Tripadvisor-ში სურთ, ნათელი მწვანე ფერითა და ბრენდის განახლებით მეტი მოგზაური შთააგონონ, რომ მათ დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე მოგზაურობების დასაჯავშნად მიმართონ… ონლაინ ტურისტულმა კომპანიამ მაისში შემოსავლების წლიური 1%-იანი ზრდა აჩვენა, ახლა კი, შემოქმედებით სააგენტო Koto Studio-სთან ერთად, ძველი ფარმაცევტული ფირუზისფერი უფრო ლაიმისფერზე გაცვალა.
კომპანიის ლოგო Ollie უცვლელი დარჩა, თუმცა ახლა ანიმაცია დაამატეს და იგი თვალებს ამოძრავებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს Tripadvisor-მა ბრენდი 2020 წელს განაახლა და თუ დროზე ვსაუბრობთ, ამაზე უარესს ვერასდროს აარჩევდა — „განახლებული ბრენდის აქტივები პირველად აეროპორტებში 2020 წლის აპრილში გვქონდა, როცა მხოლოდ 18 ადამიანი თუ დადიოდა იქ…“. და, როგორც ამბობენ, პანდემიამ სრულად შეცვალა ადამიანთა დამოკიდებულება მოგზაურობის მიმართ.
ამასობაში, Tripadvisor-ზე ჯავშნების მატება სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებებს უკავშირდებოდა, მომხმარებლებით, რომლებიც ხშირად თავიანთ გიდებზე საუბრობდნენ. ეს ბრენდისთვის იმას ნიშნავდა, რომ დღეს მოგზაურები ადამიანურ კავშირებსა და ადგილობრივ გამოცდილებებს ეძებენ. Tripadvisor-ში კი სწორედ ამ იდეის დაჭერა გადაწყვიტეს და მომხმარებლების მიერ გენერირებული კონტენტი ბრენდის მთავარ აქტივად აქციეს.
შედეგად, მაიმუნთან გადაღებულ სელფის, კაიაკიდან ჩამოვარდნის კადრს და შემოქმედებითი სთორითელინგის შედეგებს ვხედავთ, რომლებსაც პირდაპირ მოგზაურები გვიყვებიან. უნდა ვაღიაროთ, რომ სტრატეგიული სვლაა იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მომხმარებელთა უმრავლესობა მოგზაურობის დაგეგმვისას უდიდეს ყურადღებას აქცევს შეფასებებს. Tripadvisor-ის 2019 წლის კვლევაშიც, გამოკითხულთა 72% ამბობდა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე იმის შესახებ, თუ სად დარჩნენ, ჭამონ და რა ადგილებს ესტუმრონ, ყოველთვის შეფასებებს კითხულობენ. მოკლედ, ეს კვლევა გვეუბნებოდა, რომ „ადამიანები ადამიანებს ენდობიან“, შესაბამისად, ვინ მოჰყვება ამბავს ადგილზე მყოფ ადამიანზე უკეთ?!
„ჩვენ ვნახულობდით სურათებს, რომლებსაც ადამიანები ტვირთავდნენ პლატფორმაზე და ყოველი მათგანი იმაზე მაგარი იყო, ვიდრე ნებისმიერი რამ, რისი მოფიქრებაც შეგვეძლო“, — განმარტავს მატ დეკეი, Tripadvisor-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
როგორც Koto-ში აცხადებენ, სწორედ ეს მომხმარებლების მიერ გენერირებული კონტენტი იქცა ბრენდის განახლების, მათ შორის ფერების, ინსპირაციად. უფრო ზუსტად, სააგენტომ შიდა ხელსაწყოები გამოიყენა ფოტოების ასატვირთად და შემდგომ მათგან სამი მნიშვნელოვანი ფერი აიღო, გაამარტივა და მოქნილ პალიტრად აქცია, რომლის გამოყენებაც მრავალი სამოგზაურო ლოკაციისა და სეზონის შემთხვევაში შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის დიდი ძალისხმევის მცირე ნაწილია, რადგან Tripadvisor-მა უკვე აპლიკაციაც განაახლა, AI-ის გამოყენებაც დაიწყო და 2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობის პროგრამას იწყებს…