in

“გვჭირდებოდა სივრცე, სადაც მოგზაურობას დეტალურად და მარტივად დავგეგმავდით” – ამბავი Tripify.co-ზე

Startauperi
Startauperi

მოგზაურობის დაგეგმვისას, რამდენჯერ ყოფილხართ დილემის წინაშე, თავად დაგეგმოთ არასტანდარტული ტური თუ ტურისტულ კომპანის მიმართოთ?

ამ სტარტაპის ამბავი, როგორც თავად ამბობენ, ამერიკული ფილმივით დაიწყო უნივერსიტეტში, სრულიად შემთხვევით. ნიკოლოზ წაქაძე და ლუკა ჯაჯანიძე ერთ კურსზე სწავლობდნენ, თუმცა, ერთმანეთს არ იცნობდნენ. გაცნობა საინტერესო ბიზნესის შესახებ ყურმოკრულმა საუბარმა გამოიწვია – საუბრის თემა საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებას ეხებოდა. იმ დღეს, ერთმანეთის სახით, პარტნიორები შეიძინეს და ნიშური სივრცეების ძიებაში, სანამ Tripify-ის იდეამდე მივიდოდნენ, ჯერ აგროტურიზმში სცადეს ბედი, შემდეგ – პირველ საერთო სტარტაპ LockSpot-ს ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც კონკრეტული სერვისების გლობალურ გაერთიანებაზე იყო ორიენტირებული. ამასობაში, გუნდს სხვა წევრები, სანდრო ჩალაგაშვილი და დავით ჩიხლაძე შემოუერთდნენ და მოგზაურობის დამოუკიდებლად დაგეგმვის პლატფორმასაც თანდათან ჩაეყარა საფუძველი. მოგვყევით, დღეს, Tripify.co-ზე გიამბობთ.

M: რა პრობლემის გადაჭრა გსურდათ მომხმარებლისთვის და როგორ მიეცა საბოლოო ფორმა იდეას, რომელსაც შემდეგ, tripify დააქვით? 

Tripify-ის სახელი Trip-მოგზაურობის გარშემო ფორმირდა, რომლის იდეაც მოგზაურობის დაგეგმარების გაციფრულება და გამარტივება იყო. გუნდის უმრავლესობა ცხოვრების გარკვეულ ეტაპს მოგზაურობაში ვატარებთ. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ბერლინში, რომელიც ჩვენთვის ჯერ უცნობი იყო, მოგვიწია ექსელის ფაილში ტურის დაგეგმარება. იგი იმდენად არაორგანიზებული აღმოჩნდა, რომ ტურის პირველივე დღეს ავტობუსზე დაგვაგვიანდა. ამ მომენტში, ვინაიდან ყველაფერს ბიზნეს თვალით ვუყურებდით, ჩვენში იდეამ გაიელვა. გვჭირდებოდა ისეთი სივრცე, სადაც სამოგზაურო გეგმას, დეტალურად და მარტივად დავალაგებდით. ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ მსგავსი პროდუქტების ძიება, თუმცა ისეთს, როგორიც ჩვენ გვინდოდა, ვერ მივაკვლიეთ. ამან მოგვცა ნიშანი, რომ იდეის ხორცშესხმა დაგვეწყო. ჩვენ უწინდელ საქმიანობებშიც მსგავსი პრინციპით ვმოქმედებდით, რაც გულისხმობდა ბაზარზე საჭირო პროდუქტების შექმნას.

ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, გამოვიკვლიეთ, მარტო ჩვენ ხომ არ გვაწუხებდა ეს საკითხი. აღმოჩნდა, რომ ჩვენ გარშემო მრავლად იყვნენ მოგზაურები, რომლებიც უჩიოდნენ შესაბამისი სივრცის არარსებობას. ჩვენი იდეით გვინდოდა მოგზაურობის დაგეგმარების პლატფორმის შექმნა, რომელიც მოგზაურს დროს, ენერგიას, ფულს დაუზოგავდა, ამავდორულად მისცემდა სასიამოვნო გარემოს იმისათვის რომ საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით სასურველი ტური აეგო. სტატისტიკებმა გვაჩვენა, რომ ბაზარზე ბევრი ტურისტული სერვისის ცალკეული არსებობა, იწვევდა არეულობას ტურის დაგეგმარების დროს.

