პიარ საკონსულტაციო კომპანია „ტრიფექტა“ 2013 წელს დაარსდა, თუმცა 2 წლიანი ტაიმაუტის შემდეგ, გასულ წელს, განახლებული ენერგიებით გააგრძელა საქმიანობა. „2017 წელს, ჩვენს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვსაუბრობდით, თუ რამდენად შეზღუდული ხარ, როდესაც ერთ კომპანიაზე მუშაობ და უნდა გაითვალისწინო კომპანიის პოლიტიკა, სტრატეგია, ბიუჯეტი, დამფუძნებლების აზრი. სინამდვილეში კი, უამრავი საინტერესო საშუალება და იდეაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენს „ტრიფექტასთან“ ერთად მიგვეცა ჩვენი იდეებისა და დაგროვილი გამოცდილებისთვის თავისუფლება და მრავალფეროვანი გაგვეხადა ჩვენი პროფესიული ცხოვრება“, – გვითხრეს კომპანიის დამფუძნებლებმა: მაკო მეტრეველმა და ნათია ღლონტმა და ის დეტალებიც გაგვიზიარეს, რომელიც კომუნიკაციის სფეროში მათ გამოცდილებას, სამიზნე სეგმენტთან ურთიერთობასა და ამჟამინდელ გამოწვევებს შეეხება:
M: რა გახდა კომპანიის შექმნის ინსპირაციის წყარო და რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე მისი არსებობისთვის?
ნათია: კომპანიის შექმნა ძალიან სპონტანურად, გაუაზრებლად მოხდა, დაახლოებით, 5 წლის წინ, როცა მე და მაკო შეშლილები ვიყავით სპორტზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, აქტიურად დავდიოდით ბოქსზე. ამ დროს გადავიკვეთეთ კიკბოქსიორ გიგა ჭიკაძესთან, რომელსაც უნდოდა მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა თბილისში. მე და მაკომ რომ მოვისმინეთ პროექტი, ავენთეთ და ჩვენი დახმარება შევთავაზეთ. ასე შედგა ჩვენი პირველი პროექტი.
M: კომუნიკაციის სფეროში რა გამოცდილება გაქვთ?
მაკო: დაახლოებით, 8 წელია, კომუნიკაციის (პიარის) სფეროში ვსაქმიანობ. ვმუშაობდი პროექტების მენეჯერად სარეკლამო კომპანია windfor’s -ში, პიარ სპეციალისტად ბილაინში, შემდეგ მარკეტინგისა და პიარის დირექტორად კომპანია KFC -ში და მარკეტინგის დირექტორად საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივში“.
ნათია: 11 წლიანი გამოცდილება მაქვს კომუნიკაციებისა და მარკეტინგის სფეროში. ამ პერიოდის განმავლობაში ვიმუშავე სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასა თუ ორგანიზაციასთან.
M: რატომ Trifecta, სახელს რა კონცეფცია აქვს?
მაკო: ტრიფექტა ნიშნავს ფსონების დადებას გამარჯვებისთვის, ის ბოლო სამი, ვინც ფინალშია და გამარჯვებისთვის იბრძვის. ჩვენც სულ გამარჯვებისა და ჩვენი მიზნების მიღწევისთვის ვიბრძვით.
M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი და რას სთავაზობთ მათ?
მაკო: 3 წლის მანძილზე ბილაინში მოგვიწია უამრავ სპორტულ ღონისძიებაზე მუშაობა, ვგეგმავდით შეჯიბრებებს და კომუნიკაციას ვახორციელებდით მედიაარხების მეშვეობით. პარალელურად, ვაწარმოებდით სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიასაც სპორტის მიმართულებით. ამ ყველაფერმა ერთად განსაზღვრა ის, რომ თავიდან ავირჩიეთ სპორტი, როგორც ჩვენი მიმართულება. თუმცა, დღეს სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. ვთავაზობთ პიარ კონსულტაციას, საკომუნიკაციო გეგმის, კამპანიის დაგეგმვა-შესრულებას. ასევე, სხვადასხვა მომსახურებას.
ნათია:
ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ვისაც სჭირდება დასახული მიზნის მისაღწევად საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება – ეს შეიძლება, იყოს მედიაკამპანიის დაგეგმვა და განხორცილება, სოციალური მედია, რეპუტაციული მენეჯმენტი, კრიზისული კომუნიკაცია, ღონისძიებების ორგანიზება, კრეატიული კონტენტის შექმნა, ინფლუენს კამპანიების დაგეგმვა და სხვა ახალი არხების გამოყენება, რომლის მუდმივ ძიებაშიც ვართ. ჩვენ ვყოფილვართ დამკვეთებიც და შემსრულებელებიც, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, წლები იჯდე ერთ ოფისში და სადღესასწაულო კალენდარივით გეგმავდე მომდევნო წელს, ამიტომ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ვიცით ის ოქროს შუალედი, რომელიც სჭირდებათ ჩვენს პარტნიორებს, რომ თავი მშვიდად იგრძნონ.
M: როგორია თქვენი ამჟამინდელი გამოწვევები?
მაკო: დღეს, ვმუშაობთ 6 სხვადასხვა სპეციფიკის ბრენდთან, რადიკალურად განსხვავებული საკომუნიკაციო სტრატეგიებით და ეს არის, ალბათ, ის ბედნიერება, რასაც 10 წლის გამოცდილების, აქტიური მუშაობის თავზე დამდგარ პროფესიულ კრიზისს სჭირდება: ახალი გამოწვევა, სრული თავისუფლება, ექსპერიმენტების კეთების შესაძლებლობა.













