21
Aug
2019

როგორ გადაარჩინა ამაზონის ტყე მცირერიცხოვანმა ტომმა ნავთობკომპანიის აშენებისგან

21 Aug 2019

უახლესი ცნობებით, ბრაზილიის ტერიტორიაზე არსებული ამაზონის ტყე საფრთხეშია. როგორც ცნობილია, ამაზონის ტყე ცეცხლისა და ზოგადად ცხელი კლიმატისადმი საკმაოდ გამძლეა – აქ არსებული ნოტიო ჰავა ხელს უწყობს ტყეს, მსგავსი საფრთხეები მალევე დათრგუნოს. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამაზონის ტყეში ხშირად ფიქსირდება გვალვები, ასევე, ადამიანის საქმიანობის შედეგად ხშირია ტყის ჩეხა – სწორედ ამ ყველაფერმა მიიყვანა ტყე იქამდე, რა მდგომარეობაშიც ახლაა.

რეალურად, ამაზონის ტყეს ძალიან ბევრი ფაქტორის გამო შეიძლება, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ვუწოდოთ. გარდა იმისა, რომ ეს ტყე სამხრეთ ამერიკის ცხრა ქვეყანაზეა გაშლილი და მასშტაბით დიდია, იგი ასევე არის ძალიან ბევრი ენდემური ცხოველისა თუ მცენარის სახლი. გარდა ამისა, ეს ტერიტორია გამოირჩევა უამრავი ბუნებრივი რესურსითაც – მაგალითად, აქ მილიონობით ტონა კაუჩუკს მოიპოვებენ.

სწორედ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, კარგი იქნება, გავიხსენოთ რამდენიმე თვის წინანდელი ამბავი, როცა ერთმა პატარა ეკვადორულმა ტომმა, სახელწოდებით ვაორანმა, ამაზონის ტყე ნავთობკომპანიის აშენებისგან იხსნა. ცოტა ხნის წინ ეკვადორში არსებულ ამაზონის ტყეს მთავრობამ გაყიდვა დაუპირა – მყიდველი კი ნავთობკომპანია იყო, რომელსაც ტყის საკმაოდ დიდი ნაწილი უნდა აეთვისებინა, რაც ტყის მნიშვნელოვან დაზიანებას გამოიწვევდა. საუკუნეების განმავლობაში აღნიშნული ტომის მრავალი თაობა ცხოვრობდა ამ ტყეში. და როდესაც ტყეს საფრთხე დაემუქრა, მათ ამ ამბავს გულგრილად ვერ შეხედეს.

ამაზონის ტყე წლებია, მრავალი კომპანიის სამიზნე ტერიტორიას წარმოადგენს იქიდან გამომდინარე, რომ აქ საკმაოდ ბევრი ნავთობია დაგროვილი. თუმცა, ნავთობის მოპოვება (ბურღვა) ტყეს მნიშვნელოვნად დააზიანებს. რეალურად, ეკვადორში არსებული ამაზონის მიწების აუქციონზე გატანა და გაყიდვა 2012 წელს შეწყდა ხელშეკრულებით, თუმცა, 2019 წლის მაისში რატომღაც ეს ხელშეკრულება დაირღვა და ტყე ანალოგიური საფრთხის წინაშე დადგა. ვაორანის ტომმა მრავალ ორგანიზაციასთან ბრძოლისა და სამ საფეხურიანი სასამართლო პანელის შემდეგ ეს ბრძოლა მოიგო და ტყე ხელუხლებელი დარჩა.

ტომმა მილიონ ნახევარი აკრი მიწა დაიცვა. სწორედ ამ მოგებას მოჰყვა ისიც, რომ სასამართლომ გააუქმა ამაზონის სხვა მიწების აუქციონზე გატანის ყველა შესაძლო შემთხვევა, რის შედეგადაც დღეს 7 მილიონ აკრზე მეტი მიწა საფრთხის ქვეშ აღარ არის.

“მთავრობამ სცადა ჩვენი ნებართვის გარეშე ჩვენი მიწები ნავთობკომპანიებისთვის მიეყიდა. ჩვენი ტყე კი ჩვენი ცხოვრებაა. სასამართლოებმა აღიარეს, რომ ვაორანის ხალხსა და ყველა სხვა ძირძველ ტომს აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორია. არ გვგონია, რომ მთავრობის ინტერესები ნავთობში იმაზე უფრო ღირებულია, ვიდრე ჩვენი უფლებები, ჩვენი ტყეები და ჩვენი ცხოვრება..” – განაცხადეს ვაორანის ტომის წარმომადგენლებმა.

სამწუხაროა, რომ ასეთი შემთხვევების შემდეგ ტყე მაინც საფრთხეში ვარდება. ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, რომ მას საფრთხე დაემუქროს – ადამიანია. კლიმატის ცვლილებიდან დაწყებული ტყის საფარის შემცირებით დამთავრებული პრობლემები დიდი საშიშროების წინაშე აყენებს გარემოს. ჩვენ კი, ალბათ, ისღა დაგვრჩენია, ისე მოვიქცეთ, როგორც თავის დროზე ეს ტომი მოიქცა – მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი გარემოს და პლანეტის შენარჩუნებაზე.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა