ქართული ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე სიახლეა – დღეიდან, ლიმიტირებული რაოდენობით, „სარაჯიშვილის სახლის“ უნიკალური ხაზის პროდუქტი TRILOGY („ტრილოგია“) გაიყიდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მას საფუძვლად წარსულისა და აწმყოს გაერთიანების იდეა უდევს – ღვინის ბრენდი სამი (XIX, XX და XXI) საუკუნის, ყურძნის სამი ჯიშისა და საქართველოს სამი სხვადასხვა რეგიონის ჰარმონიული სინთეზით იქმნება. „ისტორია 1884 წლიდან იწყება, როდესაც დავით სარაჯიშვილმა საქართველოში საფუძველი ჩაუყარა, კლასიკური ტექნოლოგიით, ღვინის ბრენდის წარმოებას. ტრადიციებისადმი ერთგულებამ, სიახლეებისკენ სწრაფვამ და მუდმივმა შემოქმედებითმა ძიებამ „სარაჯიშვილის სახლს“ საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა მაღალი ხარისხი და დაემკვიდრებინა გამორჩეული ბრენდის სახელი. ისტორია გრძელდება. „სარაჯიშვილის სახლში“ შემონახული უძველესი სპირტების მრავალფეროვანი მარაგით კვლავაც იქმნება ალკოჰოლური სასმელის გამორჩეული ნიმუშები. ამ უწყვეტი პროცესის უახლესი მიღწევაა TRILOGY – „ტრილოგია“, რომლის სახელწოდება თავად გამოხატავს და, ერთგვარად, გადმოსცემს პროდუქტის მთავარ იდეას“.
„ტრილოგია“ სულ 1000 ცალი გამოვიდა. მისი შეძენა „სარაჯიშვილის“ ბრენდ მაღაზიაში (სარაჯიშვილის #4) იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ყველა ბოთლი გრავირებულია და მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი. ასევე, მოჰყვება პასპორტი სამ ენაზე.
„TRILOGY იმ სიმდიდრის მატარებელია, რომელსაც სასმელს მხოლოდ დრო, საუკუნოვანი სიძველე სძენს. წლების განმავლობაში მუხის მერქნისგან მიღებული მუქი ოქროსფერი, მრავალწლიანი დაძველების შედეგად წარმოქმნილი სიგლუვე და სირბილე განასხვავებს და გამოარჩევს პროდუქტს სხვა სასმელებისგან. სამი საუკუნის უძველესი სპირტების შერევით მიღებული სითხე 65 წლისაა. გარდა სიძველისა, TRILOGY-ის საიდუმლო საქართველოს განსაკუთრებული კლიმატური პირობების მქონე სამი სხვადასხვა მიკროზონიდან შერჩეულ ყურძნის ჯიშებშია: ციცქა იმერეთიდან, ჩინური ქართლიდან და რქაწითელი კახეთიდან. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზონების გაერთიანება ერთ სითხეში განსაკუთრებით ეგზოტიკურს ხდის მას, სძენს შეუდარებელ არომატებს და კიდევ უფრო ამძაფრებს იდეის უნიკალურობას“.
TRILOGY-ის შეფუთვა და ბრენდის კონცეფცია, „სარაჯიშვილის“ ბრენდ დირექტორს, არჩილ გოგელიას ეკუთვნის.
[R]