in

TreeDesign: „2009 წელს, სამივე დამფუძნებელმა ერთდროულად დავტოვეთ სამსახური, საკუთარი სააგენტო რომ გაგვეხსნა!“

„გქონიათ შეგრძნება, როცა ზუსტად იცით, რომ ახლა ყველაზე სწორი დროა კონკრეტული მოქმედებისთვის, რაც არ უნდა საპირისპიროდ გამოიყურებოდეს გარემო? სწორედ ეს შეგრძნება გვახსოვს ძალიან მკაფიოდ და კიდევ ერთი დღე, როცა სამივემ დავტოვეთ სამსახური და საღამოს ოდნავმა შიშმა შეგვიპყრო… რომ არ გამოვიდეს? ერთმანეთს გავუზიარეთ ემოციები და ჩვენი კომუნიკაცია დასრულდა ფრაზით: „ნუ გეშინიათ, ხომ იცით ერთად მთებს გადავდგამთ..!“ – ეს SMS ახლაც შენახული გვაქვს და რთულ მომენტებში ძალას გვმატებს.“

ეს ამბავი 12 წლის წინ დაიწყო. სამი მეგობარი – თათა გაბისონია, თეონა კვაჭაძე და თიკა უსეინაშვილი მეგობრობამ და პროფესიამ გააერთიანა. სააგენტო TreeDesign-ის დაფუძნება აგვისტოს ომის პერიოდში გადაწყვიტეს. კარგად იცოდნენ, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. ისიც ესმოდათ, რომ არსებული ვითარების გამო, შეიძლებოდა მარცხი განეცადათ, თუმცა, მოსაწყენი რუტინიდან დასხლტომის მოტივაცია უფრო ძლიერი აღმოჩნდა. TreeDesign ცოცხალი ორგანიზმია, ჯადოსნური ხე, რომლისთვისაც სამყარო შთაგონების წყაროა. დამფუძნებლებთან საუბარი სწორედ TreeDesign-ის იდეასა და ხასიათზე საუბრით დავიწყეთ.

M: კონცეპტუალურად, რა არის TreeDesign?

კომპანიას აღვიქვამთ, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ჯადოსნურ ხეს, რომელიც იზრდება, უყალიბდება ხასიათი და უნარები. არის ემპათიით სავსე, გამბედავი, ძლიერი და შემოქმედებითი. სამყარო მისთვის შთაგონების წყაროა. ყოველთვის მზად არის საინტერესო იდეების განხორციელებისთვის და არასოდეს ეშინია გამოწვევების. ვფიქრობთ, რომ ამ ხნის მანძილზე მასში რამდენიმე სუპერძალა გაერთიანდა, რაც საშუალებას აძლევს, იყოს ემოციური, ღია, ასევე პრაგმატული და წინდახედული.

ხელოვანის ბუნებასთან ერთად, მასში არსებობს მათემატიკური სიზუსტისკენ მიდრეკილი და მიზანდასახული ენერგია. კეთილია, მაგრამ ასევე აქვს უნარი დისტანციაზე იგრძნოს ნებისმიერი სახის საფრთხე, გახდეს მკაცრი და წამებში აღმართოს დამცავი კედელი მისი ჯადოსნური სამყაროს დასაცავად. ნიჭიერი დიპლომატია და რთული სიტუაციიდან ყოველთვის პოულობს  გამოსავალს. 

უყვარს მუსიკა და განსაკუთრებით კი – ადამიანების შინაგანი სამყაროს ჰარმონიული ბგერები. სწორედ ამიტომ, ყველაზე ძალიან ახალი ადამიანების გაცნობა ხიბლავს, კომუნიკაცია და მათთან ერთად სამყაროს ახალი ფერების აღმოჩენა. პროფესიულ უნარებს რაც შეეხება TreeDesign არის გრაფიკოსი დიზაინერი, მხატვარი, მარკეტერი, ქოფირაითერი, ხელოვნებათმცოდნე. ასევე ძალიან უყვარს Handcaftი. ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი სუპერძალაა. მის გარშემო შეხვდებით ყველაზე არაჩვეულებრივ ხელით შექმნილ მასალებს. ის არ წყვეტს განვითარებას და მიზნად აქვს შემოიმატოს სხვა უნარებიც.