M: პირველი სიძნელეები…

პირველი ნაბიჯების გადადგმა არცთუისე მარტივი იყო, რადგან მოგვიწია საკმაოდ რთული ალგორითმების შედგენა და კონცეპტუალურად განხვავებული პროდუქტის შექმნა. დიდი კომპანიები, რომლებიც ჩვენი პირდაპირი თუ ირიბი კონკურენტები იყვნენ, დღითიდღე ძლიერდებოდნენ. რადგან ტურიზმის აღმავლობის პერიდი იყო, ჩვენი ფრუსტრაცია იწევდა, ვინაიდან, ვფიქრობდით, რომ დროში ვიწვებოდით. როდესაც ახლა ვიხედებით უკან, საკუთარ თავს ძალიან წყნარად ვეუბნებით, რომ დრო საკმარისია, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედო. შარშან ზაფხულში მოვხვდით Seaside Startup Summit-ზე, სადაც 400 სტარტაპს შორის აგვარჩიეს. იქ გაცნობილმა საერთაშორისო ინვესტორებმა და მრჩევლებმა დაგვანახეს ჩვენი სისუსტეები და მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გადავლახოთ მცირე ზომის სტარტაპის დიდი გამოწვევები. ჩვენ ყოველთვის იდეალური რეცეპტის ძებნაში ვიმყოფებით. ამ ყველაფერმა გამოიწვია პირვანდელი პროდუქტის, აწ უკვე მეორედ, სრული სახეცვლილება.

M: რით განსხვავდება ჩვეულებრივი ტურისტის მიერ დაგეგმილი ტური ტუროპერატორის სერვისისგან? ვგულისხმობ იმას, რომ დამოუკიდებლად დაგეგმილი მოგზაურობა, როგორც წესი, ტურისტული კომპანიის სერვისზე ბევრად ძვირი ჯდება. აქედან გამომდინარე, რა უპირატესობა აქვს Tripify-ის? 

ტურისტი უცხო ქვეყანაში წასვლისას, თუ ის სპონტანურად არ მოგზაურობს, საკუთარი ნერვებისა და დროის ხარჯზე ახერხებს ტურის დაგეგმარებას, სხვა შემთხვევაში კი რჩება არჩევანი მიმართოს ტურისტულ სააგენტოს, სადაც მას ზედმეტი თანხის გადახდა და მასზე ნაკლებ ოერინტრირებული სერვისის მიღება მოუწევს. ჩვენი შეთავაზება ორივე შემთხვევაში ხსნის იმ დამატებით დანაკარგებს, რასაც ტურისტი დაგეგმარებისას აწყდება. უფასო და მოსახერხებელი პლატფორმა, ბავშვსაც კი აძლევს საშუალებას ნებისმიერ ქვეყანაში სამოგზაურო ტური მარტივად ააწყოს. გვჯერა, რომ თქვენი მოგზაურობა იწყება მაშინ, როდესაც თქვენ იწყებთ ოცნებას მასზე, და ეს ოცნება დაგეგმარებისას მიღებულმა სტრესმა არ უნდა დაანგრიოს. ჩვენი მიზანია, მოგზაურობის დაგეგმარება გახდეს ნაკლებ სტრესული და სასიამოვნო.

M: სამიზნე სეგმენტი როგორ გამოიკვეთა და რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ მათთან მიმართებაში?

ყველა საქმიანობაში ვცდილობთ, რომ შედეგმა გლობალური ეფექტი გამოიწვიოს, ამ შემთხვევაშიც, შექმნილი პროდუქტი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თითქმის ყველა ქვეყანაში სამოგზაურო ტურის მიღების საშუალებას იძლევა. თუმცა, იმისათვის, რომ თავიდან აგვერიდებინა სტარტაპის ყველასათვის ორიენტირებასთან დაკავშირების მარცხი, გადავწყვიტეთ სამიზნე სეგმენტი კარგად გამოგვეკვეთა. გამოკითხვებმა, ვალიდაციამ ქართველ თუ უცხოელ მოგზაურებთან , გამოკვეთა სეგმენტი , რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა/ახალბედა მოგზაურებზე. დღეს ბევრი ციფრული საკომუნიკაციო საშუალება იძლევა შესაძლებლობას მსგავსი კვლევის ჩასატარებლად.

