ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლები და ოჯახები, რაც ფესტივალს უფრო მრავალფეროვანს და ჰარმონიულს ხდის.
მსოფლიოს მასშტაბით, წელიწადის ნებისმიერ დროს ბევრი ფსიქოდელიური ფესტივალი იმართება. მაგრამ მათ შორის გამოსარჩევია:

OZORA (უნგრეთი)

BOOM (პორტუგალია)

Hill Top (ინდოეთი)

Universo Paralelo (ბრაზილია)

Treebal-ის ივენთები და პროექტები
ფსიქოდელიური ტრანსი საქართველოსთვის ახალი ხილია. ელექტრონული მუსიკის და საკლუბო სცენის დრამატულმა განვითარებამ, ბოლო დროს ამ ჟანრის მიმართაც გამოიწვია მსმენელის დაინტერესება. ტექნო და ჰაუს ივენთებით გაჯერებულ ქალაქში, ფსაი-ტრანს გართობა ნამდვილი ეგზოტიკა გახდა. მსმენელიც დადებითად არის განწყობილი და მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.

TREEBAL-მა 2016 წლიდან მოყოლებული, თბილისის მთავარ კლუბებში რამოდენიმე წარმატებული ივენთი ჩაატარა.

2017 წლის ივნისში კი, ZION PROJECT-თან ერთად, Tbilisi Open Air 2017-ზე ფსაი-ტრანსის სთეიჯის ორგანიზატორი იყო.

 

28 ოქტომბერს TREEBAL @ Spacehall

 

28 ოქტომბერს Spacehall-ში TREEBAL-ის მორიგი ივენთი გაიმართება. ჰედლაინერი გახლავთ ATMOS, ცნობილი ფსაი-ტრანს არტისტი შვედეთიდან.ის არის ერთერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური ლეიბლის, Iboga Records-ის წევრი. ეს უნიკალური სტილის მქონე არტისტი, თავის სეტებში საშუალებას გაძლევთ მოუსმინოთ ძველი და ახალი პროგრესიული ფსაი-ტრანსის განუმეორებელ სინთეზს. 28 ოქტომბერს ATMOS ლაივს შემოგვთავაზებს.

ATMOS-ის მასპინძლები იქნებიან:  ACIDWAVE – ირაკლი დავარაშვილის (MARCUSS) და დავით ჯანაშვილის (ADDITIVV) ფსაი ტრანს პროექტი, რომლებიც ამასთანავე TREEBAL-ის სულის ჩამდგმელები არიან და ANCIENT OM – ქართველი არტისტის ლუკა იოსელიანის, იგივე KATANA-ს პროექტი.

ვენიუს ვიზუალურად გააფორმებს 2deko, დეკორატორთა გუნდი პოლონეთიდან, რომელიც თანამედროვე ფსიქოდელიურ სამყაროში საკმაოდ ცნობადი და მოთხოვნადია.

ხალხის გაფერადებაზე იზრუნებს ვიზიზი, რომელიც ივენთზე მოსულ ნებისმიერ მსურველს UV საღებავებით შეღებავს სრულიად უფასოდ.
ონლაინ ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ბმულზე: www.tkt.ge/treebal

განხილვა