M: როგორი გზა განვლო სააგენტომ, 12 წლის მანძილზე?

არ ვიქნები სუბიექტური თუ ვიტყვი, რომ ჩვენ შევქმენით ადგილი, რომელიც დაუვიწყარი ხდება ნებისმიერი სტუმრისთვის. ალბათ მიზეზი ის უამრავი დადებითი ენერგიაა, რომელიც ამ წლების მანძილზე დავაგროვეთ. ამას დამატებული, საინტერესო და მყუდრო ინტერიერი, ბარი შუაგულ ოფისში და დიდი დინამიკები, საიდანაც ჩვენი განწყობის შესაბამისი მუსიკა ჟღერს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ჩვენი დამკვეთების უმრავლესობა დღეს ჩვენი მეგობარია. გარდა იმისა, რომ ვეხმარებით თავიანთი საქმიანობის სრულყოფაში, ჩვენგან მათ მიაქვთ გაცილებით მეტი – მოტივაცია, თანადგომა, მეგობრობა და საუკეთესო მოგონებები.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის პრეზენტაციაზე, ამ დრომდე, თითქმის არანირი რესურსი არ დაგვიხარჯავს, ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა იმიჯი სააგენტოსი, სადაც შეიძლება განხორციელდეს ყველაფერი, რაც ერთი შეხედვით, წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. დღეს, თუ მკითხავთ, ჩვენი ბრენდის არქეტიპი რა არის, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გიპასუხებთ რომ – ჯადოქარი (Magician).

M: დღეს, რომელი პროექტებით ამაყობთ ყველაზე მეტად?

იცით, როგორი შეგძნებაა? შვილების გამორჩევა რომ უჭირთ ხოლმე. ვამაყობთ ყველა პროექტით, რომლის შედეგიც ბედნიერი ადამიანები და დადებითი ემოციები იყო. ყველა პროდუქტით, რომელიც ახლა იმკვიდრებს თავს ბაზარზე. ერთნაირად გვეამაყება, როგორც პატარა სტარტაპი, ასევე საერთაშრისო ორგანიზაციების პროექტები, რომელში მონაწილეობაც უდიდესი პასუხისმგებლობაა.

UNICEF Georgia

მაგალითად, საკომუნიკაციო ვიზუალების და ილუსტრაციების შექმნა UNICEF Georgia-სთვის, რომელიც სკოლამდელი ბავშვების მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის შემუშავებას ისახავდა მიზნად. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბავშვთა ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროექტი, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. მაგრამ არც ერთი დღე აქედან არ ყოფილა მოსაწყენი. ვგრძნობდით,  რომ რაღაც მნიშვნელოვანში შეგვქონდა წვლილი. რათქმაუნდა, იყო სირთულეებიც. ყველა ილუსტრაცია განიხილებოდა დეტალების დონეზე, რათა კონკრეტულ კონტექსტში სწორად ემუშავა. გარდა შემოქმედებითი სიამოვნებისა ამ პროექტისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ.

State Procurement Agency

როცა ქვეყანამ მიიღო კანონი ელექტრონული ტენდერების შესახებ, ადამიანებს მარტივი გზით სიტუაციაში გარკვევა დასჭირდათ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი გზამკვლევის შექმნაზე. ჩვენმა განაცხადმა გაიმარჯვა. დავალება იყო მაქსიმალურად მარტივად გაგვეცოცხლებინა საკმაოდ რთული შინაარსის ტექსტები. შევქმენით პერსონაჟები, რომლეთა დახმარებით გზამკვლევი გახდა, მეგობრული  და ინტერაქციული.