M: თქვენი პროექტის ფორმირება პანდემიამდე დაიწყეთ, როდესაც ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. რა გათვლები გქონდათ, რა უნდა ყოფილიყო კონკურენტული უპირატესობა? 

პანდემიამდე ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი გახლდათ, წლიდან წლამდე ტურისტების რიცხვი ასეული მილონი ადამიანით იმატებდა. ტურიზმის სექტორის დიდი ნაწილი კი ტურისტულ გიგანტებს ეკავათ. პატარა სტარტაპებისთვის ეს გამოწვევა დიდი კორპორაციების მოუქნელ სერვისებში შესაბამისი ნიშის პოვნით აღმოიფხვრა. ტორტის ნამცეცები იმდენად ძვირფასი აღმოჩნდა ,რომ ამ საქმით ამ ნიშაში დაკავება ჩვენთვის მომგებიანი გამოდგა. ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას მარტივი და უფასო ხელმისაწვდომობა, ტურიზმის სფეროში ამ სახის გაერთიანებით წარმოჩინება და ახალი ნიშის შექმნა წარმოადგენდა.

M: რა მოხდა პანდემიის შემდეგ, როდესაც ტურისტული ინდუსტრია ძალიან დაზარალდა – საერთო ჯამში, რა გასწავლათ პანდემიის პერიოდმა?

ორი აზრი არ არსებობს, რომ პანდემიამ დიადი ტურისტული კომპანიებიც კი დააჩოქა. ჩვენი კომპანია თავისი განვითრების სტადიიდან გამომდინარე გადარჩა, და ტრეკზე დიდ ტურისტულ კომპანიებთან ერთად გაჩერდა. ამ ყველაფერმა სამიზნე საპარტნიორო კომპანიებს  დაანახა, რომ ჩვენი სტარტაპი ღირებული პარტნიორია მათთვის და ჩვენდა მოულოდნელად, თუ აქამდე ისინი აჭიანურებდნენ პარტნიორობის საქმეს, ერთ კვირაში, მათი ყველაზე ახლო მოკავშირეები გავხდით. ტურიზმის დაბრუნების სტადიაზე ერთად ვიწყებთ ახალი ათვლის წერტილიდან ახალი მწვერვალების დაბყრობას. ჩვენი გუნდი პანდემიის დაწყების წუთიდანვე შეეგუა ტურიზმის კოლაფსს, თუმცა თავიდანვე ვიმეორებდით, რომ ადამიანს მოგზაურობა ჰაერივით სჭირდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.

M: რა გამოწვევების წინაშეა Tripify ახლა?

მთავარი გამოწვევა დღევანდელ დღემდე, უცხო, კომპეტენტური თვალის არქონა იყო, ვინაიდან საქართველოში ციფრული ტურიზმი განვითარებული არ არის. ჩვენთვის დაუჯერებელია, მაგრამ სწორედ პანდემიის პერიოდში შევიძინეთ ამერიკელი კორპორატიული მრჩეველი, რომელსაც ზუსტად ის გამოცდილება აქვს, რომლის მიღებაც აქამდე ასე ძალიან გვჭირდებოდა. ერთადერთი, რაც დაგვრჩა, ეს არის ფინანასები, პროექტის გარკვეულ ეტაპამდე დახვეწისათვის. მის მოპოვებასაც, ყოველდღიურად, ლოკალურ და მსოფლიო ასპარეზზე ვცდილობთ. მომხმარებლებისთვის ჩვენი პროდუქტი მიახლოებითი გათვლებით 2021-ის გაზაფხულზე ჩაეშვება, ტურიზმის გლობალურ აღდგენასთან ერთად.

M: როგორია სამომავლო ხედვა?

ჩვენს გუნდს ყოველთვის მკვეთრად აქვს წარმოდგენილი კომპანიის განვითრების სტრატეგია სხვა რელსებზე გადაწყობის გათვალისწინებით. იმაში არაფერი დასამალი არ არის, რომ კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, ჩვენ რომელიმე კორპორაციის ნაწილი გავხდეთ. იქამდე კი, კომპანიის ზრდას და დამოუკიდებელი საქმიანობის განვითარების გეგმას მივუყვებით.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Sexy Bicycle-მა ახალი ალბომი გამოუშვა

„მავანს გაეცინება, მაგრამ ასე დაიწყო eBay-იმაც“ – ქართული ელ. კომერციის პლატფორმა auczon.com