„თრაისი“ კომუნიკაციის მარტივი საშუალებაა, რომელიც ტექნოლოგიების დახმარებით, ენობრივი ბარიერისგან მომენტალურად გვათავისუფლებს. უფრო გარკვევით რომ ავხსნათ, „თრაისი“ აპლიკაციაა ჩატ, ვიდეო და აუდიოთარგმნის ფუნქციით, ანუ ყველასთან გასაგებ ენაზე საუბრის შესაძლებლობით.
„თრაისის იდეა უცხოეთში სწავლისას წარმოიშვა, როდესაც ჩვენ, უცხოელი სტუდენტების მხრიდან, ადვილად აღქმადი და გამოყენებადი მრავალენოვანი საკომუნიკაციო საშუალების მოთხოვნა დავინახეთ. გარდა ამისა, იდეის პროტოტიპის ჩამოყალიბების შემდეგ, ბაზრის სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ადამიანებისა და კომპანიების მხრიდან მოწონება და საბოლოო პროდუქტის ნახვის სურვილიც დავიმსახურეთ, რის შემდეგაც მუშაობას მთელი ენერგიით შევუდექით, – გვიხსნის ნინო კუდავა, „თრაისის“ თანადამფუძნებელი.
„თრაისთან“ დაკავშირებით, მარკეტერის შეკითხვებს ნინო კუდავა პასუხობს:
M: ნინო, საწყის ეტაპზე სჯობს, ჩვენს მკითხველს „თრაისის“ დამფუძნებლები გავაცნოთ… თქვენ შესახებ გვიამბეთ…
მე და ჩემმა მთავარმა თანადამფუძნებელმა, ივდით გაბესკირიამ უმაღლესი სასწავლებელი ამერიკაში, ნიუ-იორკის შტატში დავამთავრეთ. მე ეკონომიკისა და მათემატიკის, ხოლო ივდითმა – კომპიუტერული მეცნიერებებისა და ეკონომიკის განხრით. საქართველოში დაბრუნებისას მუშაობა საბანკო სექტორში მონაცემთა ბაზების ავტომატიზაციისა და ანალიტიკის კუთხით გავაგრძელე, ხოლო ივდითმა მუშაობა ნიუ-ორკში სამედიცინო ინდუსტრიის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით დაიწყო.
მას შემდეგ, რაც „თრაისის“ იდეამ გაგვაერთიანა, გადავწყვიტეთ, პროექტის განვითარებაზეც ერთად გვეზრუნა.
M: რა პრობლემას ჭრის თქვენი აპლიკაცია და როგორ?
ჩვენი მიზანია, ინდივიდებსა და კომპანიებს არსებული ენობრივი ბარიერების გადალახვაში, პროდუქტიულობისა და ოპერატიული ეფექტურობის გაზრდაში დავეხმაროთ. ამიტომაც, გთავაზობთ ღია, ადვილად აღქმად და ინფორმაციული კუთხით დაცულ ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაყრდნობილ მობილურ და ვებპლატფორმას, რომელიც ჩატ, ვიდეო და აუდიო თარგმნის ფუნქციას მოიცავს.
„თრაისის“ კონცეფცია და გეზი ადამიანების ციფრული კომუნიკაციის საზღვრების მოხსნა და ახალი, მრავალენოვანი საკომუნიკაციო სერვისების ადამიანებამდე მიტანაა, რათა მომხმარებელს ყოველდღიური ცხოვრება გავუმარტივოთ.
ამჟამად, „თრაისი“ მომხმარებელს სთავაზობს უფასო მრავალენოვანი ჩატის ფუნქციონალს, რომელიც ხელმისწვდომია Android და iOS მოწყობილებებზე, – ნინო კუდავა.
M: რა ტექნიკური შრომა ჩაიდო იმისთვის, რომ trice- მა საკუთარი ფუნქცია გამართულად შეასრულოს ?
„თრაისის“ შექმნაში გუნდი გარკვეული პერიოდია, მუშაობს და ყოველდღე დგამს ნაბიჯს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალის განვითარების კუთხით, როგორიც არის ღრუბლოვანი არქიტექტურის გაუმჯობესება, მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთან ურთიერთობაში დაგროვილი ინფორმაციის დამუშავება.
ჩვენ ვგეგმავთ ახალი ვიდეო- და აუდიოთარგმნის სერვისების განვითარებას, რაც გულისხმობს დღეს არსებულ ყველაზე დიდ საკომუნიკაციო სერვისებთან ინტეგრაციასა და დაგროვილი მონაცემებით ჩვენი მოდელის გაუმჯობესებას.
M: ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?
დღეს, სხვადასხვა ენაზე კომუნიკაცია ადამიანებს ყველაზე მეტად ტექნოლოგიურ და ფინანსების ინდუსტრიაში უწევთ. ჩვენ პროდუქტის დატესტვა საქართველოში დავიწყეთ და ეტაპობრივად, მოცული ქვეყნების არეალს ვაფართოებთ. ახლა თანამშრომლობას ვიწყებთ ამერიკის ერთ-ერთ ბიზნეს მოგზაურობის კორპორაციასთან, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ამ ინდუსტრიაში არსებულ ყველაზე დიდ კომპანიებს დავუკავშირდეთ.
M: რას უკავშირდება თქვენი მიმდინარე გამოწვევები ?
რადგან „თრაისის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მომხმარებლის კავშირი და ინტერაქცია მეტად კომფორტული და სიამოვნების მომტანი გახადოს, საწყის ეტაპზე გამოწვევას წარმოადგენს თარგმნის ალგორითმის გაუმჯობესება, რადგან ყველა ინდუსტრიაში არის სპეციფიკური ტერმინები და ვარიაცია მისი თარგმნის პროცესში. ამ გამოწვევის გადალახვაში დაგვეხმარება მომხმარებლისაგან მოწოდებული მონაცემების რაოდენობის გაზრდა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მორგებული მოდელის დატრენინგება.
M: რაც შეეხება გეგმებს, როგორ წარმოგიდგენიათ აპლიკაციის მომავალი?
სამომავლოდ, ვგეგმავთ, მედიცინის ინდუსტრიაშიც დავნერგოთ ჩვენი პლატფორმა, რადგან ვხედავთ სექტორში მაღალ მოთხოვნას და ამასთან ერთად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის ინფორმაციის სწორი ფორმით მიღება და გაზიარება.
გარდა ამისა, ვფიქრობთ, გვაქვს საქართველოს საზღვრებს გარეთ განვითარების პოტენციალი. ჩვენი პლატფორმის ინტეგრაცია ბაზარზე არსებულ ყველაზე დიდ სისტემებსა თუ საკომუნიკაციო სერვისებთან, ამ მიზნის სრულყოფაში დაგვეხმარება და საშუალებას მოგვცემს, გლობალურ ბაზარზე მოთამაშე კომპანიებთან აღებული გამოცდილებითა და მომხმარებლების მონაცემებით, ჩვენი მოდელი და სერვისი უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ.
ავტორი: თიკა გეგენავა