SOS Children`s Villages Georgia

მნიშვნელოვანი იყო ასევე ასოციაცია SOS Children`s Villages Georgia-სთვის მუშაობა. რომლის მთავარი მესიჯია – ლაღი ბავშვობა ბედნიერი მომავლისთვის. ჩვენი დავალება იყო საკომუნიკაციო ვიზუალების შექმნა. რადგან პროგრამის სამიზნე ჯგუფები საკმაოდ პრობლემური ოჯახებისგან შედგებოდა, საჭირო გახდა ოქროს შუალედის პოვნა მინიმალისტურ და ამავედროს თბილ და ემოციურ კონცეფციას შორის.

Council of Europe Georgia

საინტერესო და ემოციური იყო ასევე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის (Council of Europe Georgia) პროექტი – „მე ვირჩევ თანასწორობას“ (I Choose Equality). პროექტის მთავარი მიზანი იყობრძოლა დისკრიმინაციის და სიძულვილის ფონზე ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ საქართველოში“. 

ჩვენი დავალება იყო ლოგოსა და ვიზუალური ბრენდინგის შემუშავება. დავაორგანიზეთ ფოკუს ჯგუფები, ვაწარმოეთ გამოკითხვები და შედეგიც შესაბამისი დავდეთ.

UNHCR 

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან (UNHCR) თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სენსიტიურ თემაზე მუშაობა საკმაოდ რთულია, მოტივაციას გვაძლევს განცდა იმისა, რომ ჩვენი ნამუშევრით ადამიანებს, მათი ცხოვრების საკმაოდ რთულ პერიოდში, მცირედით მაინც ვეხმარებით.

BGreen

ძალიან საინტერესო იყო ლოგოსა და ბრენდინგზე მუშაობა, ამერიკული კომპანია B-Green-თვის, რომელიც მოდის  სფეროში ქმნის ბიოდეგრადირებად ნაწარმს. მათი საქმიანობის მთავარი მესიჯია, რომ – ეკოლოგიურად მდგრადი მოდა უნდა იყოს ნორმა და არა გამონაკლისი.

REETHÜS

ასევე ჩვენი შექმნილია ლოგო სასტუმროსთვის, ჩრდილოეთ გერმანიაში, კუნძულ ზილტზე. ეს არის New Luxury ხასიათის ბრენდი, რომლის ვიზუალიზაციაზე მუშაობა იყო ძალიან სასიამოვნო გამოცდილება.

Handcaft

ჩვენი ჯადოსნური მხარეა Handcaftის სახელოსნო. გვაქვს ხელნაკეთი ღია ბარათების გამორჩეული ხაზი. ვიყენებთ სხვადასხვა ფერის ცვილს, რომელსაც გაცხელებისას ფორმებს ვანიჭებთ. თითოეული მათგანი მზადდება იუველირული სიზუსტით და სპეციალურად გამოწერილი გასაფორმებელი დეტალებით.

ვინმე, რომ ადევნებდეს თვალს ჩვენს გზავნილებს, შეიძლება ეგონოს რომ მართლა ჯადოქრების კლუბი ვართ. იასამნისფერი ბუმბული, ქაღალდის ფოთლები, ტოტები, მინიატურული სარეცხის სარჭი, თოკები, ცვილის ნაჭრები, ფერადი ქვები და ა. შ. ) ეს ყველაფერი საოცარ სითბოს სძენს პროდუქტს და ადამიანი, ვის ხელშიც ის ხვდება, აუცილებლად გრძნობს ამ ენერგიას. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ჩვენი სახელოსნო ემსგავსება ელფების სამფლობელოს. დიდი კომპანიები გვანდობენ გამორჩეული სტილის შერჩევას თავიანთი თანამშრომლების საჩუქრებისთვის.

