in

როგორ გავაქირავო საკუთარი ავტომობილი? – ქართული ციფრული პლატფორმა Tripcars

Startauperi
Startauperi

მიუხედავად იმისა, რამდენად ხშირად მოძრაობთ საკუთარი ავტომობილით, მაინც რჩება დრო, როდესაც ის უქმად დგას ავტოსადგომზე. რა იქნებოდა, ამ თავისუფალი დროის განმავლობაში, მისი გაქირავება რომ შეგეძლოთ? როგორ ვაქციოთ მანქანა დამატებითი შემოსავლის წყაროდ მაშინ, როდესაც ავტომობილით არ ვსარგებლობთ? ცოტა ხნის წინ, მომსახურების ქართულ ბაზარზე გამოჩნდა სტარტაპი Tripcars.com, რომელიც ავტომობილის გაქირავებისა და დაქირავების მსურველებს ერთმანეთთან აკავშირებს. ციფრული პლატფორმა ონლაინ რეჟიმში კომუნიკაციის საშუალებას იძლევა და გამქირავებელს აწვდის ინფორმაციას, თუ ვინ და რა ვადით იქირავებს მის ავტომობილს. განცხადების განთავსება უფასოა და სერვისის საკომისიო მანქანის გაქირავების შემდეგაა გადასახდელი. ხოლო, გაზიარებული ავტომობილი ავტომატურად დაზღვეულია, რაც სერვისით სარგებლობას უფრო მიმზიდველს ხდის. სტარტაპმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მოწონება დაიმსახურა და 100,000 ლარიანი გრანტიც მიიღო. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

“ერთხელ, მეგობარმა, რომელსაც აქვს ავტომობილების გაქირავების კომპანია, შემოგვთავაზა, დროებით გადაგვეცა ჩვენი ავტომობილები, გაქირავების მიზნით. სანაცვლოდ, შემოსავლიდან პროცენტს გადაგვიხდიდა. შემოთავაზება ნამდვილად მიმზიდველი იყო, თუმცა ჰქონდა უარყოფითი მხარეებიც: 1. ავტომობილით სარგებლობა გვეზღუდებოდა მაშინაც, როდესაც იგი არ იყო გაქირავებული, 2. არ გვქონდა ინფორმაცია, რა ვადით და ვისზე იყო ავტომობილი მიქირავებული. ამის შემდეგ, უფრო მეტად ჩავეძიეთ და გამოვიკვლიეთ ბაზარი, სადაც დავინახეთ სივრცე Tripcars-ისთვის,” – სტარტაპის დამფუძნებლებმა, ირაკლი ცაგარეიშვილმა, გიორგი ვახტანგიშვილმა და სანდრო შამანიდმა ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს. მეგობრებმა საქმეშიც გამოსცადეს საერთო ძალები. განსხვავებული მიმართულებები და სამუშაო გამოცდილება ერთმანეთს შეუთავსეს და ძალისხმევა Tripcars-ის სტარტაპის შექნისკენ მიმართეს…

M: რა პრობლემა დაინახეთ ბაზარზე, რის გამოც Tripcars-ის შექმნა გადაწყვიტეთ?

ავტომობილის ფლობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ერთ-ერთი ყველაზე ცვეთადი აქტივია. საშუალოდ, 90%-ზე მეტ შემთხვევაში, ავტომობილი გაჩერებულია. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ავტომობილის ფასი საგრძნობლად იკლებს და ამავდროულად, მას ესაჭიროება სერვისი. ამიტომ ჩვენ ძალიან გვჯერა ავტომობილის ჰიბრიდული მფლობელობის სისტემის, რაც გულისხმობს, რომ გარკვეულ ადამიანებს ხშირად სჭირდებათ ავტომობილი და ამიტომ მათ აქვთ მფლობელობაში. თუმცა, იმ დროს, როცა არ მართავენ, უნდა შეეძლოთ ავტომობილის გაზიარება და ამაში შემოსავლის მიღება, რაც აქტივის ცვეთისა და სერვისის ხარჯს დააკომპენსირებს. მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არ მოძრაობენ მანქანით, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, მარტივად იპოვონ და დაიქირავინ. ეს არის პლატფორმული ეკოსისტემა, რომელიც ორივე მხარეს მოგებიან პოზიციაში აყენებს. Tripcars.com ზუსტად ამ ჰიბრიდული სისტემის იდეის საფუძველზე შეიქმნა.

M: ვის და როგორ შეუძლია ამ პლატფორმით სარგებლობა?

Tripcars.com-ზე ავტომობილის გაქირავების განაცხადის დადება და დამატებითი შემოსავლების მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ. ჩვენი პლატფორმა საკომისიოს იღებს მხოლოდ ავტომობილის გაქირავების შემთხვევაში. პლატფორმა მათ სთავაზობს ჯავშნების მართვის სისტემას, რომელიც საკუთარ ცხოვრების რიტმზე მორგების საშუალებას აძლევს. Tripcars-ზე გაქირავებული ავტომობილი აუცილებლად დაზღვეულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისგან როგორც მქირავებელი ასევე მფლობელი იყოს დაზღვეული. ვთანამშრომლობთ ჰუალინგ დაზღვევასთან, რომლის დახმარებითაც ავტომობილი დაზღვეულია მგზავრობის პერიოდში, დაზღვევის გადასახადს დამქირავებელი იხდის. შესაბამისად, თუ ავტომობილის მფლობელს ავტომობილი დაზღვეული არ ჰყავს, მაინც შეუძლიათ განაცხადი განათავსონ და ისარგებლონ ჩვენი პარტნიორის დაზღვევის პაკეტით, უფასოდ.

მეორე მხრივ, მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს ასევე უცხოელებს, ვთავაზობთ ავტომობილების ფართო არჩევანს, რომ მათი მოგზაურობის შესაბამისად, მასზე მორგებული ავტომობილი იპოვონ მარტივად, პირდაპირ ონლაინ მოახდინონ ანგარიშსწორება და თავგადასავლების საძიებლად გაეშურონ ისე, რომ არ დასჭირდეთ ავტო გაქირავების კომპანიების ძებნა, რიგში დგომა და არასასურველი დოკუმენტების შევსება.

M: რა გამოწვევების წინაშეა სტარტაპი?

დღეს, Tripcars უკვე ფუნქციონირებს და ჩვენი ორივე ტიპის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია. წელს, გავიმარჯვეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპების დაფინანსების პროგრამაში, რისი დახმარებითაც შევძელით, პლატფორმა ტურისტული სეზონის დაწყებამდე გაგვემართა და პირველი მომხმარებლებიც მიგვეღო. ჩვენი წლევანდელი გამოწვევაა, რომ პლატფორმა დაიქოქოს, მომხმარებლებისგან მივიღოთ უკუკავშირი და მათთვის სერვისი კიდევ უფრო მოხერხებული გავხადოთ. 

სამომავლოდ, ვფიქრობთ,  გავცდეთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და პლატფორმის ბენეფიტების მიღება შეეძლოთ, პირველ რიგში, ჩვენი რეგიონის და შემდეგ უკვე, სხვა ქვეყნებსაც.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

“თანხას სრულად დაგიბრუნებთ!” – Glovo სანაძლეოს დებს

ქართული სააგენტოები “KIAF 2019”-ის ფინალში!