დღესდღეობით ჩვენი ყოველდღიურობა უკვე წარმოუდგენელია პლასტიკური ბარათების გარეშე. Treecard კი, ლონდონში დაფუძნებული ფინტექ სტარტაპი, სადებეტო ბარათის რედიზაინს გვთავაზობს — ის ფუნდამენტურ ცვლილებას მოიცავს გადამუშავებული პლასტმასისა და ხის სინთეზის გამოყენებით.
როგორც სტარტაპის დამფუძნებლები აღნიშნავენ, მისი პროდუქტის გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი, სადაც კი MasterCard-ს იყენებენ. ხის ბარათები უპრობლემოდ უკავშირდება მომხმარებელთა არსებულ საბანკო ანგარიშს და ციფრულ საფულეებთანაც თავსებადია — ტრადიციულად, მათ შორისაა Apple Pay, Google Pay და Samsung Pay.
რა თქმა უნდა, საკრედიტო და სადებეტო ბარათების პლასტმასისგან დამზადებას თავისი მიზეზი აქვს. ისინი ჯიბეში, ჩანთაში და მობილურის ქეისებშიც კი ადვილად მოსათავსებელია. ასევე, მეტად დაცულია დაზიანებისგან — ამ მხრივ, ხის ბარათები ნაკლებად გამძლეა, მაგრამ Treecard აცხადებს, რომ ისინი უკვე დატესტილია ყოველდღიურ გამოყენებაზე, მათ შორის ბანკომატებში. უბრალოდ, ორგანული მასალისგან დამზადებული ელეგანტური ხის ბარათები უფრო დელიკატურ მოპყრობას საჭიროებს.
„ხე შესანიშნავი მასალაა გამოსაყენებლად, სანამ ის მდგრადი წყაროებიდან მოდის, ხოლო ბარათის ფუნდამენტური ნაწილი გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგანაა დამზადებული“, — აცხადებენ კომპანიაში. თვალსაჩინოებისთვის, ერთი ალუბლის ხე, რომელსაც ფირმა დიდი ბრიტანეთიდან იღებს, 300 000-ზე მეტ ხის სადებეტო ბარათად გარდაიქმნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობის ხე არ გაიჩეხება კონკრეტულად ამ მიზნით.
თანაც, სავაჭრო გადასახადების 80% ტყეების აღდგენის ფონდებში გადაირიცხება და Treecard გვპირდება, რომ არასოდეს დააფინანსებს გარემოსთვის მავნე პროექტებს. მისი ბარათის მფლობელები კი გარკვეულ შეღავათებს მიიღებენ — მაგალითად, ეროვნულ პარკებში უფასოდ შესვლა, სცენური ტურები და ა. შ.