ჩვენი შეფუთვის კონცეფცია და შესრულება ნებისმიერ საჩუქარს ხდის განსაკუთრებულს და ადრესატს ობიექტურად უტოვებს განცდას, რომ ეს კონკრეტული გზავნილი ინდივიდუალურად მისთვის მომზადდა. წარმოიდგინეთ, რამდენი თამაშრომელი შეიძლება ჰყავდეს Heidelberg Cemenet-ს? ბევრი. სწორედ ამ დროს გამოდის სცენაზე ჩვენი ერთ-ერთ გამორჩეული ჯადოქარი, Handcaftის სახელოსნოს მბრძანებელი, ხათო კვაჭაძე, მის არაჩეულებრივ გუნდთან ერთად და იწყება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უცნაური ნივთის ჰაერში ფრენა. ახალი წლის წინა დღეებში სრული საგიჟეთი სუფევს ხოლმე სახელოსნოში, ამ სიტყვის ყველაზე მყუდრო და გემრიელი გაგებით.

M: პანდემიის პერიოდი შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა. როგორ იყო თქვენი სააგენტოს შემთხვევაში?

2020 ჩვენი გეგმით, უნდა ყოფილიყო ზრდისა და განვითარების წელი. ამისთვის ყველაფერი გვქონდა. 2019 წლის ბოლოს ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მომავალი წელი იქნებოდა ყველაზე რთული ჩვენი არსებობის ისტორიაში. ზოგადად, ყველაზე დატვირთული პერიოდი გვაქვს გაზაფხულზე და წინა საახალწლოდ. პანდემიამ სწორედ ეს ორი სეზონი ამოირჩია და მთელი ძალით დაგვარტყა. ოფისის დაკეტვა მოგვიწია. „თრი დიზაინი“ მარტო დარჩა. ოფისში აღარ ისმოდა მუსიკა. სამუშაო დაფაზე, ბოლოს მიწერილი პროექტების გეგმები მიეყინა.

კომპანიები გადავიდნენ ე.წ. „დაზოგვის რეჟიმზე“. დომინოს პრინციპით დავეცით ყველა და დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე, თანამშრომლების უხელფასოდ დატოვება, ან დანაზოგის ბოლომდე დახარჯვა და უკეთესი ცვლილებების იმედი. მიხარია, რომ გადაწყვეტილებაზე დიდხანს არ გვიფიქრია და გარკვეული პერიოდი, ყოველგვარი პროექტის გარეშე, ვიხდიდით გადასახადებს და ჩვენი რესურსებით ბოლომდე გვეჭირა ჩვენი მცირერიცხვოვანი, მაგრამ ძალიან ერთგული გუნდი. 

როცა ვინმე მაინც არის ძლიერად ეს აჩენს იმედს იმისა, რომ შენც წამოდგები. სამწუხაროდ, გარშემო სრული უიმედობა სუფევდა. სხვა გზა არ იყო, ერთმანეთი უნდა გაგვემხნევებინა. ჩვენი ჯადოსნური მესიჯი არასოდეს ყოფილა ასეთი საჭირო როგორც ახლა და მთების გადადგმა ასეთი რთული. დღეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეს შევძელით! 

M: გვიამბეთ თქვენს ერთერთ ბოლოდროინდელ პროექტზე UK-შირა იყო თქვენი, როგორც სააგენტოს დავალება და როგორი გამოვიდა, საბოლოოდ, თქვენი ნამუშევარი?

თიკა არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს ნებდება. არ ეზარება მოსინჯოს ყველა გზა და ყოველთვის პოულობს საუკეთესოს. სპორტული ინტერესი იპყრობს ნებისმიერი გამოწვევის წინ და თვალები ენთება, როდესაც რაიმე დაბრკოლებაა გადასალახი.

პანდემიის პირველ, ძალიან რთულ ეტაპზე მან მოახერხა და მნიშვნელოვანი პროექტით კიდევ ერთხელ გაიყვანა ჩვენი კომპანია უცხოურ ბაზარზე. ერთ-ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე, რომლის მიზანია, დააკავშიროს მომხმარებელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომუშავე დიზაინერს. იმ დროისთვის ლონდონში იგეგმებოდა რესტორნების ქსელის გახსნა და გამოცხადდა კონკურსი ლოგოსა და ბრენდინგის შექმნაზე. კონკურში გავიმარჯვეთ და ასე დაიწყო ბოლო დროის ჩვენი საყვარელი პროექტი – Nakanojo.

რესტორნის მიმართულება იყო სუში და ზოგადად იაპონური სამზარეულო. უდიდესი სიამოვნებით ვქმნიდით სხვადასხვა ვიზუალებს ამ მიმართულებით. დამკვეთი იყო ბედნიერი ჩვენთან თანამშრომლობით. ყოველი ახალი მოთხოვნა ორმაგ მოტივაციას გვძენდა.

პროექტში ჩავრთეთ ჩვენი მეგობარი თამარ აბულაძე, რომელმაც ინეტრიერის დიზაინზე იმუშავა. ამ პერიოდში დამკვეთს კედელზე შესაბამისი ვიზუალის დახატვის იდეა გაუჩნდა, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით შევხვდით. ნახატის შინაარსის მოფიქრებაც ჩვენ დაგვევალა.

საბოლოოდ ნამუშევარი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. მთავარი გმირი არის გეიშა ლივიანი – გემოს ქალღმერთი. ჩვენს მოფიქრებულ ლეგენდაში ლივიანი არის სიცხარისა და სიტკბოს ღმერთების შვილი – იდეალური ბალანსი. ის არის შეფ-მზარეულების მფარველი, მოტივაციას და ძალას მატებს მათ და შთააგონებს ახალი გემოების შექმნისთვის. მას თან ახლავს ორი მეგობარი, სამზარეულოს ფერიები. მათი სუპერძალაა, მოიკრიბონ სიმყუდროვე და სითბო ყველგან, სადაც გაჩნდებიან.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროექტი?

პირველ რიგში, თვითრწმენის და მოტივაციის დაბრუნებას. ეს პროექტი ყოველთვის იქნება განსაკუთრებული, რადგან გამოჩნდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა და რათქმაუნდა, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ მხარეს.

ამ პროექტმა დაგვარწმუნა, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, საჭიროა მხოლოდ ფიქრი და შთაგონება.

M: 12-წლიანი გამოცდილების ფონზე, როგორ აფასებთ TreeDesign-ის სამომავლო პერსპექტივას?

როგორც კი პანდემია დასრულდება და ნომრალურ ცხოვრების წესს დავუბრუნდებით, 15 სექტემბერს TreeDesign-ს აუცილებლად გადავუხდით დაბადების დღეს. დავპატიჟებთ ყველა მის მეგობარს და მოვუწყობთ ნამდვილ დღესასწაულს. საჩუქრებით, ჯადოსნური მუსიკითა და სიურპრიზებით. აღარასოდეს დავტოვებთ იმდენი ხნით მარტო, როგორც ეს პანედმიის დროს მოხდა და მისი სივრცე ისევ სავსე იქნება ემოციებით. ასევე ვპირდებით, რომ გავიზრდებით და ბევრი საინტერესო ადამიანი შეემატება ჩვენს გუნდს.

ასევე, იგეგმება „Nakanojo-ს“ ახალი ფილიალების გახსნა. იმედი გვაქვს, რომ ამას შეემატება სხვა პროექტები, რომლებსაც აღდგენილი და ორმაგი ძალებით შევეჭიდებით.

გვაქვს ბევრი საინტერესო გეგმა, განსახორციელებლად გვჭრდება მხოლოდ თავისუფალი, ჯანსაღი გარემო და სიმშვიდე. იმედია, ეს ნაცრისფერი პანდემია მალე დასრულდება, ადამიანებში ისევ გაიჟღერებს მუსიკა, შთაგონების წვიმა წამოვა და ყველაზე თბილი ჩახუტებით მივულოცავთ ერთმანეთს წარმატებას!

 

 

[R]

Reencle — მოწყობილობა, რომელიც საკვების ნარჩენებს სასუქად გარდაქმნის

პალმ-ბიჩის კერძო კუნძული $210 მილიონად იყიდება!